ნინო ძოწენიძე: ,,როცა სახლში ეს კერძი გვაქვს, ვიცი, რომ 2 კილოს მოვიმატებ”

ნინო ძოწენიძე: ,,როცა სახლში ეს კერძი გვაქვს, ვიცი, რომ 2 კილოს მოვიმატებ",,სარკე”

მომღერალი ნინო ძოწენიძე გურმანია, გემრიელი კერძებიც უყვარს და გემრიელადაც ამზადებს. ქუთაისელი მომღერლისგან ეს არც არის გასაკვირი, რადგან მის მშობლიურ ქალაქში ქართულ კერძებს ყოველთვის განსაკუთრებულად ამზადებენ. ნინო ერთი პერიოდი პურსაც კი სახლში აცხობდა.

– გასული საუკუნის 90-იან წლებში, უპურობის ხანაში, ქუთაისში პურის ცხობა იქ დავიწყე. თითქმის ყოველდღე ვაცხობდი ღუმელში.გიგამ (მომღერლის ქმარი, მუსიკოსი გიგა კუხიანიძე.რედ.შენ.) სამზარეულოს ყველანაირი ტექნიკა მიყიდა, მათ შორის – პურის საცხობიც, მაგრამ არასდროს გამომიცხვია. ალბათ იმიტომ, რომ 90-იან წლებს მახსენებს და არ მაქვს ამის სურვილი.

– რომელ კერძზე ვერ ამბობთ უარს?

– ლობიოზე, რომელსაც ლორით და პომიდვრით ვაკეთებ. როცა სახლში ეს კერძი გვაქვს, ზუსტად ვიცი, რომ 2 კილოს მოვიმატებ. შემიძლია შუაღამისას ავდგე და ვჭამო მჟავესთან და პურთან ერთად.

კარგია, თუ იყიდით ბათუმის თეთრ ლობიოს, რადგან ხარშვის დროს იმატებს. 3 თავ ხახვს, ლორს, ოხრახუშსა და ქინძს ერთად ვხრაკავ ტაფაზე. ვამატებ 2 სუფრის კოვზ ძმარს. ლობიოს ჩავზელ და ამ მასას ჩავასხამ. შემდეგ 5 კბილ ნიორს ქვასანაყში ჩავნაყავ და ლობიოში ჩავამატებ. ბოლოს კი ოთხად გაჭრილ 3 პომიდორს დავუმატებ.

– სახელდახელოდ რას აკეთებთ ხოლმე?

– გასწავლით მაკარონს ნაღებში. საქონლისა და ღორის ხორცი ტაფაზე კარგად მოხრაკეთ 2 თავ ხახვთან ერთად. მოშუშულ მასას მოასხამთ ნაღებს და დააყრით გახეხილ პარმეზანი (რაოდენობა თავად განსაზღვრეთ). ცალკე მოხარშეთ მაკარონი (მისი რაოდენობაც თავად განსაზღვრეთ) და ტაფაზე მოათავსეთ. ბოლოს მოაყარეთ შავი პილპილი და მარილი. ცოტა ხანი გააჩერეთ ცეცხლზე და მიირთვით.