,,კონსერვატორიაში სწავლა რუსთაველზე ტყვიების ზუზუნში დავიწყე” – 11 თებერვალს ოპერის წინ გიორგი გაგნიძის ვარსკვლავი გაიხსნება

,,კონსერვატორიაში სწავლა რუსთაველზე ტყვიების ზუზუნში დავიწყე" - 11 თებერვალს ოპერის წინ გიორგი გაგნიძის ვარსკვლავი გაიხსნება ,,სარკე”

ოპერის მოყვარულებს საქართველოში დიდი ფეირვერკი ელით. 11 თებერვალს,  19:00 საათზე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჯუზეპე ვერდის  ,,ნაბუკოს” ნახავენ, სადაც მთავარ როლს მსოფლიოს ქართველი ვარსკვლავი გიორგი გაგნიძე თამაშობს. იმავე საღამოს ოპერის თეატრის წინ გაიხსნება გიორგი გაგნიძის ვარსკვლავი.

ქართველ მომღერალზე დღეს ყველა თანხმდება, რომ ის ნომერი პირველი ბარიტონია მსოფლიოში. იქამდე კი, სანამ გიორგი გაგნიძესთან მსოფლიო აღიარება მოვიდოდა და თვით ხოსე კარერასი იტყოდა, რომ ის არა მარტო რიგოლეტოსთვის დაიბადა, არამედ თვით რიგოლეტოა, მას  დიდი გზის გავლა დასჭირდა და ეს გზა არ ყოფილა მარტივი და ია-ვარდით მოფენილი.

გიორგი გაგნიძე 23 წლის იყო, როცა თბილისის ოპერაში იმღერა. მაშინ ლა სკალასა და მეტროპოლიტენ ოპერაზე მხოლოდ ოცნება შეეძლო. დღეს ეს ოცნება რეალობაა. ამ წარმატების უკან მძიმე წლები და თავგადადებული შრომა დგას. საყვარელი საქმე მისგან ახლაც ითხოვს მსხვერპლს, მოუცლელობის გამო ბევრი მეგობარი შემოაკლდა, ყველაზე რთული კი მისთვის ცოლ-შვილთან ხშირი განშორებაა. მომღერლის გრაფიკი ყოველ წელს მკაცრად გაწერილია, რადგან მას მსოფლიოს უდიდეს თეატრებში ყოველთვის მსმენელთა დიდი არმია ელის. ,,ნაბუკო” და ვარსკვლავის გახსნა კი მისი 25 წლიანი კარიერის ერთგვარი შეჯამება და ანგარიშია.

__ ბატონო გიორგი, მსოფლიოს მთავარ სცენებზე მღერით. თბილისში სიმღერა რას ნიშნავს თქვენთვის?

_ თბილისში სიმღერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ფეხი სწორედ აქ ავიდგი, ჩემი ახალგაზრდობა, სტუდენტობა ამ ქალაქში გავატარე. ჯერ კიდევ კონსერვატორიის მე-3 კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა თბილისის ოპერაში მოსმენა გავიარე. ჩემმა პედაგოგმა, აწ გარდაცვლილმა თამაზ ლაფერაშვილმა, რომელიც მაშინ თეატრის დირექტორის მოადგილე და დასის გამგე იყო, გადაწყვიტა, რომ ჯანსუღ კახიძეს მოესმინა ჩემთვის. ასე დაიწყო ჩემი კარიერა 23 წლის ასაკში.

ჩემი პირველი როლი ,,ტრავიატაში” შედგა, ჟერმონის პარტია შევასრულე. შემდეგ იყო ,,აბესალომ და ეთერში” მურმანის როლი, შემდეგ ,,ბალ-მასკარადი”, რომელსაც ჯანსუღ კახიძე დირიჟორობდა.

__ კარიერაში თქვენი პირველი ნაბიჯები საქართველოში მძიმე პერიოდს დაემთხვა. მაშინ ბევრი ხელოვანი ჩამოშორდა თავის საქმეს. თქვენ რა გაძლევდათ ძალას, რომ ოცნებაზე უარი არ გეთქვათ?

