სალათის ფურცლებში გადახვეული კერძის რეცეპტი ელენე ფოჩხუასგან

სალათის ფურცლებში გადახვეული კერძის რეცეპტი ელენე ფოჩხუასგან,,სარკე”

მომღერალი ელენე ფოჩხუა საკუთარ თავს ტკბილ მეგრელს უწოდებს, რადგან მწარე, ცხარე და მარილიანი საჭმელები არ უყვარს. მეგრელ ქმარს, გოგა ზარქუას, აჯიკასა და მარილს მაგიდაზე ულაგებს, რომ კერძს თავისი გემოვნებით დაამატოს. ელენემ გათხოვების შემდეგ დაიწყო სამზარეულოში ტრიალი და ახლა შესანიშნავი კულინარია. მან საყვარელი სალათის რეცეპტი  ,,სარკესაც” გაუზიარა და ერთი ხრიკიც გვასწავლა:

-დაკონსერვებული ანანასი დაჭერით წვრილად. შემდეგ შებრაწეთ ქათმის 2 მოზრდილი ფილე და შეურიეთ. შემდეგ დაჭერით ნახევარი კონა მწვანე ხახვი, მოასხით 1 ჩაის კოვზი მდოგვი, 1 სუფრის კოვზი მაიონეზი და 1 სუფრის კოვზი შავი ღვინო, ესეც აურიეთ ხორცს და ანანასს.

გარეცხეთ სალათის ფოთოლი. 1 სუფრის კოვზით ამოიღეთ მიღებული მასა და გადაახვიეთ ფოთოლში.ლამაზი და გემრიელი საჭმელია. ვისაც სალათის ფოთლებში გადახვევა დაგეზარებათ, პირდაპირ ჩაყარეთ სალათის ფოთლები.

სტუდენტობისას დედაჩემმა მე და ჩემს მეგობრებს ერთი კერძი გაგვიკეთა, რომელიც ყველას ისე მოგვეწონა, დღემდე ვამზადებ. რეცეპტს ჩაგაწერინებთ:

მარილიან წყალში მოხარშეთ 200 გრამი წვრილი, მოგრძო ბრინჯი. მერე გადმოიღეთ საწურზე, რომ კარგად გამოშრეს. ქათმის 2 მოზრდილი ფილე დაჭერით წვრილ კუბიკებად და ერთ შეკვრა მწვანე ხახვთან ერთად მოშუშეთ ზეთში. თუ მწვანე ხახვი არ გინდათ ან არ გაქვთ, წვრილად დაჭერით 1 თავი ხახვი და მასთან ერთად მოშუშეთ (საერთოდ, ყველა საჭმელს მწვანე ხახვს ვუშვრები, სეზონს მნიშვნელობა არ აქვს, თანაც კერძში მწვანე ხახვი ლამაზად ჩანს).

ხორცი და ხახვი რომ მოიშუშება, ზემოდან მაიონეზის თხელ ფენას მოვასხამთ, ვუზამთ მეგრულ აჯიკას (თუ გიყვართ. მეგრელი კი ვარ, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, არ მიყვარს მარილი, აჯიკა და წიწაკა) და შევდგამთ ღუმელში. კარგად რომ მოიბრაწება, გამოვიღებთ და ზედ ბრინჯის თხელ ფენას მოვაყრით. ბოლოს წვრილად დაჭრილ ქინძს ვუზამთ.