,,სარკე”, რუსუდან ადვაძე
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი (ტელეკომპანია ,,TV პირველიდან”) გიორგი ნიორაძე პროფესიით ექიმია. ექიმების ოჯახში გაზრდილისთვის სხვა პროფესიაზე ფიქრი არც განიხილებოდა, თუმცა სტუდენტობისას მოულოდნელად რადიოში მუშაობა შესთავაზეს, რასაც საბოლოოდ მოჰყვა ის, რომ მედიას ვეღარაფრით ჩამოშორდა.
გიორგი ნიორაძე 42 წლის არის. ცოლს გაშორებულია და 16 წლის ვაჟის მამაა. მყუდრო ბინაში სამ ძაღლთან ერთად ცხოვრობს. დიდ სახლს იშენებს და ამბობს, რომ იქ დიასახლისი ის გახდება, ვინც საუკეთესოდ შეუწვავს კარტოფილს. გიორგი ,,სარკეს” თავისი ,,ხულიგნური” ცხოვრების ამბებს მოუყვა.
– ჟურნალისტიკაში როგორ მოხვდით, როგორია ეს გზა?
– ონკოლოგი ვარ.სადოქტორო დისერტაცია 2008 წელს დავიცავი, თემაზე – ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბოს პროგნოზული ფაქტორები და მკურნალობა.ეს არჩევანი ოჯახმაც განაპირობა, გარშემო ყველა ექიმი იყო – დედა, ბებია, ბაბუა… ჩემი სტუდენტობისას ძალიან პოპულარული იყო რადიო. მეგობრის რეკომენდაციით მოვხვდი სახელმწიფო რადიოში… მერე იყო რადიო ,,იმედი”, ,,რუსთავი 2″, ,,მზე”, საზოგადოებრივი მაუწყებელი, “იმედი”…
– პრაქტიკოს ექიმად გიმუშავიათ?
– კი. დღემდე კონკრეტულ კვლევებში ვმონაწილეობ, რამდენიმე უცხოური გრანტი მაქვს, სამედიცინო ჟურნალებში სტატიებს ვბეჭდავ და საკმაოდ კარგი ჰონორარიც მაქვს.
– მარტო ცხოვრობთ?
– დიახ… პირადი ცხოვრების მოწყობა რთულია. ყველაფერს მიაღწევს ადამიანი, თუ კარგად დაგეგმავ ყველაფერს – გახდები წარმატებული, იშოვი ფულს, მიიღებ კარგ განათლებას, თუ მოინდომებ, მაგრამ პირადი ცხოვრების მოწყობა მაინც რთულია… მე და ჩემმა მეუღლემ 15 წელი ვიცხოვრეთ ერთად და უკვე 4 წელია, გავშორდით.საუკეთესო მეგობრები ვართ. ხდება ისე, რომ რაღაც არ გამოდის.
– სხვა დგება შუაში?
– ჩვენ შორის არავინ ჩამდგარა. ყოფილ ცოლს დღეს რომ ჩემი ცალი თირკმელი დასჭირდეს, მივცემ. ჩემი ღვიძლის ნაწილსაც მივცემ და ზუსტად ვიცი, რომ ისიც ასევე მოიქცევა ჩემთვის.ორჯერ გავშორდით. 7 წლის თანაცხოვრების შემდეგაც გავშორდით. მერე კიდევ 7 წლით შევრიგდით და ისევ გავშორდით.
– სხვაც გყვარებიათ?
– ბევრჯერ დამიკარგავს თავი. სიყვარული გემართება.ემოციურ ინტელექტზეა დამოკიდებული, ვინ შემიყვარდება. მიყვარს ემოციურად განვითარებული ადამიანები. მიყვარს ლაშქრობა, მიწასთან ურთიერთობა, ტყეში სიარული… შემიყვარდება ის, ვისთან ერთადაც ხიდზე დავდგები, კენჭებს ვისვრი. ხულიგნობა მიყვარს.
– ყოფილ მეუღლესთან ერთადაც ,,ხულიგნობდით”?
– ჩემი ყოფილი ცოლი სერიოზული და რაფინირებული ადამიანია და ხულიგნობების მოწინააღმდეგე იყო ყოველთვის.
– თქვენი პატარა ბინა სამხატვრო მუზეუმს ჰგავს. მოგვიყევით, როგორ შეაგროვეთ ამხელა კოლექცია.
– ძალიან მიყვარს მხატვრობა. მიმაჩნია, რომ ქართველებს ბევრი კარგი მხატვარი გვყავს. შემოქმედება მსოფლიოში დიდ კრიზისს განიცდის და ჩვენი მხატვრობა თვითმყოფადი და განსხვავებულია. გადავწყვიტე, ბევრი ქართველი მხატვრის ნამუშევარი მქონოდა.
– თავადაც ხატავთ.
– მოყვარულის დონეზე.
-როგორი უნდა იყოს თქვენი სახლის დიასახლისი?
– კარგად უნდა წვავდეს კარტოფილს! ეს არ დამიწეროთ, თორემ ფემინისტები შემომესევიან. ვხუმრობ, მაგრამ ყველაფერზე ძალიან მიყვარს შემწვარი კარტოფილი. სახლურად შემწვარი მიყვარს,ნახევარი გვერდი რომ დაბრაწული აქვს,ნახევარი – არა.
ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”
