,,სარკე”
მომღერალი მარიტა როხვაძე სამზარეულოში დიდ დროს არ ატარებს, მაგრამ, როცა ქურასთან დგება, გემრიელ რაღაცებს ამზადებს. ,,სარკის” მკითხველს სწრაფად მოსამზადებელი, წასახამსებელი საჭმელების რეცეპტები გაუმხილა:
-აიღეთ 2 კიტრი, 2 პომიდორი, თითო-თითო კონა რეჰანი და ოხრახუში, 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 კონა მწვანე ხახვი, სიმინდის 1 კონსერვი, 4 ცალი გრილზე მოშუშული ბროკოლი, 1 ცალი გრილზე მოშუშული ყაბაყი, 7-8 ცალი დაჭრილი ზეთისხილი, კუბიკებად დაჭრილი 300 გრამი ყველი ფეტა ან სულუგუნი. ეს ყველაფერი აურიეთ და ჩაყარეთ რამდენიმე სალათის ფურცელი. ისევ კარგად ამოურიეთ, მარილი მოაყარეთ და მიირთვით. ამ სალათს ყველაზე მეტად უხდება მჭადი და სულუგუნი.
ძალიან გემრიელი მჭადები გამომდის. სიმინდის ფქვილს ბორჯომით ვზელ. ფერიც სხვანაირი აქვს და სუნიც.
– თქვენ სახელდახელო კერძიც გეცოდინებათ ან წასახემსებელი.
– ბუტერბროდის მრგვალ პურს ტოსტერში ვხუხავ. გადმოვიღებ თეფშზე, პურის ერთ მხარეს წავუსვამ მაიონეზს, მეორე მხარეს კეტჩუპს (ვისაც კეტჩუპი არ უყვარს, შეუძლია ტყემალი გამოიყენოს). მერე ტაფაზე შევწვავ 1 ცალ კვერცხს (გული უნდა იყოს ცოტა თოხლო). ზემოდან დავადებ მდნარ ყველს, ტაფას დავაფარებ თავსახურს, რომ კვერცხს ყველი კარგად ჩაადნეს. ბოლოს პურში ჩავდებ შაშხს, სალათის ფოთოლს, შემწვარ კვერცხს. შეგვიძლია დავადოთ თითო-თითო თხელი ნაჭერი პომიდორი და კიტრი. ამ რეცეპტით თუ მოამზადებთ, დამიჯერეთ, სწრაფი კვების ობიექტში ბურგერების ყიდვა აღარ მოგინდებათ!
