თავხედთან ურთიერთობაში სწორი ტაქტიკა დაგეხმარებათ

თავხედთან ურთიერთობაში სწორი ტაქტიკა დაგეხმარებათ,,სარკე”, აზა გაგოშიძე

შესაძლებელია თუ არა იმუნიტეტის გამომუშავება უხეშობის მიმართ? როგორ მოიქცეს ის, ვინც ყოველ უსიამოვნო სიტყვაზე მტკივნეულად რეაგირებს?

რიგში ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში მყოფ თავხედს შეუძლია, ადამიანს განწყობა მთელი დღით გაუფუჭოს. საჭიროა უტიფრობაზე სწორად რეაგირება ისწავლოთ, რათა არც თავად განაწყენდეთ და არც შეურაცხმყოფელის დონეზე დაეშვათ.

რატომ თავხედობენ ადამიანები

უდიერად შეიძლება მოიქცეს არამხოლოდ დაბალი კულტურის მქონე, არამედ ისიც, ვისაც ორი უმაღლესი განთლება აქვს. უტიფრებს ერთი რამ აკავშირებთ: თავხედობენ იმიტომ, რომ… იტანჯებიან. როდესაც ადამიანი მეტად ძლიერ შინაგან დისკომფორტს განიცდის, ესწრაფის განიმუხტოს, რომ “არ იავადმყოფოს”. განტვირთვის ყველაზე მარტივი საშუალება კი გახლავთ სხვას დაუყვიროს ან ეუხეშოს. თუ ოპონენტმა ნეგატივი “მიიღო” და ისიც წყობიდან გამოვიდა, თავხედი სიამოვნებას იღებს და დროებით მშვიდდება.

სხვის მიმართ უპატივცემლობის გამოხატვა საკუთარი თავის მიმართ უპატივცემლობა და გარშემომყოფთა ხარჯზე თვითდამკვიდრების სურვილია. გარეგნული ყოყოჩობისა და აგრესიის მიღმა ასეთი ადამიანი შიშებს, კომპლექსებს, რწმენის უქონლობას მალავს. თუ განვაზოგადებთ და უტიფარს ამ კუთხით შევხედავთ, გასაგები გახდება, რომ ყველა უხეშობა, რასაც ავლენს და ამბობს, სინამდვილეში მიმართულია არა თქვენკენ, არამედ საკუთარი თავის მიმართ.

მეტად მგრძნობიარე ადამიანები ხშირად კონსტრუქციულ კრიტიკასა და თავხედობას ერთმანეთში ურევენ. თუ თანამოსაუბრემ რაღაც ისეთი გითხრათ, რამაც გუნება გაგიფუჭათ, დააკვირდით, ყველაფერმა ამან თქვენში როგორი გრძნობები და ავტომატური ფიქრები აღძრა და რატომ.

სისტემა დაამსხვრიეთ!

თუ კონფლიქტი გარდაუვალია, ეცადეთ, ტოქსიკურ ადამიანთან ურთიერთობისას ფსიქოლოგიური ხერხები გამოიყენოთ.

ფსიქოლოგიური აიკიდო. მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ თანამოსაუბრეს არ შეეკამათოთ, არამედ თანხმობით განაიარაღოთ. უდიერი გეუბნებათ: “ავტომობილს სადგომზე მაიმუნურად აყენებ”. ჯობია, ღიმილით დაეთანხმოთ: “ზუსტად შენიშნეთ, ნამდვილად მაიმუნურად გამომდის”. საქმე ისაა, რომ, ვინაიდან მოწინააღმდეგე უარყოფით რეაქციას ვერ მიიღებს, ორი-სამი ფრაზაც სრულიად საკარისია მის გასაჩუმებლად.

იუმორი. თუ ყველაფრის ხუმრობაში გატარებას მოახერხებთ და ამასთან ოპონენტს გაამხიარულებთ კიდეც, კამათი სწრაფად შეწყდება.

