,,სარკე”, ირინე მჭედლიძე
აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის, მიხეილ შარვაშიძის ვაჟი, გიორგი, საქართველოსა და აფხაზეთს ერთმანეთისგან არ აცალკევებდა. საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ისევე ოცნებობდა და იბრძოდა, როგორც ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი, ნიკო ნიკოლაძე და იმ დროის მამულიშვილები.
უკვე მხცოვანი გახლდათ, როცა დისშვილმა, კოკი დადიანმა, ნიკოლოზ მეორის ტახტიდან გადადგომის შესახებ ახარა. უკანასკნელი მთავრის ვაჟი წამოიჭრა, წელში გასწორდა, პირჯვარი გადაიწერა და დინჯად წარმოთქვა: ,,მადლობას გწირავ, უფალო, რომ ჩემი ქვეყნის დამმხობის დამხობას მომასწარი”. თავის ქვეყანაში მთელ საქართველოს გულისხმობდა.
გრიგოლ რობაქიძემ გიორგი შარვაშიძეს ქართული რასის ნამდვილი ვაჟი უწოდა. მისი სილამაზით, ბუნებით, ჩაცმულობით მოხიბლული მწერალი წერს: ,,სოხუმის ნაპირები… მთავარ ქუჩაზე მოდის ვინმე ცხენოსანი, უკან მცველი მოჰყვება. იგიც ცხენზე მჯდარი, ცხენოსანი ნამდვილი მხედარი, მოხდენილი ჯდომა, თითქოს მბრძანებელია მგრძნობიარე ცხოველის, მაგრამ თითქოს მას ძალას არც კი ატანს – მარჯვე დაკავება სადავის… ყოველი, რაც რომ სამხედრო ჯიშს მემკვიდრეობით გადაუცია ადამიანისათვის. გადმოხტა, გავიცანი: გიორგი შარვაშიძე, შვილი აფხაზეთის უკანასკნელი მთავრისა, რა შესანიშნავად ადგას ჩოხა! ტანი მაღლად არის აყვანილი სილაღით კიდევ, – თუმცა ეტყობა ექვს ათეულს გადასცილებია. ასეთი მოხდენილი ჩაცმულობა არავისზე მინახავს საქართველოში…”
თბილისელი ქალი, რომელსაც აფხაზ-ქართველთა საუკეთესო წარმომადგენელთან, გიორგი შარვაშიძესთან, თავისი ოჯახის წარსული აკავშირებდა, ქალბატონი ბაბო დადიანის ქალიშვილია. ბაბოს ბებია კი გიორგი შარვაშიძის უფროსი და იყო. აფხაზთა უკანასკნელ მთავარს თავისი დის შვილიშვილი გამორჩევით უყვარდა. თათული ღვინიაშვილმა თავის საოცარ წინაპარზე ,,სარკესთან” ისაუბრა:
– გიორგი შარვაშიძე შთამომავლობით აფხაზი, აფხაზურ წეს-ჩვეულებებზე გაზრდილი, აფხზაური თავაზიანობით განთქმული და აფხაზეთის მოტრფიალე იყო. მისი და ბაბო, რომელიც ლონდონში გარდაიცვალა, თავის მოგონებებში წერს – მე დავიბადე საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში აფხაზეთშიო. გიორგის მამამ, მიხეილმა, რუსეთის კოლონიური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას შეალია სიცოცხლე. აფხაზეთის სამთავროს გაუქმების შემდეგ მიხეილი დააპატიმრეს და ვორონეჟში გადაასახლეს. იგი გადასახლებაში გარდაიცვალა. ის მოქვშია დაკრძალული.
– სამთავროს გაუქმების შემდეგ აჯანყებულმა აფხაზებმა მთავრად ქართული ორიენტაციის აფხაზი, გიორგი შარვაშიძე აირჩიეს. ეს ფაქტიც მიუთითებს იმაზე, რომ მე-19 საუკუნეში აფხაზებს სეპარატისტული განწყობა არ ჰქონდათ.
