,,სარკე”, რუსუდან ადვაძე
მეცნიერი ზაალ კოკაია 27 წლის იყო, საქართველოდან შვედეთში რომ წავიდა და მას შემდეგ, 1992 წლიდან, ლუნდის უნივერსიტეტში მოღვაწეობს. მოგეხსენებათ, ეს ჩრდილოეთ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და დიდი უნივერსიტეტია. მის კვლევით ბიოსამედიცინო ცენტრში მეცნიერები მთელი მსოფლიოდან იყრიან თავს და იქვე შეისწავლება თავის ტვინის პათოლოგიები.
ახლა ბატონი ზაალი სწორედ იმ ლაბორატორიას ხელმძღვანელობს, რომელიც თავის ტვინის სხვადასხვა პათოლოგიებსა და ღეროვან უჯრედებს იკვლევს. მანამდე კი, 10 წლის განმავლობაში, ლუნდის უნივერსიტეტის ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორი გახლდათ.
ქართველი მეცნიერი შვედეთში ცოლთან, თამარ ჩიქოვანთან და ერთი წლის შვილთან ერთად წავიდა. იქ კიდევ ერთი შვილი შეეძინა და ახლა ორი ვაჟის მამა გახლავთ. უფროსი ვაჟი დაოჯახდა და შვილიშვილიც აჩუქა. მიუხედავად იმისა, რომ მისი შვილები სამშობლოდან შორს გაიზარდნენ, ქართული ენა კარგად იციან.
ზაალ კოკაია კარგად იცნობს ვირუსების ბუნებას და, რა თქმა უნდა, ვაქცინების დამზადების ტექნოლოგიაშიც შესანიშნავად ერკვევა. “სარკეს” ის კოვიდპანდემიის გარშემო არსებულ ყველაზე აქტუალურ კითხბებზე პასუხობს და სამშობლოდან შორს თავის ცხოვრებაზე უამბობს (ინტერვიუ ჩაწერილია ზაფხულში).
– ბატონო ზაალ, საქართველოდან გასული საუკუნის ე.წ. ბნელ 90-იან წლებში წახვედით. როგორია თქვენ მიერ განვლილი გზა? ალბათ რთული იყო მაშინ ქვეყნიდან წასვლა.
– 1984 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი და შემდეგ ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში გავაგრძელე სწავლა აკადემიკოს ვაჟა ოკუჯავას ხელმძღვანელობით. ჩემი ძმაც იმავე ლაბორატორიაში მუშაობდა, ისიც ბიოლოგი იყო და ერთად დავიწყეთ მუშაობა.
1987 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია. დაახლოებით ამავე პერიოდში ჩემი ძმა გაცვლითი პროგრამით გაემგზავრა შვედეთში. იქ, ლუნდის უნივერსიტეტში, ჰისტოლოგიის კათედრაზე სტაჟირება გაიარა, შემდეგ დაბრუნდა და ჩვენ შვედებთან თანამშრომლობა გავაგრძელეთ.
1990 წელს მომეცა საშუალება, შვედეთის ინსტიტუტიდან მეც მიმეღო დაფინანსება და ჩავსულიყავი ექვსთვიან სტაჟირებაზე. ეს მუშაობა ძალიან ნაყოფიერი გამოდგა და ეს ექვსი თვე ათ თვემდე გამიგრძელდა. საქართველოში რომ ვბრუნდებოდი, შემომთავაზეს, უკან დავბრუნებულიყავი. მაშინ ახალი შეძენილი მყავდა შვილი, რომელიც უჩემოდ გაჩნდა საქართველოში. 6 თვის იყო, პირველად რომ ვნახე.
1992 წლის იანვარში მეუღლესთან და ერთი წლის შვილთან ერთად კვლავ შვედეთში წამოვედი. 1995 წელს აქაც დავიცავი დისერტაცია. იმ პერიოდში გაუგებარი იყო, როგორი იქნებოდა ეს სისტემა, დავბრუნდებოდი თუ არა საქართველოში. ამიტომ 1997 წელს კიდევ ერთხელ დავიცავი თბილისში სადოქტორო დისერტაცია, მაგრამ აქ მომეცა საშუალება, გამეგრძელებინა ჩემი მეცნიერული კვლევები.
