ანა გრიგოლია: ,,მეშინოდა, ისეთი ადამიანი არ შემყვარებოდა, ვინც არჩევანის წინაშე დამაყენებდა”

ანა გრიგოლია: ,,მეშინოდა, ისეთი ადამიანი არ შემყვარებოდა, ვინც არჩევანის წინაშე დამაყენებდა",,სარკე”, ია ქუთათელაძე

მარჯანიშვილის თეატრის ახალგაზრდა მსახიობი, ანა გრიგოლია, 10 წლის ასაკიდან გოგა პიპინაშვილის თეატრალურ სტუდია “არტ ჰოლში” დადიოდა. სტუდიის დამთავრების შემდეგ თეატრალურში გააგრძელა სწავლა. სტუდენტური სპექტაკლის დასადგმელად ბატონმა გოგი მარგველაშვილმა რეჟისორი ლევან წულაძე მოიწვია. პირველი შეხვედრა მომავალ მსახიობსა და რეჟისორს შორის ამ სპექტაკლზე მუშაობისას შედგა.

გამოხდა ხანი. მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლევან წულაძემ ნიჭიერ გოგონას მსახიობის შტატი შესთავაზა ნახევარი განაკვეთით. ანასთვის ეს წარმოუდგენელი გამართლება იყო. ასეთი დიდი ისტორიის მქონე თეატრში მოხვედრას ყველაზე თამამ ოცნებაშიც ვერ წარმოიდგენდა.

საქმეზე, რომელზეც უზომოდ არის შეყვარებული, ახალგაზრდა მსახიობი “სარკეს” ესაუბრა.

-ანა, როგორ აღმოჩნდით მსახიობისთვის სანატრელ მარჯანიშვილის თეატრში?

– უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ბატონი ლევანის ყოფილმა სტუდენტმა დადგა სპექტაკლი მარჯანიშვილის თეატრში, სადაც პატარა როლზე დამაკავა. აქ შევხვდი ბატონ ლევანს, რომელმაც მითხრა, თუ გსურს, ჩვენი გუნდის წევრი გახდე, შემიძლია შემოგთავაზო ჩვენთან დარჩენა, მხოლოდ ნახევარ განაკვეთზეო. ასეთ თეატრში, ასეთ კოლექტივში და ასეთ დიდ რეჟისორთან შემეძლო სრულიად უხელფასოდაც მემუშავა იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნებოდა.

– ემოციურად გამორჩეული რომელი სპექტაკლი იყო?

– არასოდეს დამავიწყდება პირველი სპექტაკლით გამოწვეული მღელვარება, ეს იყო ,,თავისუფალი პეპლები”. ასევე ამაღელვებელი იყო ბატონ ლევან წულაძის დადგმული ,,ბეგაუტი”. სპექტაკლი აგებულია მოქმედებებზე, აბოსლუტურად უტექსტოა.შემიძლია დავიფიცო, რომ მაყურებელი ამბობდა, ტექსტი არისო.ფიქრობდნენ, რომ ვლაპარაკობდით.

– როგორია ახალგაზრდა მსახიობი ქალის პირადი ცხოვრება?

– შეყვარებული ვარ. ჩემი რჩეული ჩემი პროფესიისგან შორს დგას, ბიზნესით არის დაკავებული, მაგრამ თეატრი უყვარს და პატივს სცემს ჩემს საქმიანობას. სულ ვფიქრობდი, ისეთი ადამიანი არ შემყვარებოდა, ვინც არჩევანის წინაშე დამაყენებდა. გამიმართლა, ამ თემაზე საუბარიც არ ყოფილა. დაქორწინებას ჯერ არ ვჩქარობთ, ამის დროც დადგება.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”