,,როცა ხატი მიაბრძანეს, იმ ადგილას ყველა ხემ თავი დახარა” – კიკოს ღვთისმშობლის სასწაულები

,,როცა ხატი მიაბრძანეს, იმ ადგილას ყველა ხემ თავი დახარა" - კიკოს ღვთისმშობლის სასწაულები,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

საქართველოში დაბრძანებულ მრავალ სასწაულმოქმედ ხატს შორის არის ,,კიკოს ღვთისმშობელი”, რომლის შესახებაც სასულიერო პირები ირწმუნებიან, რომ ვინც მასთან მხურვალე ლოცვას აღავლენს, სასწაულის მოწმე გახდება, მათ შორის კი – უშვილო წყვილები, რადგან ხატი, რომლის ასლიც საქართველოსთვის დაიწერა, განსაკუთრებით მათ შეეწევა.

,,კიკოს ღვთისმშობელი” თბილისში, პანტანასას ღვთისმშობლის დედათა მონასტერშია დაბრძანებული, ასევე სამების საკათედრო ტაძარში.

მამა გიორგი რაზმაძე ხატის ისტორიასა და სხვა სიწმინდეების მნიშვნელობაზე გვესაუბრა.

– მამა გიორგი, მოგვიყევით კიკოს ღვთისმშობლის ხატის ისტორია. საიდან ჩამოაბრძანეთ ის?

– კიკოს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის ასლი საქართველოსთვის დაიწერა. კიკოს ღვთისმშობელი ადგილის გამო დაარქვეს. კვიპროსზე იყო დასახლება, რომელსაც კიკო ერქვა. ხატი, რომელიც ლუკა მახარებელმა დაწერა, ამ ადგილას სასწაულებრივად მიბრძანდა. იგი ერთ-ერთ დიდ სასწაულმოქმედ ხატად ითვლება და ძალიან დიდი მადლის მატარებელია.

თავიდან იგი კონსტანტინოპოლში იყო დაბრძანებული. მისი ისტორია კიკოში მოღვაწე დაყუდებულ ბერთან არის დაკავშირებული. იმ ადგილას, სადაც წმინდანი მოღვაწეობდა, ერთ-ერთი თავადი მივიდა, რომელმაც არ იცოდა, რომ იქ ბერი იყო, მოულოდნელად კი მის მიერ აღსრულებული სასწაულის მოწმე გახდა. თავადმა წმინდა მამას უთხრა, რომ, რასაც სთხოვდა, ყველაფერს შეუსრულებდა. ბერმა უთხრა, კონსტანტინოპოლში წასულიყო და იქიდან, სადაც ლუკა მახარებლის მიერ დაწერილი სამი ხატი იყო დაბრძანებული, ერთ-ერთი მასთან ჩაებრძანებინა.

ბერის თხოვნა ძალიან რთული შესასრულებელი იყო. თავადი მივიდა კონსტანტინოპოლის პატრიარქთან და იმდენი ევედრა, სანამ არ დაითანხმა, რომ ხატი კიკოში წაებრძანებინა. როგორც კი ხატი კვიპროსზე, კიკოს მიდამოებში მიაბრძანეს, სასწაული მოხდა – იმ ადგილას ყველა ხემ თავი დახარა. იქ დღემდე ასეთი თავდახრილი ხეები დგას. ტყიანი ადგილია და ყველა ხე ასეთია. ამ ადგილას შემდეგ მამათა მონასტერი დაარსდა. კიკოს ღვთისმშობელი იქ არის დაბრძანებული და უდიდეს შემწედ და სასწაულმოქმედად ითვლება. ბერძნები მას ელეუსას ანუ შემწყნარებელ ხატს უწოდებენ. იგი განსაკუთრებული მფარველი და მოწყალეა ყველა ქრისტიანისათვის. მონასტრის მამები ამბობენ, რომ კიკოს ღვთისმშობელი განსაკუთრებით უშვილო წყვილებს სწყალობს. ვინც მის წინაშე ლოცულობს, შვილი აუცილებლად ეძლევა. იქაურმა მამებმა ამის შესახებ უამრავი ისტორია გვიამბეს.

