ქართველები უკრაინელების მხარდაჭერას სხვადასხვა ფორმით სხვადასხვა ქვეყანაში გამოხატავენ. ძალიან ემოციური აღმოჩნდა პოლონეთში მცხოვრები ქართველების მოწოდება, რომლებმაც გადაწყვიტეს, წავიდნენ უკრაინის საზღვრისკენ და ოკუპანტებისგან დევნილ ადამიანებს დაეხმარონ საკვებით, წყლით და საერთოდ, რითიც შეუძლიათ.,,სალამი, თანამემამულენო . უკრაინის სიტუაციიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, დავუდგე გვერდით უკრაინელ ხალხს და ვაპირებ ჩასვლას საზღვარზე, საზღვრიდან მიმდებარე ქალაქებამდე ტრანსპორტით მოვემსახურო ადამიანებს, რომლებიც საზღვარზე ფეხით გადმოდიან. ჩემი ინფორმაციით, არიან ბავშვები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ, მშობლებს, რომლებსაც უჭირთ გამკვლავება ამ ყველაფერთან. მყავს ავტომობილი, თუ არიან მსურველები, ავტომობილებით ვისაც არ ენანება დრო და ის სახსრები, რაც უნდა გაწიონ ამ კეთილშობილი საქციელისთვის, გთხოვთ, შევხმიანდეთ და ერთობლივად დავუდგეთ გვერდით უკრაინელებს, ვარშავაში თუ არიან მსურველები, დავწეროთ კომენტარებში”, – დაწერა ბონდო ვარდოსანიძემ დღეს.
რამდენიმე საათში პოლონეთში მცხოვრებმა ქართველებმა უკრაინელებისთვის პირველ ჯერზე საჭირო პროდუქტები მოაგროვეს.
,,გავდივართ ვარშავიდან” – დაწერა ცოტა ხნის წინ ბონდო ვარდოსანიძემ.
ფოტო ომამდეა გადაღებული და დღევანდელ სიტუაციას არ ასახავს.