შემდეგ კი მივიღე მუდმივი თანამდებობა – ჯერ ასოცირებული პროფესორი, შემდეგ უკვე სრული პროფესორი გავხდი. ახლა ლაბორატორიის გამგე ვარ. 10 წლის განმავლობაში ვიყავი ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორი. შარშან გადავდექი და ვაგრძელებ ლაბორატორიის ხელმძღვანელობას და კვლევას თავის ტვინის სხვადასხვა პათოლოგიებსა და ღეროვან უჯრედებში.
საქართველოდან როდესაც მეორედ წამოვედი, მაშინ მანდ სამოქალაქო ომი იყო. ზვიად გამსახურდია წავიდა თბილისიდან. კომუნიკაცია გართულებული იყო, თბილისის აეროპორტიც დაიკეტა და ჩვენ მოგვიწია სოხუმში მანქანით წასვლა, რომ იქიდან გავფრენილიყავით მოსკოვში. სოხუმამდე ძლივს ჩავაღწიეთ. მამაჩემმა და ჩემმა სიმამრმა წაგვიყვანეს.
სოხუმში რომ ჩავედით, გაირკვა, რომ თვითმფრინავი მოსკოვიდან ადლერში ჯდებოდა სოხუმის მაგივრად. სოხუმიდან ადლერში მოგვიწია მანქანით წასვლა და იქიდან გავფრინდით მოსკოვში, საიდანაც შვედეთში ჩავედით. ასეთი რთული გზით ჩამოვაღწიეთ. მერე რამდენიმე წელი ვეღარც მოვახერხეთ საქართველოში ჩამოსვლა.
მუდმივად დარჩენა არასოდეს გადამიწყვეტია. სულ მქონდა იმედი, რომ დავბრუნდებოდი, მაგრამ რეალობა ისეთი იყო, რომ თუ დავბრუნდებოდი, ძალიან ძნელი იქნებოდა ჩემი დარჩენა მეცნიერებაში. ამიტომ ჩემი და ჩემი მეუღლის ერთობლივი გადაწყვეტილება იყო, რომ აქ ყოფნა გაგვეგრძელებინა. მერე კი შვილები წამოიზარდნენ და უკვე შვედეთში დავფუძნდით.
– თქვენი ძმაც ისევ შვედეთში ცხოვრობს?
– დიახ. მე რომ დავბრუნდი შვედეთში, ჩემი ძმა უკვე აქ იყო ოჯახით. პროფესორია ლუნდის უნივერსიტეტის იმავე ნევროლოგიის კათედრაზე, სადაც მე და ჯგუფს ხემძღვანელობს. ის – ეპილეფსიის და მე – ტვინის ინსულტის მიმართულებით ვმუშაობთ.
– ღეროვანი უჯრედების კვლევაში რა მიღწევებია ამ დროისათვის? მეცნიერები დიდ იმედებს ამყარებდნენ წლების წინ.
– ნერვული სისტემის მკურნალობასთან მიმართებაში ჯერ ისევ ექსპერიმენტულ დონეზეა, თუმცა ცხოველებიდან გადავინაცვლეთ ადამიანის უჯრედებზე. კანის უჯრედებიდან გენეტიკური რეპროგრამირებით ვქმნით ნერვულ უჯრედებს, რომლებსაც ვნერგავთ ცხოველების დაზიანებულ ტვინში და ვსწავლობთ, როგორ შეიძლება დაზიანებული უბნები აღადგინოს გადანერგილმა ნეირონებმა, ნერვულმა უჯრედებმა, ანუ ინსულტის შემდეგ დაზიანებული უჯრედების კომპენსირება რამდენად შეიძლება მოხდეს გადანერგვის შემდეგ.
რაც შეეხება პარკინსონის დაავადებას, მომავალი წლიდან უკვე იგეგმება კლინიკური კვლევა ღეროვანი უჯრედების გადანერგვით. თავიდან, კვლევები ტარდებოდა დაღუპული, აბორტის შედეგად მიღებული დოფამინერგული უჯრედებით, მაგრამ ახლა უკვე არა ნაყოფიდან, არამედ ადამიანის კანიდან აღებული უჯრედებითაა შესაძლებელი, რაც ხსნის ბევრ ეთიკურ და ლოჯისტიკურ პრობლემას. ეს იქნება უჯრედების შეუზღუდავი წყარო.