კიკოს ღვთისმშობლის ასლი განსაკუთრებული ლოცვების ქვეშ დაიწერა ჩვენთვის და ერთმა განსაკუთრებულმა მონაზონმა დაწერა. იგი ცნობილ ხატმწერად ითვლება, როგორც კვიპროსზე, ისე მთელ საბერძნეთში. დაწერის შემდეგ ხატი თვეების განმავლობაში კიკოს მონასტერში, ტრაპეზზე იყო დაბრძანებული, სადაც მამები ღვთისმსახურებას აღასრულებდნენ. მასზე დაბრძანებული იყო თომა მოციქულის წმინდა ნაწილები. შემდეგ კი რამდენიმე ხანი მიდებული იყო ორიგინალ ხატზე. ამის შემდეგ ჩავაბრძანეთ ლიმასოლში, სადაც ლიმასოლის მიტროპოლიტმა აკურთხა. იქიდან კი საქართველოში ჩამოვაბრძანეთ. ქართველი ერი პატივით უნდა მიეახლოს ამ ხატს.

– როგორც ცნობილია, ლუკა მახარებლის დაწერილი ღვთისმშობლის ხატის ორიგინალი საქართველოშიც არის.

– ლუკა მახარებელი განსაკუთრებული ხატმწერი იყო და მრავალი ხატი დაწერა. ცნობილია, რომ ანდრია მოციქული როცა საქართველოში შემოვიდა, მან შემოიტანა ლუკა მახარებლის მიერ დაწერილი ღვთისმშობლის ერთ-ერთი ხატი. არსებობს ვერსია, რომ ჩვენი ქვეყანა შემოატარა და უკან წააბრძანა. დადასტურებული ინფორმაციით კი, ცნობილი აწყურის ღვთისმშობლის ხატი ლუკა მახარებლის მიერაა დაწერილი და ვარაუდობენ, რომ ეს სწორედ ის არის, რომლითაც ანდრია მოციქული საქართველოში შემოვიდა. ლუკა მახარებელზე საღვთო გადმოცემა გვეუბნება, რომ იგი იყო ხატმწერი და თან ექიმიც.

სასწაულმოქმედი ხატის ასლის ან ორიგინალის ჩამობრძანება ჩვენი ერისთვის დიდი პატივია. კიკოს ღვთისმშობელს რომ მოვაბრძანებდით, აეროპორტში უამრავი ადამიანი მოდიოდა და ემთხვეოდა. დაახლოებით საათნახევარი ვიდექით ხატით ხელში, რომ ხალხისთვის მისი თაყვანისცემის საშუალება მიგვეცა. თბილისის აეროპორტში მრევლი გალობით დაგვხვდა. მეორე დღეს ტაძარში პარაკლისი გადავიხადეთ, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრო. ვინც იგებს, მოდის და პატივს მიაგებს კიკოს ღვთისმშობელს. სამწუხაროა, რომ ჩვენს პრესას და ტელევიზიას ეს ამბავი არ აინტერესებთ და არ აშუქებენ.

– მონრეალის ხატის ასლიც ჩამოაბრძანეს საქართველოში. ხალხი რიგში იდგა, რომ მას შეხებოდა. რა დანიშნულება აქვს ამა თუ იმ ხატთან მიახლებას?

– ეს იმისთვის ხდება, რომ ადამიანებმა ხატისგან წყალობა მიიღონ. წარმოიდგინეთ რამხელა სასწაულია – ხატს შეუწყვეტლად მოსდის საოცარსურნელოვანი მირონი. მონრეალის ხატის მცველი იყო ბერი იოსებ მუნიოსი, რომელიც მოწამეობრივად აღესრულა, სატანისტებმა მოკლეს. ამ დროს დაიკარგა მონრეალის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც დიდ სასწაულმოქმედად ითვლებოდა. მერე დაიწერა მონრეალის ღვთისმშობლის ახალი ხატი, რომელსაც იგივე მადლი გადმოჰყვა, ისიც მირონმდინარეა. მის მუდამმდინარე მირონში ასველებენ ბამბას და ადამიანებს, როგორც სასწაულმოქმედი სიწმინდე, ისე ურიგდებათ.

მირონდენა ხომ შემთხვევით არ ხდება? ბევრმა ადამიანმა კურნებაც მიიღო და სხვა წყალობაც.

როცა მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები ამოაბრძანეს, მთელი საქართველო უწყვეტად მოდიოდა და პატივს მიაგებდა. სიწმინდეების თაყვანისცემა ოდითგანვე არსებობდა მართლმადიდებელ ეკლესიაში. ხატების თუ სხვა სიწმინდეების ჩამობრძანება ხალხის რწმენაში გაძლიერებას ემსახურება. ადამიანები უნდა მიხვდნენ, რომ ეს არ არის განყენებული თემა. ქრისტიანთა მოდგმა ძლიერდება ამ სიწმინდეების მოლოცვითა და მთხვევით.

