,,სარკე”, ია ქუთათელაძე
1979 წლის 14 აპრილს ლიტერატორმა, პოეტმა, მთარგმნელმა ვახუშტი კოტეტიშვილმა თბილისის ფილარმონიის სცენაზე მთის ყვავილივით ნაზი და მოკრძალებული გოგონა გამოიყვანა, რომელმაც თუშურ დიალექტზე დაწერილი უცხო ლექსები წაუკითხა ხალხური შემოქმედების მოყვარულებს. ეს გოგონა ეთერ თათარაიძე გახლდათ. მაშინ ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, რომ ამ დღით დათარიღდებოდა მისი ახალი ცხოვრების დასაწყისი, როგორც შემოქმედებითი, ისე პირადი.
დარბაზში ახალგაზრდა ფილოლოგი, ფოლკლორისტი, ამირან არაბული მამასთან ერთად იჯდა. ახალგაზრდას გული სიამით შეუტოკდა, ხოლო ხანდაზმულმა გაიფიქრა, რა ბედნიერი იქნება ის ოჯახი, სადაც ეს გოგონა შევაო.
ზოგჯერ ასეც ხდება, გულით ნანატრს არსთა გამრიგე გაიგონებს და ხორცს შეასხამს. ზუსტად ერთი წლის შემდეგ ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული შეუღლდნენ და ერთად დაიწყეს ფოლკლორის გაბნეული მარგალიტების მოძიება. 41 წელია, ამ გზას მიუყვებიან და არაერთი თვითნაბადი ძვირფასი თვალი გამოფინეს საზოგადოების წინაშე, ათობით კი შინ უწყვიათ, ხელნაწერებში, რვეულებში, უბის წიგნაკებში სათუთად შენახული და თავისი დროის მომლოდინე.
პარალელურად ეთერი თუშურ დიალექტზე ულამაზეს ლექსებს წერს, სადაც თითოეულ ბგერას თავისი განუმეორებელი ჰარმონია და მუსიკალურობა აქვს. ბევრი მიმბაძველი გამოუჩნდა, მაგრამ ის ნამდვილი, ბუნებრივი, პირველყოფილი ფერები ვერავინ ჩახატა სტრიქონებში, რის გამოც გენიალურმა მხატვარმა, თენგიზ მირზაშვილმა – ჩუბჩიკამ აღფრთოვანებულმა დაიყვირა ფილარმონიაში: “ნახე, ბალღო, რა შედევრია!”.
პოეტ ქალს პანდემიის პერიოდში ბევრი თავისუფალი დრო დაუგროვდა და ძველ ჩანაწერებს ჩაუღრმავდა. საკუთარი ლექსების წიგნზე მუშაობაც შეძლო. მალე მკითხველი იხილავს მისი ლექსების ორწიგნეულს, როგორც თავად უწოდებს, ერთ ყდაში ჩასმულ ორ მშვენიერ წიგნს.
ქალბატონი ეთერი ,,სარკეს” თავის ცხოვრებაზე ესაუბრა:
– რაც პანდემია დაიწყო, ყველა სხვა სამყაროში ვცხოვრობთ, მოუთმენლად გვენატრება ერთმანეთი. ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, ცივდება ბევრი რამის მიმართ, სიკვდილსაც დაჩვევა სცოდნია და ეს მოგვახილვინა ამ წუთისოფელმა.
ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, საქართველოს ყველა კუთხე თავისი მთითა და ბარით ბევრჯერ მაქვს ძირისძირობამდე შემოვლილი. საფუძვლიანად შევისწავლე ანატორიის აკლდამები, დართლოს სამარხები. ვიცი ყველა ამბავი, რაც მაშინ ხდებოდა, ვინ არიან ამ სივრცეებში დაბინავებული და ვიცი, რომ დღევანდელივით მძიმე დრო, ავადობითა და სიკვდილით გაჯერებული, ბევრჯერ დამდგარა საქართველოში. საშინელი ვირუსია და კიდევ უფრო საშინელებაა იმ ოჯახების ყოფა, ვისი წევრებიც ვერ გადაურჩნენ ცოცხალნი ამ სახადს.
ჩემი ოჯახის შვიდ წევრს შეგვხვდა ვირუსი, მე, ამირანს, შვილებს, შვილიშვილებს.
– თქვენ და თქვენი მეუღლე ვაქცინირებულები იყავით, ალბათ არ ელოდით, რომ ვირუსი შეგხვდებოდათ. როგორ იგრძენით, რომ დაინფიცირდით?
