,,სარკე”, ია ქუთათელაძე
მომღერალ ეკა მამალაძეს ქალიშვილმა, მომღერალმა ნატალია ქუთათელაძემ რამდენიმე თვის წინ მეოთხე შვილიშვილი აჩუქა – პატარა ალექსანდრე (სანდრო).ოჯახურ სიხარულზე ,,სარკეს” ეკა მამალაძე ესაუბრა:
-ნატალიკო ძალიან მობილიზებული შეხვდა ქალისთვის ყველაზე ლამაზ და ბედნიერ პერიოდს, რაც დაკავშვირებულია პირველი შვილის მოლოდინთან. არანაირი სირთულე, ხასიათის შეცვლა არ ჰქონია. იყო ძალიან მოძრავი, ვარჯიშობდა, ბევრს დადიოდა. 8 თვის განმავლობაში მუშაობდა ტელევიზიაში. იმშობიარა ძალიან მარტივად. საავადმყოფოში რვის ნახევარზე წაიყვანეს და ორ საათში ბიჭი დაიბადა.
– როცა ადარებთ თქვენი და ნატალიას ფეხმძიმობას, ბევრ განსხვავებას პოულობთ?
– სამი შვილი გავაჩინე და არც მე მქონია გართულებული მშობიარობა, ძალიან აქტიური ვიყავი. ასე მეგონა, რომ სხვანაირად არც შეიძლებოდა. ეტყობა, ამაში დამემსგავსა.
-უკვე მეოთხედ გახდით ბებია, თუმცა ალბათ ნატალიკოს შემთხვევაში განსაკუთრებულად ნერვიულობდით.
– ვერც მოვასწარი ნერვიულობა, რადგან რვის ნახევარზე დამირეკა და მალე იმშობიარა. საერთოდ, ვცდილობ, მოვლენებს მშვიდად შევხედო, არ მიყვარს გადაჭარბებული ემოციები.ფეხმიძიმობა ნორმალურად მიმდინარეობდა და ვიცოდი, მშობიარობაც არ გაუჭირდებოდა.
– ქალბატონი ნანი როგორ შეხვდა შვილთაშვილის დაბადებას?
– როცა სამშობიაროში წავედი, ნანის ეძინა და არ გავაღვიძე, რომ არ ენერვიულა. ბავშვის გაჩენის შემდეგ დავურეკე და ვახარე, რომ ბიჭის ბებია გახდა.
– თქვენ დედისერთა ხართ. როგორი გრძნობაა, რომ თავად დიდი ოჯახის დიასახლისი გახდით?
– დედისერთობას დიდად არ განვიცდიდი. შეიძლება ცოტა ეგოისტი ვიყავი, არ მიოცნებია დედმამიშვილებზე. სამაგიეროდ, ძალიან კარგია, რომ სამი შვილი გავაჩინე და მათაც შვილები ჰყავთ. დიდი ბედნიერებაა, როცა ერთად ვიკრიბებით და ერთმანეთს ვეფერებით.

