იმუნოთერაპია – წარმატებული იარაღი ფილტვის კიბოსთან ბრძოლაში

იმუნოთერაპია - წარმატებული იარაღი ფილტვის კიბოსთან ბრძოლაშიყოველწლიურად მეტი ადამიანი იღუპება ფილტვის კიბოთი, ვიდრე ძუძუს, კოლორექტალური და პროსტატის კიბოთი ერთად აღებული. ყოველწლიურად მსოფლიოში ეს დიაგნოზი 2,2 მილიონ ადამიანზე მეტს უდასტურდება. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში გამოჩენილი ახალი სამკურნალო საშუალებებისა, რომლებიც სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდიან, ფილტვის კიბო კვლავ რჩება ყველაზე სასიკვდილო დაავადებად. ფილტვის კიბოს სტატისტიკა მამაკაცებში უფრი მეტია, როგორც დაავადების, ასევე  სიკვდილიანობის მხრივ.

დადასტურებულია, რომ თამბაქოს მოწევა ყველაზე მთავარი მიზეზია ფილტვის კიბოს განვითარების და ის ასოცირებულია დიაგნოსტირებული შემთხვევების 90%-თან, თუმცა იგი არ წარმოადგენს ერთადერთ მიზეზს. არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს სხვა გავრცელებული რისკფაქტორები მოიცავს:

მეორადი მოწევა

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი შესაძლოა არ იყოს თამბაქოს მომხმარებელი, ფილტვის კიბოს განვითარების რისკი იზრდება, თუ მას აქვს შეხება თამბაქოს მეორად კვამლთან – ჩაისუნთქავს თამბაქოს გამონაბოლქვს.

რადონის გაზით, აზბესტით და სხვა კარცინოგენებით მოწამლვა

რადონი რადიოაქტიური ქიმიური ელემენტია, რომელიც ურანის დაშლის შედეგად წარმოიქმნება და გვხვდება მიწის ქერქსა და წყალში. რადონი შესაძლოა დაგროვდეს შენობებში, სახლებში, სასმელ წყალში და, შესაბამისად, მოხვდეს ადამიანის ორგანიზმში. ასევე, ორგანიზმში მოხვედრილი აზბესტი ან სხვა კარცინოგენები, როგორებიცაა დარიშხანი, ქრომი და ნიკელი, ასევე ზრდის ფილტვის კიბოს განვითარების რისკს, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი თამბაქოს მწეველია.

ჰაერის ურბანული დაბინძურება

არსებობს მტკიცებულებები, რომ ფილტვის კიბოს მაჩვენებლები უფრო მაღალია ქალაქებში, ძირითადად ჰაერის ურბანული დაბინძურების გამო, ვიდრე სოფლად.

გენეტიკური დატვირთვა

ადამიანებს, რომელთა მშობლები, და-ძმები ან შვილები არიან დაავადებულნი ფილტვის კიბოთი, აქვთ ფილტვის კიბოს განვითარების მაღალი რისკი.

დაგვიანებული დიაგნოსტიკა

სამწუხაროდ, ფილტვის კიბოიანი პაციენტების ორი მესამედი დიაგნოსტირდება გვიან სტადიებზე, როცა სიმსივნე ორგანიზმში გავრცელებულია ერთზე მეტ ადგილას. უახლესი მიღწევების მიუხედავად, ფილტვის კიბოს 5-წლიანი გადარჩენადობის მაჩვენებელი კვლავ მცირეა, სხვა მეტად გავრცელებულ სიმსივნეებთან შედარებით, განსაკუთრებით შორს წასული ფორმის დროს. ისევე, როგორც  მრავალი სხვა სახის კიბოს შემთხვევებში, რაც ადრე იქნება პაციენტი დიაგნოსტირებული, მით მეტი იქნება გადარჩენის შანსიც.

ფილტვის კიბოს მკურნალობის ვარიანტები დამოკიდებულია კიბოს ტიპსა და სტადიაზე, გარდა ამისა, ფილტვში მის ზომასა და პოზიციაზე. მკურნალობა  ასევე დამოკიდებულია იმაზე, გავრცელებულია თუ არა იგი სხეულის სხვა ნაწილებში და პაციენტის ზოგად ფიზიკურ მდგომრეობაზე.

ისტორიულად, NSCLC- ის მკურნალობა მოიცავდა შემდეგს: ქირურგია, რადიოთერაპია, ქიმიოთერაპია და ბოლო წლებში ძალიან წარმატებულად გამოიყენება იმუნოთერაპია. სიმსივნის იმუნოთერაპიის, როგორც მკურნალობის ახალი სახის გამოჩენა არსებული მკურნალობების პარალელურად, იმედისმომცემია პაციენტებისა და მათი ოჯახებისათვის.

ახალი სიტყვა სიმსივნის მკურნალობაში

უმნიშვნელოვანესი სამედიცინო საჭიროება რჩება ისეთი თერაპიისთვის, რომელიც სიცოცხლეს გაახანგრძლივებს და კარგი ამტანობის პროფილიც ექნება, განსაკუთრებით უკვე ნამკურნალები პაციენტებისთვის მეტასტაზური ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოთი. სწორედ აქ იმუნოთერაპია შეასრულებს მნიშვნელოვან როლს.