– დიახ, ,,ასტრა-ზენეკასძძ ვაქცინა გვქონდა ორივეს გაკეთებული და ალბათ ამიტომაც გადავრჩით, რომ ფილტვების დაზიანების პროცენტი არ აცდა სახიფათო ზღვარს.
მე, საერთოდ, ძალიან მშიშარა ვარ, არასდროს დამიძინია მარტოს ოთახში. ბავშვობაში სულ მშიშარა ვიყავი, როცა ჩემი და, ლელა, მეტყოდა, დერეფნიდან შეშა ან წყალი შემომეტანა, ვეტყოდი, შენ კარში დადექ, მიყურე და ისე გავალ-მეთქი. იცინოდა, მე თუ კარში დავდგები, ბარემ თავად შემოვიტანო. მოკლედ, არ ვიცი, როგორ მოვახერხე, რომ არ შემშინებოდა, მთავარი იყო, ამირანი გადარჩენილიყო. ღამე მარტო ჩავიდა სასწრაფოსთან, მეზობლებსაც არ გაუგიათ და მოხვდა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.
წლების განმავლობაში ძველ ხელნაწერებთან მუშაობამ ამირანს ძლიერი ალერგია ჩამოუყალიბა, ამითაც მაშინებდა მისი მდგომარეობა. უდიდესი მადლობა ჩვენს მკურნალ ექიმს, ქალბატონ მაია გოთუას, რომელმაც საოცარი ყურადღება და პროფესიონალიზმი გამოიჩინა, ფეხზე დააყენა ამირანი და მეც სახლში მყოფი გადამარჩინა.
– როგორ შეძელით სახლში მარტო ყოფნა, როცა ბატონი ამირანი საავადმყოფოში იყო?
– იმდენად მთავარი იყო ჩემთვის ამირანის გადარჩენა, ჩემს თავზე ნაკლებად ვფიქრობდი. თუ რაიმე დადებითი მომიტანა კოვიდმა, ეს არის ზუსტად ამ შიშის დაძლევა. გამუდმებით ვკითხულობდი, ერთი წუთითაც არ ვაძლევდი თავს ცუდ შედეგზე ფიქრის საშუალებას.
ახლა ცოტა დაუჯერებელ ამბავსაც მოგიყვებით. დედა, რომელიც კარგა ხნის გარდაცვლილია, სიზმარში იშვიათად მოსულა ჩემთან. მარტოობის დღეებში კი სულ ვგრძნობდი მის სიახლოვეს და რამდენჯერმე კიდეც დავინახე. გეფიცებით, ეს არ იყო გამძაფრებული წარმოსახვა, არც მოჩვენება, ჩვეულებრივად ვხედავდი დედას, რომელიც არ მელაპარაკებოდა, მაგრამ მიყურებდა და ჩემთან იყო და მე არაფრის შიში არ მქონდა, რადგან ყველაზე დიდი იმედი ყველა შვილისთვის ამქვეყნად დედაა. მჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა. ასეც მოხდა, ყველანი გამოვჯანმრთელდით.
– თქვენ ანატორიის აკლდამები ახსენეთ. საუკუნეების წინ დასნებოვნებული ადამიანები იქ საკუთარი ნებით მიდიოდნენ სიკვდილთან შესახვედრად, რომ სხვებისგან მოშორებულად ყოფილიყვნენ, დაავადება არ გაევრცელებინათ. დღეს ნიღაბსაც არ ატარებენ. რა დაემართა ამ ხალხს?
– შავი ჭირის, ქოლერის და სხვა ეპიდემიების შემოტევების დროს სოფლის თავსა და ბოლოში შეიარაღებული, ჯან-ღონიანი, ჯანმრთელი ვაჟკაცები იდგნენ. ისინი იცავდნენ ქვეყანას, რომ დაავადებული სოფლიდან ავადმყოფი არ გასულიყო და სხვა მხრიდან ჯანმრთელი არ შესულიყო. ვინც არ დაემორჩილებოდა, ტყვიას მიიღებდა. ადამიანებს გაცნობიერებული ჰქონდათ, რა საფრთხეს წარმოადგენდნენ სხვა სოფლებისთვის, ზოგადად ქვეყნისთვის და სრულიად შეგნებულად მიდიოდნენ აკლდამებში, იქ ელოდებოდნენ სიკვდილს.