გრძნობებისკენ მოწოდება. მოსინჯეთ, თანამოსაუბრე შეარცხვინოთ. აქცენტი მის გრძნობებზე გააკეთეთ: “რატომ მიყვირი? ცუდად ხარ? გული გატკინეს? გუნება გაგიფუჭეს?”. მის იდუმალში შეღწევის მცდელობამ შეიძლება მასში დაბნეულობა გამოიწვიოს, ამიტომ ადამიანი შეეცდება, საუბარი რაც შეიძლება მალე შეწყვიტოს.

ტოქსიკური ახლობლები

თუ საუბარია არა შემთხვევით რიგში მდგომ კადნიერზე, არამედ ნაცნობ ადამიანზე (მაგალითად, ახლობელზე ან ხელმძღვანელზე), ურთიერთობის გარკვეული წესების დაცვა მოგიწევთ. პირველ რიგში, შეხვედრის დრო ზუსტად მიუთითეთ. ტოქსიკური ახლობელი გააფრთხილეთ, რომ მასთან სასაუბროდ მხოლოდ ნახევარი საათი გაქვთ. ამგვარად აიძულებთ, მხოლოდ არსებითზე ისაუბროს და უსაფუძვლო უკმეხი სიტყვების რახარუხზე ამაოდ არ დაიხარჯოს.

საუბრისას სიმშვიდე შეინარჩუნეთ. ხმას არ აუწიოთ, არც თანამოსაუბრის ინტონაციისა და ემოციების იმიტაცია მოახდინოთ. არავითარ შემთხვევაში დაუწყოთ თავხედს აღზრდა და სწავლება, სხვაგვარად კონფლიქტი გარდაუვალი იქნება. უმჯობესია, მდუმარედ მოუსმინოთ ან პასუხის განეიტრალების ხელოვნება შეისწავლეთ. მაგალითად, შეიძლება უთხრათ: “ამაზე ვიფიქრებ და პასუხს მოგვიანებით გეტყვით”.

საფუძველშივე აღკვეთეთ ახლობლის ნებისმიერი მცდელობა, თქვენში დანაშაულის გრძნობა აღძრას.

როგორ მოიქცეთ?

არ ღირს, დაელოდოთ, რომ კადნიერი შეიცვლება, მით უფრო, თქვენი დახმარებით. თავხედი ადამიანების უმეტესობა მთელი ცხოვრება ასეთი რჩება, უბრალოდ, შეეგუეთ ამას.

როგორ მოიქცეთ, როდესაც თავს გესხმიან? პირველ რიგში, მოერიდეთ. თვითშეფასება აიმაღლეთ, საკუთარი ღირსებები და მნიშვნელობა შეიგრძენით, დააფასეთ, მაშინ შეურაცხმყოფელი წონასწორობიდან ვეღარ გამოგიყვანთ.

ასევე არ ღირს შეურაცხყოფის მოთმენა, თუნდაც შეურაცხმყოფელი მაღალი თანამდებობის პირი იყოს. შეგიძლიათ საზღვრები თავაზიანად შემოფარგლოთ: “გთხოვთ, ჩემზე ხმას ნუ იმაღლებთ”. სწრაფად რომ დამშვიდდეთ, გამოიყენეთ ღრმა სუნთქვის ტექნიკა.

ტოქსიკურ ადამიანთან ურთიერთობის შემდეგ თავს ემოციური განტვირთვა მოუწყვეთ – უყურეთ კომედიებს, წაიკითხეთ საყვარელი ჟურნალი ან პოზიტიურად განწყობილ ადამიანებს შეეხმიანეთ.

ზოგადად, ეცადეთ, შემოკრიბოთ ადამიანები, რომლებიც დადებითი ემოციებით გმუხტავენ, თავს ბედნიერად გაგრძნობინებენ. ფსიქოლოგების რჩევაა, ტოქსიკური ადამიანებისგან თავი მაქსიალურად შორს დაიჭიროთ. მათთან ურთიერთობა არაკონსტრუქციულია: პროცესში ბევრ ენერგიასა და ძალას კარგავთ. ეს ხომ არ გჭირდებათ?