ინოვაციის უკანასკნელ არეალს წარმოდგენს სიმსივნის იმუნოთერაპია, რომელიც მუშაობს სპეციფიკურად იმუნურ სისტემაში. იმუნური სისტემა იცავს ორგანიზმს დაავადების გამომწვევი უცხო აგენტებისგან – ვირუსებისა და ბაქტერიებისგან.

იმუნური სისტემა აღმოაჩენს და ანადგურებს ორგანიზმისთვის ყოველგვარ „უცხოს“ – სიმსივნურ უჯრედებად გარდაქმნილი ნორმალური უჯრედების ჩათვლით – უჯრედში განვითარებული იმ მცირედი ცვლილებების ამოცნობით, რომლებიც ნორმალურ უჯრედებს გარდაქმნიან „უცხო“ უჯრედებად.

რობინ ტეილორი, როშის სიმსივნის იმუნოთერაპიის ვიცე-პრეზიდენტი, საუბრობს იმის შესახებ, თუ საიდან მოვდივართ და საით მივყავართ მეცნიერებას: თავდაპირველად სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენებოდა ქიმიოთერაპია, რომელიც წამლავდა ყველაფერს ჯანმრთელი, ზრდის პროცესში მყოფი უჯრედების ჩათვლით და როგორც სავარაუდოა, ამას თან ახლდა პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუარესება.

ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით სიმსივნის მკურნალობის ისტორიის საინტერესო ეტაპზე, ჩვენ საბოლოოდ შეგვიძლია გავერკვეთ იმაში, თუ როგორ ხდება იმუნური სისტემის მიერ სიმსივნის ამოცნობა. საბოლოო ჯამში, თუ ჩვენ გავაძლიერებთ ადამიანის საკუთარ იმუნურ სისტემას ისე, რომ მან არა მხოლოდ ამოიცნოს, არამედ შეუტიოს სიმსივნეს, ეს შესაძლებელს გახდის სიმსივნისგან ორგანიზმის მთლიანად განთავისუფლებას და ეს იქნება უძლიერესი მიღწევა.

იმუნოთერაპია საქართველოში

იმუნოთერაპია საქართველოშიც აქტიურად გამოიყენება და იმედისმომცემი შედეგები საქართველოს მოქალაქეებშიც მაღალია. კლინიკური ონკოლოგი,  ელენე გოგუა კიბოს მკურნალობის ამ მეთოდზე დიდ იმედებს ამყარებს:

მას შემდეგ, რაც პერსონალზირებული მკურნალობის მეთოდები შემოვიდა ონკოლოგიაში, შეიცვალა მიდგომებიც. მოლეკულურ-გენეტიკური ანალიზის შედეგად, ინდივიდუალურად ხდება პაციენტთან მკურნალობის დაგეგმვა. აქ ერთვება სამიზნე და იმუნოთერაპია. ასეთი მიდგომა დაავადების დამარცხების უფრო მეტ შანსს იძლევა. იმუნოთერაპიამ გარდატეხა მოახდინა ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბოს მკურნალობაში. ეს არის ეფექტური საშუალება როგორც სიცოცხლის გახანგძლივების, ასევე ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით, _ აცხადებს ქალბატონი ელენე.

ქართველი ონკოლოგი თვლის, რომ ფილტვის კიბო განაჩენი არ არის. თამბაქოზე უარის თქმა კი ამ დაავადების განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.

-ფილტვის კიბო განაჩენი არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანია დროული სკრინინგი. 50 წლის შემდეგ ადამიანმა სკრინინგზე აუცილებლად უნდა იფიქროს, მით უმეტეს, თუ ის მწეველია. 2 წელიწადში ერთხელ სკრინინგი ამ დაავადების მძიმე ფორმებს მინიმუმადე დაიყვანს. თამბაქოზე უარის თქმა – ეს არის ის საშუალება, რომელიც აგვარიდებს ფილტვის კიბოს, – ამბობს ელენე  გოგუა.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ზოგადად სიმსივნური დაავადებების ირგვლივ  ბევრი ინფორმაციაა და წარმატებულად მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია, ამ დაავადების გარშემო მაინც ბევრი სტიგმაა. პაციენტის განწყობა და საზოგადოების დამოკიდბულება კი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია დაავადებასთან წარმატებულ ბრძოლაში.

-ოჯახის ყურადღება და თანადგომა პაციენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,  განსაკუთრებით ფსიქოლოგიური თანადგომა. როდესაც ადამიანი იგებს დიაგნოზ სიმსივნეს, უმეტესწილად შოკურ მდგომარეობაში ვარდება. სტრესი იმუნოსუპრესიას იწვევს და თუ ამ მდგომარეობაში ჩავაგდებთ სხეულს, დაავადებასთან ბრძოლა კიდევ უფრო გაგვიჭირდება.

ვერ ვიტყვი, რომ ამ დაავადების მიმართ სტიგმა დაძლეულია. ხშირია შემთხვევა, როდესაც ოჯახის წევრები გიკრძალავენ, პაციენტს უთხრა დიაგნოზი. პაციენტმა თავისი დიაგნოზი აუცილებლად უნდა იცოდეს. მეორე ეტაპია, როდესაც პაციენტს არ უნდა, გაამჟღავნოს თავისი დიაგნოზი, თუნდაც მეზობლებთან. სტიგმის დაძლევის მთავარი იარაღი ცნობიერების ამაღლებაა, – აცხადებს ქართველი ონკოლოგი ელენე გოგუა.

ავთო ჩიტიძე