,,სარკე:, ავთო ჩიტიძე
ტელეწამყვან ნელი აგირბას ცხოვრებაში ბევრი დრამატული მოვლენა განვითარდა. დანგრეული ურთიერთობები, სიყვარულის ტრაგიკული დასასრული და ბევრი ტკივილი – ეს უკვე წარსულია. ერთი წლის წინ ნელი მესამე შვილის დედა გახდა, რომელიც ხმის რეჟისორ ეშტონ ლაღიძისგან გააჩინა. ნელი წარსულის ტრავმებსა და ტკივილებზე საუბარს არ ერიდება და ,,სარკესთან” აღიარებს, რომ საკუთარ პრობლემებზე საუბრით უკეთესობისკენ შეიძლება ცხოვრების შეცვლა.
– ბათუმში გატარებული ბავშვობის მოგონებებში ყველაზე მძიმე რა მომენტია?
– ბევრი ტკივილი მქონდა. ძალიან მძიმე იყო ჩემი მეგობრის თვითმკვლელობის გადატანა, მშობლების ურთიერთობაში ტკივილების ატანა. საბედნიეროდ, დღეს ჩემთვის ბათუმი აღარ ასოცირდება ამ ტკივილებთან. დღეს ეს ქალაქი ჩემთვის არის თავიდან აღმოჩენილი სამოთხე და ახლა ძალიან მიჭირს მისი დათმობა.
-როგორ გაიმარჯვეთ წარსულის იარებზე?
– დავიწყება არ არსებობს, შესაძლებელია მხოლოდ სუპრესირება, ჩაკეტვა და ამაში მიდის დიდი ენერგია. საკუთარი თავი ვაიძულე, პირდაპირ ჩამეხედა თვალებში ჩემი შიშებისა და ტკივილებისათვის,ეს პერიოდი დაემთხვა ჩემს ორსულობას. ვცხოვრობდი მშობლიურ სახლში, სადაც ნეგატიური მოვლენების უმეტესობა განვითარდა.ყველაფერი თავიდან განმიახლდა, ერთი სიკვდილი გამოვიარე და თავიდან დავიბადე.
-შემდგომშიც იყო ბევრი ტკივილი, ტრაგედია, მათ შორის – პირად ცხოვრებაში. ყველაფერი გადალახეთ?
– ბევრჯერ მოვკვდი და ბევრჯერ დავიბადე. 17 წლის ასაკში დავწერე: ,,მინდა, ბევრჯერ მოვკვდე, ერთხელ თუ მოვედი”. ჩემი ცხოვრებით აშკარად ამას ვაკეთებ. ახლა იმდენად განსხვავებულად ვგრძნობ თავს, თითქოს ვიღაც სხვა იყო ის ნელი აგირბა და ახლა სხვა არის.
– თქვენ და ილო ბეროშვილს ორი საერთო ქალიშვილი გყავთ.როგორია თქვენი ურთიერთობა?
-მინიმალური კონტაქტი გვაქვს. ვცდილობთ, რომ ბავშვები იყვნენ ბედნიერები.
– რა მთავარი მესიჯის მიტანა გსურთ მაყურებლამდე?
– მთავარია, რომ შევძლოთ საკუთარ ცხოვრებაზე, ტკივილებსა და შეცდომებზე საუბარი.
ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”