_ ამ საქმის დიდი სიყვარული. ამ სიყვარულმა გადამარჩინა. პირდაპირ გეტყვით, მაშინ ყველას იმედგაცრუება გვქონდა, თბილისში სამოქალაქო ომი მძინვარებდა. 1991 წელს, უმძიმეს პერიოდში, დავიწყე კონსერვატორიაში სწავლა, რუსთაველზე ტყვიების ზუზუნი იყო… იმ დროს ჩემთვის ერთ-ერთი მოტივაცია ცნობილი ბანი, პაატა ბურჭულაძე გახლდათ. ის ჩემი პედაგოგის გაზრდილია. ხშირად ყოფილა შემთხვევა, პაატას თავის პედაგოგთან დაურეკავს და უთქვამს, ახლა მეტროპოლიტენ ოპერაში ვიმღერეო. ამ დროს სტუდენტებს გაოცებისგან თვალები გვიფართოვდებოდა. ახლაც თვალებზე ცრემლები მომადგა ამის გახსენებაზე. მაშინ ამაზე ოცნებაც შეუძლებელი იყო, მაგრამ არ დავნებდი და ეს ოცნება რეალობად ვაქციე.

მაშინ კი თავს ასე ვიმშვიდებდი, თუ მეტროპოლიტენში ვერ ვიმღერე, მერე რა მოხდა, სხვა მომღერლებიც ხომ არიან, რომლებსაც იქ არ უმღერიათ-მეთქი. ახლა ალბათ ახალგაზრდებისთვის ჩემი მიღწევებიც იქნება მოტივაცია, რომ წარმატებისთვის იბრძოლონ. მოტივაციის გარეშე ადამიანის სული კვდება.

__ ახლა კი მეტროპოლიტენ ოპერაში ასზე მეტ სპექტაკლში ითამაშეთ, რაც უდიდესი წარმატებაა. მემსოფლიოს დიდ სცენებზე რომელი სპექტაკლებით წარდექით პირველად?

_ მეტროპოლიტენსა და ლა სკალაში ,,რიგოლეტოთი” და ,,ტოსკათი” შევედი. ეს პარტიები ჩემი ხმის – ბარიტონის რეპერტუარში ყველაზე რთულ შესასრულებელ როლებად ითვლება.

__ რა იყო ის გარდამტეხი მომენტი, რამაც თქვენი მომავალი კარიერა და შესაბამისად ცხოვრება განსაზღვრა?

_ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი იყო, როცა მსოფლიოში აღიარებულ დირიჟორ ლორინ მააზელს შევხვდი. ამ კორიფემ შემამჩნია და, ასე ვთქვათ, გზა გამიხსნა. მან თქვა, გიორგი გაგნიძეს აქვს ის მონაცემი და ხმა, რომელიც პირველი ხარისხის თეატრებისთვისაა საჭიროო.

ლორინ მააზელის ხელში გამოიარა მარიო დელ მონაკომ, ლუჩიანო პავაროტიმ, პლასიდო დომინგომ, ხოსე კარერასმა, მარია კალასმა და ა.შ. წარმოიდგინეთ, ასეთ ლეგენდარულ დირიჟორს წინ უზიხარ და, მისი აზრით, შენი ხმა და მონაცემი ისეთია, რომ პირველი ხარისხის თეატრებისთვის მზადაა. მან ასეთი კუთხით დამინახა და გზა გამიხსნა.

2005 წელს უკვე ვალენსიაში კონტრაქტი მქონდა, 2007 წელს ლორინ მააზელი ლა სკალაში დირიჟორობდა, სადაც მოსმენაზე დამიძახა. როცა ვიმღერე, თავის კოლეგებთან ერთად ტაში დამიკრა. ეს უკვე იმის დასტური იყო, რომ მენდო და ლა სკალას ჩემი თავი აჩვენა – ეს პიროვნება სანდოაო. ის მენდო, მაგრამ მე ეს ყველაფერი ყოველდღე უნდა დავამტკიცო. ჩვენი ყოველი გამოსვლა ცხოვრებისეული გამოცდაა.

__ როგორც ამბობენ, შემოქმედს იღბალიც სჭირდება, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდეს. თქვენ შემთხვევაში იღბალმა რა როლი ითამაშა?