ერთი ასეთი ამბავიც არსებობს, აკლდამაში შესული ყმაწვილი კაცი უკან დაბრუნდა სოფელში. რა გჭირს, შიშმა შეგიპყროო, ჰკითხეს. არა ფანდური დამრჩა, უნდა მოვიტანო, სიკვდილს სიმღერით შევხვდეო. თქვენ გგონიათ, ეს იოლი იყო? მაგრამ ხალხი უყვარდათ, ქვეყანა უყვარდათ, ზუსტად იცოდნენ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ.
ახლა კოვიდის გარდა სხვა ავადობაც გვჭირს, უსიყვარულობა და უპასუხისმგებლობა. პირბადეს რომ არ გაიკეთებ, ეს უშიშრობას არ ნიშნავს, ეს ნიშნავს, რომ გარშემომყოფებზე არ ზრუნავ.
– თქვენი თუშური კილოკავით დაწერილი ლექსები კლასიკური პოეზიის მოყვარულთათვის უცხო იყო, პოეზიის მცოდნენი კი დიდ შეფასებას გაძლევდნენ. მოშურნეც ბევრი გეყოლებოდათ და მიმბაძველიც. როგორ გაიტანეთ თქვენი ლელო?
– მე ხომ თავის გამოსაჩენად არ დამიწყია ამ დიალექტზე წერა, ეს ჩემთვის ისევე ბუნებრივი იყო, როგორც მთის ძირში ამოსული ყვავილი, როგორც ზაფხულის ფერებით მოჩითული პეპელა, ფოთლების შრიალი, ჩიტების ჭიკჭიკი. ასე მესმოდა, ასე მეწერებოდა. არც არავისთვის ვწერდი, ჩემი თავისთვის მხოლოდ.
ჩემმა დამ, ლელამ, იცოდა და მან უთხრა ხალხური პოეზიის საღამოს მომწყობებს, ვახუშტი კოტეტიშვილს და ალექსი ჭინჭარაულს. როცა ლელამ ძალით წამიყვანა ფილარმონიაში და ჩემი ლექსები მსმენელს მოეწონა, მაშინ მივხვდი, რომ სხვისთვისაც საინტერესო იყო ჩემი სტრიქონები.
ბევრჯერ გამაგონეს, რომ უნიჭო ლექსებს ვწერდი, არქაული ენით. ბევრმაც მომბაძა, მაგრამ თუშური დიალექტი ისეთია, ერთ ზედმეტ ასოს არ გაპატიებს, ერთ ზედმეტ მახვილს არ შეირჩენს. ჰოდა, არ გამოსდით და რას იზამენ? შენი უნდა იყოს, ორგანული, დაინახო, შეიგრძნო, ზედმეტი არაფერი შეურიო.
მახსოვს, ვაჟა-ფშაველას ქალიშვილ გულქანთან ამიყვანეს. ჩამჯდარი იყო, კალთაში წინდა ედო და ჩარღვეულ თვალს ჩაშტერებოდა. ჩვენს მიახლოებაზე თავი არ აუღია, არ შემოუხედავს. უთხრეს, ის გოგო მოგიყვანეთ, თუშურ კილოზე რომ წერს ლექსებსო. ამოიხედა, ხელი გამომიწოდა. ჩავიმუხლე და მისი გამხდარი ხელი ჩემს ხელში მოვაქციე. თითები გადაუსვა, მომეფერა და მითხრა, შაგჭამენ, დაგესევიან, დიდი გამძლეობა გინდაო. მართლაც ასე იყო. მან იცოდა, განსხვავებულ ადამიანებს როგორ უჭირთ თავის დამკვიდრება. მე ვინ ვარ, დიდ ვაჟას უწუნებდნენ კილოს.
სამაგიეროდ, ბევრი დიდი ადამიანი მომეფერა, საქებარი დამიწერეს, ჩემი პოეზია აამაღლეს. ამით უდიდესი ძალაც მომცეს და გზა-სავალიც გამიიოლეს.
– 41 წელი ერთ უღელში შებმულები მიაბიჯებთ წუთისოფელში. რა გზა განვლეთ, რა გამოცდილება დააგროვეთ ოჯახური ცხოვრების განმავლობაში?
– ეს 41 წელი თითქოს 41 დღე იყო, ისე სწრაფად გავიდა. ჩვენ ერთ საქმეს ვემსახურეთ, ერთად დავდიოდით ექსპედიციებში, ერთად ვიწერდით, ვაგროვებდით, ვეფერებოდით ქართულ სიტყვას.
