,,სარკე”
მსახიობი თაკო აბაშიძე რამდენიმე სამსახურში მუშაობს, მაგრამ შვილის მენიუსთვის ცალკე დრო აქვს გამოყოფილი და არასოდეს ეზარება, მისთვის სრულფასოვანი საჭმელი მოამზადოს.
– არ მომწონს, გოგოები ვითომ რომ ,,სვეცკობენ”, საჭმლის კეთება არ ვიცითო, – ამბობს თაკო ,,სარკესთან”, – მგონია, რომ ყველაზე დიდი გოიმობა ის არის, როცა ქალი ვერ ახერხებს ელემენტარული საკვების მომზადებას.
მეგობრებს ძალიან უყვართ ჩემი მომზადებული ქათამი არაჟნის სოუსით. როცა ჩემთან იკრიბებიან, ხშირად ვაკეთებ. საჭიროა 2 მოზრდილი ფილე, რომელსაც ერთხელ წამოვადუღებ, მერე დავჭრი კუბიკებად, დავყრი ტაფაზე, მოვაყრი ძალიან წვრილად დაჭრილ ერთ თავ ხახვს და მარილს გემოვნებით. კარგად რომ მოიბრაწება, დავუმატებ თვალის ზომით ხმელ ქინძს და უცხო სუნელს.
პარალელურად 100 გრამ არაჟანში ვხსნი 2 კბილ დანაყილ ნიორს, გემოვნებით ვუმატებ ყვითელ ყვავილს, ძალიან ცოტა პიტნას. ამ შეზავებულ მასას ვხსნი წყალში და მასში ვალაგებ მობრაწულ ქათმის ფილეს. ამ კერძს ვათავსებ განიერ თეფშზე და გვერდებზე ვულაგებ ქვაბში, ცხელ ზეთში შემწვარ კარტოფილს.
ქართველი დიასახლისები ხშირად ვიყენებთ სკუმბრიას. თევზი კარგად გაასუფთავეთ. გაყავით შუაზე, გამოაცალეთ ფხა და დაჭერით დიდ ნაჭრებად. საფანელის ნაცვლად ამოავლეთ პომიდვრის სოუსში, ცოტა მარილი მოაყარეთ და ტაფაზე არ მიიკრავს. როცა შეიწვება, მოაყარეთ შავი პილპილი. გარნირად გაუკეთეთ ან წიწიბურა, ან პიურე. პიურეს ზოგი კარაქს უკეთებს ან ზეთზე ამზადებს. მე ძალიან წვრილად დაჭრილ ხახვს ვუშვრები, ზეითუნის ზეთში მოთუშულს. ამას მოხარშულ კარტოფილს მოვასხამთ და ჩავზელთ. ასე მომზადებული პიურე თევზს ძალიან უხდება.
-კატლეტსაც მოუხდება.
– კი.კატლეტში პურსაც ვუშვრები და სტაფილოსაც, ასევე ცოტა მოხარშულ წიწიბურასაც, რომელიც ფაფუკს ხდის და კარგ არომატს აძლევს.
