,,ჩემს შვილს გმირობისთვის არ ვზრდიდი, ძალიან ბევრია ის, რაც თავს გადაგვხდა” – ოთო გურგენიშვილის საბედისწერო დღე

,,ჩემს შვილს გმირობისთვის არ ვზრდიდი, ძალიან ბევრია ის, რაც თავს გადაგვხდა" - ოთო გურგენიშვილის საბედისწერო დღე,,სარკე”

,,მინდა, ყველა დედას მივმართო, დედაშვილობა ჩვეულებრივ მოვლენად არ ჩათვალონ. ყოველი დღე დღესასწაულად აქციონ”, – ასე დაიწყო ,,სარკესთან”  საუბარი ტრაგიკულად დაღუპული პოეტის, ოთო გურგენიშვილის დედამ ნანა მათუზაშვილმა რამდენიმე წლის წინ. საზოგადოებას ახსოვს 2014 წელს რუსთავში დატრიალებული ტრაგედია. ოთო გზაზე მეგობარ გოგონასთან ერთად გადადიოდა, გვერდით დედა-შვილი ცდილობდა გზის გადაკვეთას. ამ დროს სწრაფად მომავალი მანქანა გამოჩნდა. ოთომ თანმხლებ გოგონასაც ხელი ჰკრა და ბავშვსაც, საფრთხე ორივეს ააცილა, ავტომობილი კი მას დაეჯახა… ის 21 წლის იყო.

ქალბატონი ნანა ,,სარკესთან” იმ საბედისწერო ღამეს იხსენებს:

-ვურეკავდი და ტელეფონი გამორთული ჰქონდა.მერე ჩემი ახლობელი მოვიდა და პირდაპირ მითხრა, ოთო ავარიაში დაიღუპაო… ცუდი რაღაც განვიზრახე, აფთიაქში შევედი, ორი კოლოფი წამალი უნდა მომეძებნა, რომ… წინ თითქოს ოთოს სახე გადამეფარა. წარმოიდგინეთ, გამოცდილმა ფარმაცევტმა წამალი ვერ ვიპოვე… ჩვენ შორის უხილავი კავშირია.

_რა მოხდა იმ დღეს?

_ ოთო გოგონასთან ერთად გზაზე უნდა გადასულიყო. ამ დროს სამარშრუტო ტაქსი გაჩერდა, იქიდან დედა-შვილი ჩამოვიდნენ და გზის გადაკვეთას ცდილობდნენ. ოთომ დაინახა, მათკენ მანქანა მიდიოდა დიდი სისწრაფით. ჯერ გოგონას ჰკრა ხელი, მერე – ბავშვს, თვითონ კი გადასვლა ვერ მოასწრო…

ოთომ უმძიმესი ტრავმები მიიღო. დაზიანებები თავის არეში ჰქონდა ცაში გაფრინდა, მე კი დამტოვა…

_ თქვენს დედაშვილობაზე ოთო ბევრს წერდა, ლექსებს გიძღვნიდათ…

_ განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა.ნამდვილი ვაჟკაცი იყო, მხარბეჭიანი, ლამაზი. დედიკო, ეს გული ჩემია-მეთქი, ვეუბნებოდი და ვკოცნიდი. ოთოს ერთი წლიდან მარტო ვზრდიდი. ყოველთვის ღირსეულად მედგა გვერდით და ღირსეულად დამტოვა. კარგი პერიოდი უნდა დაგვდგომოდა,მაგრამ… დარწმუნებული ვარ,რომ მიხვდებოდა, მის თავს ცუდი რაღაც ხდებოდა, იმ წუთშივე გაიფიქრებდა, დედაჩემს რა ეშველებაო.