– მიხეილ შარვაშიძის კანცელარია, საქმიანი თუ პირადი მიმოწერა, ქართულად მიმდინარეობდა. გიორგი შარვაშიძე ბრწყინვალედ ფლობდა ევროპულ ენებს – გერმანულს, ფრანგულს, ინგლისურს, რუსულს, ლათინურს. მშვენივრად ლაპარაკობდა მეგრულად, ზედმიწევნით იცოდა აფხაზური ენა. მასზე ამბობდნენ, ასე ახლა აფხაზეთში არავინ ლაპარაკობს აფხაზურსო.
აჯანყების შემდეგ გიორგი აფხაზეთის სამთავროს მხოლოდ რამდენიმე თვე მართავდა. მეფის რუსეთმა აჯანყება მალე სისხლში ჩაახშო. მოსახლეობას იარაღი აჰყარეს, რამდენიმე განსაკუთრებით აქტიური მონაწილე მათ თვალწინ დახვრიტეს, გიორგი კი გადაასახლეს.
– ბევრ ქართველ დიდგვაროვანს მეფის რუსეთის კარისკენ ეჭირა თვალი. მათ მიერ ნაბოძებ ჩინ-მედლებში შეეძლოთ, ყველა და ყველაფერი გაეცვალათ. გიორგი შარვაშიძე რუსეთის სამეფო კართან დაახლოებული პირი იყო, მაგრამ დამპყრობლების წყალობას მათთან ბრძოლა ამჯობინა.
– გიორგის გადასახლების შემდეგ ,,დანაშაული” აპატიეს და სასახლეში დააბრუნეს. მას სამეფო კარზე უმაღლესი წოდება ჰქონდა, ფლიგელ ადიუტანტი გახლდათ. ეს წოდება მას, როგორც აფხაზეთის მთავრის შვილს, შთამომავლობით ეკუთვნოდა. გიორგი პეტერბურგში უფლისწულ ალექსანდრეს დაუმეგობრდა. სამეფო კარზე მართლაც ბრწყინვალე კარიერა ელოდა, მაგრამ მალე პეტერბურგი დატოვა და საქართველოში დაბრუნდა. აქ მომხდარი ერთი ფაქტის შემდეგ კი მეფის კართან კავშირი საერთოდ გაწყვიტა.
როცა ალექსანდრე მესამე ქუთაისს ესტუმრა, გიორგიც მის თანმხლებ პირთა შორის უნდა ყოფილიყო. მეფის ადმინისტრაციამ იგი პოლიტიკურად საშიშ და არასანდო პიროვნებად ჩათვალა და ნიკო ნიკოლაძესთან და სხვა “არასაიმედო” პიროვნებებთან ერთად დროებით საქართველოს დატოვება მოსთხოვეს. შეურაცხყოფილმა გიორგიმ აქსელბანტები მოიხსნა და წერილთან ერთად იმპერატორს გაუგზავნა. თავად კი სამოგზაუროდ საზღვარგარეთ გაემგზავრა. იმპერატორი მისმა საქციელმა აღაშფოთა.
რამდენიმე წლის შემდეგ, როცა პეტერბურგში, ერთ-ერთ წვეულებაზე ალექსანდრე მესამე გიორგის უმცროს ძმას, ჰუსართა გვარდიის ოფიცერ მიხეილ მიხეილის ძე შარვაშიძეს შეხვდა, შესთავაზა, გიორგისთვის მიეწერა, რომ ის სასახლეს დაბრუნებოდა. მიხეილმა საკმაოდ ამაყად, მაგრამ თავაზიანად მიუგო: ,,ხელმწიფევ, ჩემი ძმა არასოდეს დაბრუნდება პეტერბურგში!”.
ამის შემდეგ გიორგი მეფის კარზე მართლაც არასოდეს ყოფილა. მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაერთო. ყველა იმ საჭირბოროტო საკითხში აქტიურად მონაწილეობდა, რაც მე-19 საუკუნეში ჩვენს ქვეყანაში არსებობდა.
…
გიორგი შარვაშიძე ილია ჭავჭავაძესთან, აკაკი წერეთელთან, ივანე მაჩაბელთან, მამია გურიელთან, ანტონ ფურცელაძესთან, სერგეი მესხთან მეგობრობდა. ერთ-ერთი გაზეთის რედაქტორს სწერს: ,,რაიცა შეეხება შრომის ჰონორარს, მე ვრაცხ ჩემს თავს ვალდებულად, უსასყიდლოდ ვემსახურო შეძლებისა გვარად სამშობლოს მწერლობას, ვინაიდან მატერიალური შემწეობა არ მესაჭიროება”.