როდესაც აბორტირებულ მასალაზეა საუბარი, ეს მასალა გამოიყენებოდა, რომ პრინციპი შესწავლილიყო, თორემ სამედიცინო ტექნოლოგიად არასოდეს განიხილებოდა, რადგან პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა. ამ გზით დადგინდა, რომ შესაძლებელია ადამიანების დოფამინერგული უჯრედების გამოყენება პარკინსონის დაავადების სიმპტომების კომპენსაციისთვის. ახლა უკვე შემდგომი ეტაპია, რომ წყარო არ იყოს დაკავშირებული აბორტთან და მუდმივად გაამრავლო, რათა შეუზღუდავი რაოდენობით გქონდეს. ამდენად, ძალიან წინ მიდის ეს ტექნოლოგია და იმედი მაქვს, 5-10 წელიწადში საკმაოდ კარგი შედეგები იქნება ამ დაავადების თვალსაზრისით.
რაც შეეხება ინსულტს, რაზეც პირადად მე ვმუშაობ, ძალიან საინტერესო კვლევებს ვატარებთ, როდესაც ვიყენებთ ნეიროქირურგიული ოპერაციის შედეგად ამოღებულ ტვინის ქერქის ქსოვილს, კულტურაში ვათავსებთ რამდენიმე კვირით და ამ ქსოვილს ვიყენებთ კანიდან მიღებული ნერვული უჯრედების ტრანსპლანტაციისთვის. საკმაოდ საინტერესო და იმედისმომცემი მონაცემები გვაქვს.
იმედი მაქვს, რომ მალე შესაძლებელი იქნება ინსულტიანი ადამიანების გარკვეულ ჯგუფში უჯრედების გადანერგვა, რაც მათ დაეხმარება, აღიდგინონ დაქვეითებული ფუნქციები.
– სოციალურ ქსელში წერდით, შვედეთში კოვიდპანდემიის არც ერთ ეტაპზე პირბადე არ ყოფილა სავალდებულო და არც ლოქდაუნი ან კომენდანტის საათი გამოცხადებულაო. როგორ და რითი ებრძოდა შვედეთი პანდემიას და რაში უნდა მივბაძოთ?
– კოვიდპანდემიის პირობებში არ ყოფილა ლოქდაუნი, არც სკოლები დახურულა, მხოლოდ გიმნაზიები და უნივერსიტეტები გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე. კინოთეატრები, მუზეუმები დაკეტილი იყო და შეზღუდული იყო სპორტული აქტივობები, მაგრამ სავალდებულო არასოდეს ყოფილა პირბადის ტარება, მხოლოდ რეკომენდებული იყო გარკვეული პერიოდი ტრანსპორტში. ასევე რეკომენდებული იყო დისტანციის დაცვა და დახურულ სივრცეში ერთდროულად მყოფი ადამიანების რაოდენობა.
ჩვენ გვქონდა რეკომენდაცია, რაც შეიძლებოდა სახლიდან გაგვეკეთებინა, ასე გვემუშავა. სახლიდან შემეძლო ყველაფრის მართვა, ლექციების ჩატარება… თავშეყრის ადგილებში დისტანციას ვიცავდით.
ვვარაუდობთ, რომ შემოდგომისთვის მოსახლეობის 90% ორჯერადად იქნება აცრილი. ახლა უკვე მოსახლეობის 50%-ზე მეტია ორჯერადად აცრილი. შვედები კანონმორჩილი ხალხია. რეკომენდაციებს მაქსიმალურად იცავენ. იციან, რომ ეს მათი კეთილდღეობისთვის არის. არ არის აუცილებლობა, ჯარიმა დააწესო და სხვა სასჯელი მოიფიქრო. მათი ყოფა ადამიანების მაღალ შეგნებაზეა დაფუძნებული.
იმის თქმა, რომ ეს ჩემი ორგანიზმია და, თუ მინდა, დავინფიცირდები, ვერავინ ამიკრძალავს, არასწორია, რადგან შენი დაინფიცირებით საფრთხეს სხვებსაც უქმნი. პირადი თავისუფლების შეზღუდვის დონეზე არ უნდა დავიყვანოთ ეს ამბავი, რაც ქართველებისგან ხშირად მსმენია.