_ ჩემს ცხოვრებაში წარმატება ადვილად არ მოსულა, ამას დრო და ძალიან ბევრი შრომა დასჭირდა. რა თქმა უნდა, იღბალიცაა, როცა კორიფეები ხოსე კარერასი, პლასიდო დომინგო და სხვები მოგისმენენ. დომინგომ მეტროპოლიტენ ოპერაში მომისმინა და თავის თეატრში, ლოს ანჯელესის ოპერაში დამპატიჟა. მან ჩემ მიერ შესრულებული რიგოლეტო აღიარა, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო.

__ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რომელი როლი იყო, რომელმაც ყველაზე დიდი აღიარება მოგიტანათ?

_ ჩემი აზრით, ოპერა ,,ტოსკაში” სკარპიას როლმა. ეს სპექტაკლი 2009 წელს მეტროპოლიტენ ოპერაში დაიდგა. ცნობილი ვეტერანი დირიჟორი ჯეიმზ ლივაინი დირიჟორობდა. პრემიერა ძალიან წარმატებული იყო, ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გაშუქდა, ტაიმსკვერზე გადაიცა. წარმოიდგინეთ, ტაიმსკვერში სარეკლამო ბილბორდის ერთი წუთი მილიონობით დოლარი ღირს და მთლიანი ოპერა სამსაათნახევარი გადიოდა.

ნიუ იორკში სანაპიროსთან დავრბივარ ხოლმე. მეორე დღეს იქ რომ ჩავედი, ერთი აფროამერიკელი მოვიდა და მითხრა, გიცნობ, ვინც ხარ, გუშინ მღეროდიო. დიდი სიხარული იყო, ამხელა ქალაქში ვიღაცამ რომ მიცნო.

__ რა მსხვერპლის გაღება მოგიწიათ იმისთვის, რომ დღეს ამ საფეხურზე ყოფილიყავით?

_ ბევრი მეგობარი მყავდა და მყავს. როცა ძალიან დაკავებული ვიყავი და მეგობრებისთვის დროის გამონახვას ვერ ვახერხებდი, ეს ჩემთვის დიდი ტკივილი იყო. ვატყობდი, მათაც სწყინდათ, დიდ რაღაცებს მიაღწიე და ჩვენ ვეღარ გვცნობო. ასე არ არის, ჩემი გული მეგობრებისთვის ყოველთვის ღია იყო, მაგრამ ბავშვობის მეგობრები უდროობის გამო შემომაკლდნენ. ამას გარდა, ოჯახსა და ბავშვებს ვაკლივარ, ხანდახან მათთან თვეობითაც კი არ ვარ. ყველაფერი ოჯახის, ბავშვების მონატრების ხარჯზე ხდება.

ხელოვნებაში მაინც მარტო რჩები საკუთარ თავთან, შენს გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს, ამიტომ რკინისებური ნებისყოფა და დიდი რწმენა უნდა გქონდეს, რომ ყველა სირთულე დაძლიო. მართალია, მწვანე ბარათი მქონდა ისეთი დირიჟორებისგან, როგორებიც ლორენ მააზელი, ჯეიმზ ლივაინია, ისეთი რეჟისორებისგან, როგორიც ლუგ ბონდი და რობერტ კარსენია, მაგრამ მაინც დიდი შრომა მჭირდებოდა. მატარებლის მსგავსად ცხოვრებაც მიდის, ის არ გაგიჩერდება, საქმის ხვალისთვის გადადებით არაფერი გამოვა.

__ თქვენი საუბრიდან იგრძნობა, რომ ,,ზურგი”, ანუ ოჯახი, საიმედოდ გაქვთ გამაგრებული და ეს მისია თქვენს ცოლს, ქალბატონ მაია გოგოლაძეს აკისრია, რომელიც ინტერვიუზე გვესწრება. გვიამბეთ თქვენს ურთიერთობაზე.

,,კონსერვატორიაში სწავლა რუსთაველზე ტყვიების ზუზუნში დავიწყე" - 11 თებერვალს ოპერის წინ გიორგი გაგნიძის ვარსკვლავი გაიხსნება

მაია გოგოლაძე: ჩვენი სიყვარულის ისტორიაც ოპერასთანაა დაკავშირებული.