ათონის მთაზე საქართველოსთვის ივერიის ღვთისმშობლის ასლი დაიწერა. როცა ეს ხატი საქართველოში წამოაბრძანეს, სასწაული მოხდა – საქართველოში წამობრძანებამდე, სადაც ეს ხატი იყო დასვენებული, იმ ადგილას წყარო დაშრა. ეს ის ადგილია, რომელიც ზღვიდან 2 მეტრით არის დაშორებული. ასეთ ადგილას სასმელი წყლის არსებობა თითქმის წარმოუდგენელია. წყარო რომ დაშრა, იქაური ბერები შფოთავდნენ – ივერიის ღვთისმშობელმა ათონის მთა მიატოვა და საქართველოში დაბრუნდაო. ეს 1989 წელს მოხდა. ცოტა ხნის შემდეგ წყალი ისევ ამოვიდა იმ ადგილას და დამშვიდდნენ.

ათონის მთაზე, ვატოპედის მონასტერში, პანტანასას ღვთისმშობლის ხატის ასლი დავამზადებინეთ და ჩამოვაბრძანეთ. სასწაულმოქმედი ხატის ასლს იგივე ძალა და მადლი აქვს, რაც ორიგინალს. ეს ჩვენი ერისთვის დიდი შეწევნა და წყალობაა.

– სასწაულმოქმედი ძალის შესაძენად ორიგინალზე ხატის დადება ან წმინდანთა ნაწილებთან შეხება კმარა?

– ,,საქმე მოციქულთაში” პირდაპირ არის აღწერილი, რომ პეტრე მოციქულის ჩრდილი დავრდომილ ადამიანებს კურნავდა. მსოფლიო კრებები განაჩინებდნენ წმინდა ნაწილებზე მთხვევას და, როგორც დიდ სიწმინდეს, ისე მიაგებდნენ პატივს. წმინდა ნაწილებისა და ხატების თაყვანისცემა უძველესი ტრადიციაა, რომელიც ჩვენც უნდა დავიცვათ.

სურვილი გვქონდა, რომ პანტანასას ღვთისმშობლის გარდა, ჩვენს მონასტერში კიდევ ყოფილიყო ღვთისმშობლის რომელიმე სასწაულმოქმედი ხატის ასლი. შევარჩიეთ კიკოს ღვთისმშობელი და ასევე გულის მკურნალის, ღვთისმშობლის კარდიოტისას ხატი. კარდიოტისა მე-14 საუკუნის ხატია, რომელიც კრეტაზე, დედათა მონასტერშია დაბრძანებული და გულის მკურნალად ითვლება.

– გულით, კიბოთი დაავადებულებს კურნავს, უშვილო წყვილებს ეხმარება და ა.შ., ამბობენ ხოლმე ამა თუ იმ ხატზე. როგორ ვლინდება და ვინ ადგენს, რომელი ხატი რისი შემწეა ან ასეთი დაყოფა როგორ მოხდა?

– საუკუნეების განმავლობაში აკვირდებიან. მაგალითად, კარდიოტისას ხატთან გულით დაავადებულ ადამიანებს განსაკუთრებით უმსუბუქდებოდათ მდგომარეობა და ამიტომაც დაარქვეს გულის მკურნალი. გულით დაავადებული ბევრი ადამიანი ამ ხატმა მოაბრუნა იმქვეყნიდან. პანტანასას ღვთისმშობელი განსაკუთრებულად ონკოლოგიურ ავადმყოფებს შეეწევა. ღვთის ძალით არის განსაზღვრული, რომ ღვთისმშობლის სხვადასხვა ხატები სხვადასხვა განსაცდელის დროს შეეწეოდნენ ადამიანებს.

– ასლების დამზადებაში ქართული მხარე ფულს იხდის?

– კიკოს ღვთისმშობლის ხატში არაფერი გადაგვიხდია, მხოლოდ ჩვენი სურვილი ვაცნობეთ. იქაური ეპისკოპოსი იღებს გადაწყვეტილებას და მერე აკურთხებს ხატმწერს. თუ იტყვიან, რომ უნდა გადავუხადოთ, რასაკვირველია, გადავუხდით.