,,სარკე”, ირინე მჭედლიძე
საქართველოს ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის ცხოვრებაში უმძიმესი ეტაპი დადგა. მას ბოლო დროს ბევრი რამის გადატანა მოუხდა. რამდენიმე თვის წინ ეკრანიდან გაიგო თავისი ოჯახის დანგრევის შესახებ, როცა მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ლიზა იასკოსთან ერთად ჩაწერილი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც თავის ახალ სიყვარულზე ისაუბრა. შემდეგ იყო ყოფილი ქმრის ასევე გულახდილი, საჯარო განცხადება, რომ მომღერალ სოფო ნიჟარაძესთან უსაყვარლესი გოგონა ჰყავდა.
გუშინ, 10 თებერვალს კი სანდრა რულოვსმა ცხოვრებისგან კიდევ ერთი დიდი დარტყმა მიიღო, გარდაეცავალა დედა, რომელთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა.
„დედიკო გუშინ საღამოს მშვიდად და წყნარად, ქმარ-შვილის დასწრებით წავიდა ამქვეყნიდან. ჩემი მზის სხივი გაქრა, ჩემი საუკეთესო მაგალითი. არც ვიცი, როგორ ვიყო, მე ხომ არც ერთი დღე არ მიცხოვრია მის გარეშე ამ დედამიწაზე”, – დაწერა სანდრამ, რომელმაც პირველი ლედის სტატუსით ბევრი რამ გააკეთა და უამრავი ადამიანის გულიც მოიგო.
მისი ცხოვრება არც მაშინ ყოფილა მშვიდი, როცა პირველი ლედი იყო. სააკაშვილის გარშემო იყო ჭორები, რომლებსაც ხან სტატიებს, ხან ფილმს თუ სერიალს იღებდნენ, სანდრა კი ქმრის გვერდით იდგა და, როგორც შეეძლო, ამ ჭორებს ანეიტრალებდა.
5 წლის წინ ამ მითქმა-მოთქმას ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში შეეხო.
– ჭორებზე იყო ერთი-ორი მომენტი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ არ ღირს ამაში ღრმად შესვლა. იცით, რა იყო ჩემი კრიტერიუმი? რამე რომ მოხდეს, ან მიწისძვრა, ან რაღაც უბედურება, ვინ წაიყვანს მიშას უსაფრთხო ადგილზე, ის თუ მე და ჩემი ბავშვები? სანამ პასუხი იყო, რომ მე, წყნარად ვიყავი. ვაპატიებ… ეპატიება – ასეთი განწყობა მქონდა ყოველთვის, – ყვებოდა სანდრა.

