,,მოღალატენო! მკვლელებო! საქართველოს გამყიდველებო!” – 25 თებერვალს ქართველები ოკუპანტებს ყვირილით ეგებებობდნენ

,,მოღალატენო! მკვლელებო! საქართველოს გამყიდველებო!” - 25 თებერვალს ქართველები ოკუპანტებს ყვირილით ეგებებობდნენ,,სარკე”, ირინე მჭედლიძე

25 თებერვალი – შეეძლო საქართველოს ამ ტრაგიკული დღის აცილება თუ ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო და ადრე თუ გვიან მაინც მოხდებოდა?

ნოე ჟორდანიას მუდამ რუსეთისკენ ეჭირა თვალი. 1920 წელს, როცა რუსეთი გააქტიურდა, ჟორდანიას მომხრეები და თანამოაზრეები ამტკიცებდნენ, გარედან ძალით დაპყრობასა და უაზრო სისხლის ღვრას ჯობია, დათმობაზე და თუნდაც საბჭოთა წყობილების დამყარებაზე წავიდეთო.

ნოე რამიშვილის მომხრეები კი ამბობდნენ, ყველას გავყვებით, მაგრამ ბოლშევიკებს – არავითარ შემთხვევაშიო. სწორედ მაშინ თქვა ნოე რამიშვილმა თავისი ცნობილი სიტყვები: მარქსმა ის კი თქვა, პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით, მაგრამ ის კი არ მახსოვს, სადმე ეთქვას, მაინცდამაინც საქართველოში შეერთდითო.

ნოე რამიშვილის დაჟინებული მოთხოვნით, მთავრობამ ბოლშევიკური ორგანიზაციების აკრძალვა და მათი მეთაურების დაპატიმრების ბრძანება გასცა. მეორე დილით ჟორდანიამ ფილიპე მახარაძე გააფრთხილა, თავს უშველე და თანამებრძოლებიც გააფრთხილეო.

მთავრობამ ვერც დიპლომატიური მოლაპარკება შეძლო და ვერც მტრის სათანადოდ დახვედრა. არადა თავად ოკუპანტები წერენ მოგონებებში, გვარდიის საწყობები ტყვია-წამლით სავსე დაგვხვდაო. ოკუპანტი ელიავა კი თურმე გაოცებული ამბობდა, წითელარმიელებს ძლივს ვაკავებდით, ქართველ ჯარს ერთიც რომ ენერგიულად შემოეტია, ისე გავიქცეოდით, ბაქომდე ფეხს ვეღარ მოვიკიდებდითო.

თითქმის ყველა იუნკერი ტაბახმელასა და კოჯრის მისადგომებთან დაიღუპა. რევოლუციონერი მამია ორახელაშვილი თურმე აღშფოთებული ყვიროდა, კოჯრის სანგრებში რომ ჩავიხედე და შიგ ახალ წვერ-ულვაშაშლილი ჯარიკაცებისა და იუნკრების გვამები დავინახე, კინაღამ გული შემიღონდაო. ამაში ჟორდანიას ადანაშაულებდა.

1921 წლის 25 თებერვალს ქართველები ოკუპანტებს ყვირილით ეგებებობდნენ – ,,მოღალატენო! მკვლელებო! ნაძირლებო! საქართველოს გამყიდველებო!”.

ნოე ჟორდანიას მთავრობა ემიგრაციაში წავიდა. ჟორდანიამ პორტში შეკრებილ ხალხს მიმართა, შეურიგდით ახალმოსულებს, ხელს ნუ გამოიღებთ და უაზროდ ნუ შეაწყდებით, აცალეთ, თვითონ შეაწყდებიან ერთმანეთსო. ემიგრაციაში წასულმა მთავრობამ ჯერ თავის დამკვიდრებას მოანდომა დიდი დრო, შემდეგ – უშედეგო დიპლომატიურ მიმოწერას.

ერთ-ერთი ემიგრანტი ნოე ჟორდანიასა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეხვედრის ამბავს იგონებს. მისი თქმით, ისინი შემთხვევით პარიზის ერთ-ერთ რესტორანში შეხვდნენ. ქაქუცამ ნოეს თურმე სახეში ღვინო შეასხა და მოღალატე უწოდა. ალბათ ისევ დროა საჭირო, ისტორიამ ყველაფერს თავისი სახელი უწოდოს.