,,ყელში ბურთი მომებჯინა, ღრიალი მინდოდა, ამ ადამიანს უნდა იცნობდეთ”

,,ყელში ბურთი მომებჯინა, ღრიალი მინდოდა, ამ ადამიანს უნდა იცნობდეთ"ლიგია მუშკუდიანი ადამიანურ ისტორიაზე წერს, რომელიც გარდაცვლილ მომღერალს, თემურ წიკლაურს და რუსთაველ ყვავილების გამყიდველს ეხება:
,,ეს რუსთავში მცხოვრები ბატონი ვოვა შუბითიძეა, რომელიც ყვავილებს ყიდის. ორიოდე წლის წინ ბატონი თემურ წიკლაური მეწვია რუსთავში და ყვავილების საყიდლად მე-12 მიკრორაიონში ჩავედით. როგორც კი მანქანიდან გადმოვედით, ხალხი შემოგვეხვია, ზოგი ეფერებოდა, ზოგი სურათის გადაღებას სთხოვდა, ზოგი გაოცებული უყურებდა, ეს ღმერთკაცი რომ რუსთავში დაინახეს.
უცებ ხალხს ეს არაჩვეულებრივი კაცი გამოეყო და მოკრძალებით სთხოვა, ბატონო თემურ, თუ მიკადრებთ, მინდა, ეს ჰოლანდიური ვარდები გაჩუქოთო.
ბევრი იუარა ბატონმა თემურმა, მაგრამ ვერაფერს გახდა…
მანქანაში რომ ჩავსხედით,  ბატონმა თემურს აუკანკალდა ხმა, ცრემლიც ჩამოუგორდა და მითხრა, როდესაც ასეთი კეთილი ადამიანები არსებობენ ქვეყანაზე, საქართველის გადაშენება არ უწერია. 20 ლარის გულისთვის მთელი დღე ქუჩაში დგას, იყინება და ეს რა გააკეთა, ვერ ვინელებო.
შარშან ისევ ვეწვიე ამ არაჩვეულებრივ ადამიანს და ვთხოვე, ხვალ ბატონი თემურის საფლავზე მივდივარ და იქნებ ერთი პატარა გვირგვინი გამიკეთო-მეთქი. გაგიკეთებ, თუ ფულს არ გადამიხდითო. გავუძალიანდი, არც კი გამიბედოთ, თორემ სხვაგან ვიყიდი-მეთქი.
მეორე დღეს გვირგვინი გამზადებული დამახვედრა, თუმცა დამაფიცა, მხოლოდ ნახევარი ფასი გადამიხადეო. ვერაფერს გავხდი. მერე ულამაზესი ვარდების თაიგული გამომიტანა – ეს ჩემგან წაუღეთ ბატონ თემურსო.
ყელში ბურთი მომებჯინა და კინაღამ დამახრჩო. ღრიალი მინდოდა. არც კი ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. ისეთი თვალებით შემომხედა, წინააღმდეგობა ვეღარ გავუწიე…
მადლობის თქმა კი დამაგვიანდა, მაგრამ ახლა გეტყვით სახალხოდ, ჩემო კარგო ადამიანო! დიდი მადლობა, ბატონო ვოვა! დიდი მადლობა, რომ ჩემი თანამოქალაქე გქვიათ… მადლობა ჩემი და ბატონი თემურ წიკლაურის სახელით. მე თქვენ მიყვარხართ…
პ.ს.რუსთაველებო, აუცილებლად უნდა იცნობდეთ და უნდა ვიამაყოთ ამ უპატიოსნესი ადამიანის არსებობით ჩვენს ქალაქში.