ჩემი ცხოვრების მთავარი ნიშნული ფილარმონიის ის პირველი კონცერტია, რომელსაც ბატონმა ვახუშტიმ და ბატონმა ალექსიმ ჩაუყარეს საფუძველი. მაშინ დამინახა ჩემმა მომავალმა მეუღლემ პირველად. ჩემი მამამთილი ბატონი ვახუშტის მეგობარი იყო და ისიც ბრძანდებოდა დარბაზში. მერე მიყვებოდა, მოგისმინე თუ არა, გავიფიქრე, ნეტავ, იმ ოჯახს, სადაც ეს გოგო შევაო, მსმენელმა ჩამოიარა და ამისრულაო.
ახალდაქორწინებულებს ძალიან გვიჭირდა, ბინა არ გვქონდა და პირველად ჩუბჩიკამ შეგვიფარა თავის სახელოსნოში. შემდეგ სტუდქალაქის საცხოვრებელში ერთი პაწაწინა ოთახი მოგვცეს და მინდიაც შეგვეძინა. გვითხრეს, ბავშვი აკვანში ჩააწვინეთ, აკვანს პატარა ადგილი სჭირდება, დღე შეგიძლიათ ტახტზეც შემოდგათო. სტუმრები რომ გვეწვეოდნენ, ასეც ვიქცეოდით, აკვანს ტახტზე ვდგამდით, ფარდას ჩამოვაფარებდით და ჩვენ მთელ ღამეს ლექსის კითხვასა და საუბარში ვათენებდით.
ჩემი სამი შვილი თავად გავზარდე, მხოლოდ ზაფხულობით ერთი კვირით თუ გავუშვებდი დედაჩემთან ან ამირანის მშობლებთან. ნელ-ნელა შრომით შევიძინეთ ყველაფერი. ახლა ჩემი შვილები თავიანთი ოჯახებით ცალკე ცხოვრობენ. ხუთი ფერადი შვილიშვილი მყავს.
ბევრი საქმე გავაკეთეთ მე და ამირანმა. ახლა რომ ვფიქრობ, კიდევ უამრავი გვაქვს გასაკეთებელი, დრო კი არ იცდის. ხალხური მთქმელებიც ბერდებიან, ზოგმა იმქვეყნადაც გადაინაცვლა ისე, რომ ვერ მოვასწარით მისი საგანძურის მოვლა. ახლა ძალიან უნდა ვიჩქაროთ, რომ მოვასწროთ ჩვენი გეგმების განხორციელება.
კორონას გამო ხალხური შემოქმედებითი საღამოს გამართვა შეფერხდა. დაგვირეკეს და გვითხრეს, როდის შევძლებთ ჩატარებას. ვნახოთ, რეგულაციები რის საშუალებას მოგვცემს. თელავში გვინდა, გავმართოთ, მეფის ქალაქში, ღია სივრცეში. უფრო ახლოს მივიდეთ ხალხთან, უფრო გავზარდოთ ჩვენი მოქმედების არეალი.
რაც წლები გადის, ძალიან გვეძვირფასება ეს ყველაფერი. სიყვარული არსად მიდის, ის მჟღავნდება ყოველდღიურ ყოფაში, ერთმანეთზე ზრუნვაში. როცა ამირანი საავადმყოფოში წაიყვანეს და მარტო დავრჩი, მივხვდი, არც ერთი წუთით არ მინდოდა მის გარეშე ცხოვრება. თუკი ღმერთმა შეგვყარა ერთად, გვაჩუქა ამდენი ბედნიერი წელი და კიდევ მოგვცემს საშუალებას, გავაგრძელოთ ერთად ცხოვრება და შრომა, ამით ძალიან გაგვახარებს.
ჩემი ნატვრა კი ის არის, რომ არ დაგვაცილოს ერთმანეთს და როცა დადგება ჟამი, ერთად გადავინაცვლოთ იქ, სადაც ჩვენი წინაპრები წასულან.
– თქვენ უამრავი წელი აგროვებდით ხალხური სიბრძნის მარგალიტებს. ხომ არ გამოარჩევდით გამონათქვამს, რომელმაც თქვენს ცხოვრებაზე განსაკუთრებული გავლენა იქონია?
– უდიდესი სიბრძნეა დავანებული ხალხურ გამონათქვამებში, ხევისბერებისა და ბერდედების ნაუბარში, მაგრამ ცხოვრების საგზლად დედის ნათქვამი მომყვება, არასოდეს შეგშურდეს, შვილო, სხვების, იყავი მართლისმთქმელი და ალალიო.