გიორგი: ერთმანეთს ოპერის თეატრში შევხვდით, მაშინ ,,კარმენში” ვმღეროდი. მაია მომეწონა და მის პაემანზე დაპატიჟებას სულ ვცდილობდი. სამედიცინო აქვს დამთავრებული და მაშინ საავადმყოფოში პრაქტიკებს გადიოდა. სპექტაკლი ან რეპეტიცია რომ დამიმთავრდებოდა, ვაკითხავდი და ველოდებოდი. როცა ერთმანეთს დავუახლოვდით, ვუთხარი, რთული პროფესია მაქვს, დღეს-ხვალ რა იქნება, არ ვიცი, მინდა, რომ ერთად ვიყოთ, მაგრამ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ერთად არც ვიყოთ-მეთქი. მაიამ გაკვირვებულმა შემომხედა.

ეს სიტყვები ზუსტად იმას ნიშნავდა, რაც დღეს ხდება. ხშირი გასტროლების გამო ოჯახური ურთიერთობების დროებით გაწყვეტა მიწევს. პირდაპირ ვიტყვი, რომ მაიას ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აქვს აღებული ოჯახზე და შვილების განათლებაზე, მათ მოვლაზე. მე ფაქტობრივად ამარიდა ეს ყველაფერი.

მაია: დედაც მე ვარ და მამაც.

გიორგი: არა, მამა მე ვარ! კარიერაში მიღწეულის შენარჩუნება ყველაზე რთულია, ამაში კი მაია მეხმარება.

__ მაია, რითი მოგხიბლათ დამწყებმა მომღერალმა, მასში თავიდანვე დაინახეთ ვარსკვლავი?

მაია: ჩემი ოჯახი ძალიან მუსიკალურია. სამედიცინოსთან ერთად ხელოვნების აკადემია დავამთავრე. მაშინ ძალიან ცუდი პერიოდი კი იყო, მაგრამ თუ სადმე რამე ტარდებოდა, აუცილებლად ვესწრებოდი. გიორგი მომეწონა, როგორც მომღერალი, მსახიობი. სხვანაირად არც მიფიქრია, მაგრამ რადგან გიორგიმაც იაქტიურა, თავისთავად სიყვარულიც მოვიდა და ოჯახი შევქმენით.

_ მაია, წლების განმავლობაში გერმანიაში ცხოვრობდით, იქაური მოქალაქეობაც გაქვთ, მაგრამ საქართველოში დაბრუნდით. ამ ნაბიჯისკენ რამ გიბიძგათ?

მაია: რამდენჯერაც საქართველოს პატრიარქს, ილია II-ს შევხვდით, იმდენჯერ გვითხრა, სამშობლოში დაბრუნდითო. პატრიარქის სიტყვები იყო გადამწყვეტი, რომ ახლა ჩვენ აქ ვართ. მარიამი პირველ კლასში იყო, როცა გერმანიაში გადავედით საცხოვრებლად, დავითი კი იქ დაიბადა და გაიზარდა. მათთვის ადვილი არ იყო საცხოვრებლის, სკოლის გამოცვლა, მაგრამ ეს სირთულეები გადალახეს.

__ ოპერის ვარსკვლავის კიდევ ერთი საინტერესო მხარე – გიორგი, მსოფლიოს ოპერის ვარსკვლავების კულინარიულ წიგნში თქვენი რეცეპტებიც მოხვდა. ეს ნიჭი თქვენს რაჭულ წარმოშობას უკავშირდება?

გიორგი: რაღაც-რაღაცების გაკეთება შემიძლია. მაგალითად, შემიძლია ნიგვზიანი ბადრიჯანი მოვამზადო და სხვათა შორის, კერძების წიგნისთვისაც ეს გავაკეთე. ხინკლის მოხვევაც შემიძლია. მწვადის შეწვაც კარგად გამომდის. ალბათ ბევრი იტყვის, მეც შემიძლიაო, მაგრამ ასე არ არის. ლობიოს ამოკმაზვა, მჭადის გამოცხობაც ვიცი. სხვათა შორის, ნიუ იორკში ჩაქაფული გავაკეთე. შემთხვევით ტარხუნა ვნახე, ხორცის ნახვას კი რა უნდოდა? ტყემლის მოძებნა რთული აღმოჩნდა, ამიტომ ჩაქაფული ლიმონით მოვამზადე, მშვენიერი გამოვიდა.