ილიასა და გიორგის მეგობრობაზე ბევრი საინტერესო ცნობაა შემონახული. ილია მეუღლეს, ოლღა გურამიშვილს, წერილებში სწერს: ,,იმ დღეს გიორგი შარვაშიძესთან ვიყავი. ამას წინათ თვითონ მოვიდა და მთხოვა, შექსპირის ტრაგედია ,,ლირი”, რომელიც ქართულად ინგლისურიდამ გადავთარგმნეთ, წაგვიკითხეო. წავედი წასაკითხად: კარგა ბლომა ხალხი იყო და ძალიან მომიწონეს… გიორგი შარვაშიძემ დღეს დილით ძალიან კარგი ცხენი მომიყვანა და შემეხვეწა, ჩემგან იჩუქეო. ბევრი უარი ვუთხარი, მაგრამ არ მომეშვა…”.
– ქალბატონო თათული, ევროპაში გიორგი შარვაშიძის მოგზაურობისას კაზინოში ერთი სკანდალური ისტორია მოხდა. გვიამბეთ მის შესახებ.
– გიორგი მონტე კარლოს კაზინოში იმ დროს შევიდა, როცა ერთ-ერთმა პიროვნებამ დიდძალი თანხა მოიგო. მან გარშემო ყველას გამომწვევად გადახედა და შესთავაზა, რომელიმეს მასთან ამ თანხაზე ეთამაშა. თამაშის სურვილი მხოლოდ გიორგი შარვაშიძემ გამოთქვა. მოთამაშემ უნდობლად შეხედა და მოსთხოვა, ფული მაგიდაზე დაედო. შეურაცხყოფილმა გიორგიმ მაგიდაზე თავისი სავიზიტო ბარათი დადო. გიორგიმ ეს თანხა მოიგო. კაზინოში მომსახურე ბიჭს დაუძახა, მთელი თანხა მას მისცა და იქაურობა დატოვა. ეს ფაქტი მონტე კარლოს არქივშია დაცული და იმ მსახური ბიჭის გვარიცაა მითითებული.
…
ერთხელ გერმანელი კორესპონდენტი, ლორენცი, აფხაზეთში დიდი პატივით მიიღეს, ქართული სტუმარმასპინძლობის ლაზათი აჩვენეს. გერმანიაში დაბრუნების შემდეგ ლორენცმა იქაურ გაზეთში საქართველოში, კერძოდ კი აფხაზეთში, მოგზაურობის შესახებ ცუდი წერილი მოათავსა.
გიორგი შარვაშიძემ გაზეთის რედაქტორს საპასუხო წერილი გაუგზავნა, სადაც წერს: ,,…ბატონ ლორენცს რომ უფრო ღრმად ჩაეხედა ქართველი ერის ცხოვრებაში, გაიგებდა, რომ ქართველები რაინდები არიან, რომელნიც მონაწილეობდნენ ჯვაროსნულ ლაშქრობებში, რომ ისინი 15 საუკუნის განმავლობაში ხმალამოღებულნი იდგნენ კავკასიის კარიბჭესთან არა იმისთვის, რომ შეჭრილიყვნენ სხვის ქალაქებში და დაერბიათ სხვისი დოვლათი, არამედ იმისთვის, რომ დაეცვათ სამშობლო, ქრისტიანული კულტურა და მშვიდობიანი ცხოვრება; გაიგებდა აგრეთვე, რომ ქართველებს აქვთ მსოფლიო მნიშვნელობის უმდიდრესი ეპიკური ლიტერატურა, რომ ქართველი მეფეების და ხალხის იერარქიაში გენიალური სიბრძნის და არაჩვეულებრივი გმირობის ადამიანთა სახეებია და ასე შემდეგ…
შეიძლება კიდევ ბევრის თქმა, მაგრამ გასაოცარი გმირობის და დიდების წარსულის ფურცლები, ამ ხალხის სისხლითა და ცრემლებით განაბანილი, არ შეიძლება დაეტიოს ერთ საგაზეთო სტატიაში, ანდა კი ღირს მარგალიტების ფრქვევა?!..”