თუ გვინდა, პანდემიის ჯაჭვი გაწყდეს, ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციაა. თუ ვირუსს ექნება შეზღუდული გადაცემისა და გამრავლების უნარი, შესაბამისად, მუტაციებიც ნაკლები იქნება და გავრცელებას შევამცირებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, მეცნიერებმა თუ ექიმებმა ძალ-ღონე არ დავზოგოთ, რომ ეს ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას და ამ ინტერვიუზე დათანხმების ერთ-ერთი მიზანიც ეგ არის, რომ თქვენს მკითხველს კიდევ ერთხელ გავუმეორო, რომ აცრა არის ამ ბოროტების დაძლევის ერთადერთი გზა და ყველა უნდა დავირაზმოთ.
– ჩვენთან ამ ვაქცინებს იმიტომაც ებრძვიან, რომ რნმ ტიპის ვაქცინებში აბორტის მასალაა გამოყენებული. თქვენ ყველაზე კარგად იცით აბორტის მასალის გამოყენებისა და ვაქცინის მოქმედების მექანიზმი. მოგვიყევით ამაზე.
– ჯერ კიდევ 60-70-იან წლებში აბორტის შედეგად დაღუპული ნაყოფის უჯრედებიდან მიღებული იყო ადამიანის უჯრედული ხაზი, რომელსაც იყენებენ კულტურის პირობებში სხვადსხვა კვლევების და წამლების წარმოებისთვის. ეს უჯრედები გამოიყენეს სხვადასხვა მიზნებისთვის ვაქცინების შექმნის და გამოცდის პროცესში. რეალურად, არც ერთი ვაქცინის შემადგენლობაში არ შედის უშუალოდ ადამიანის უჯრედები. ეს მასალა პირდაპირ კავშირში არ არის ვაქცინებთან, არ წარმოადგენს ვაქცინის ნაწილს.
ამ უჯრედების გამოყენებით შეიქმნა არა მარტო კოვიდვაქცინები, არამედ სხვა მრავალი ვაქცინა და პრეპარატი და ამაზე აქცენტს არც არავინ აკეთებს, არც ყურადღებას აქცევს. მით უმეტეს, აბორტი ამ მიზნებისთვის არ გაკეთებულა. ის ჩანასახი უკვე მკვდარი იყო და ამ დაღუპული ჩანასახის უჯრედების მრავალჯერადი გამრავლებით მიიღეს ე.წ. უჯრედული ხაზი. ანუ დღეს, პირველადი უჯრედები არ გამოიყენება, ის პირველადი უჯრედები მრავალ ათასჯერ გაიყო და ამჟამად გამოყენებულ უჯრედების დახმარებით იქმნება პრეპარატი, რომელიც გადაარჩენს სიცოცხლეს. სად არის აქ პრობლემა, ვერ ვხვდები. ეს სიცოცხლე არ შეწყვეტილა სპეციალურად იმისთვის, რომ რამე პრეპარატი შექმნილიყო. ეს იგივეა, დაღუპული ადამიანიდან გამოიღო გული თუ სხვა ორგანო და მომაკვდავ ადამიანს გადაუნერგო, შეწყვეტილი სიცოცხლით გადაარჩინო და გაახანგრძლივო სხვა სიცოცხლე. უკვე დაღუპულ ჩანასახი გამოიყენეს, რათა გაკეთდეს სიკეთე და სხვა ადამიანების სიცოცხლე გადარჩეს. თანაც ეს მოხდა ერთხელ, მრავალი ათწლეულის უკან და დღესაც მკვლევარები იმ ერთეული აბორტის შემდეგ მიღებული უჯრედების შთამომავლებს იყენებენ. ან მე ვერ ვხვდები, ან ჩემთვის ვერავინ შეძლო იმის ახსნა და დასაბუთება, რაშია აქ პრობლემა.
ვიმეორებ, ძალიან ბევრი პრეპარატი მოიხმარება დღესდღეობით, რომელთა შექმნისა თუ გამოცდის პროცესში ადამიანის უჯრედების იგივე ხაზები იქნა გამოყენებული და ამაზე ხაზგასმა მხოლოდ კოვიდვაქცინის შემთხვევაში არასწორია. ჩემი აზრით, ამაში არც მორალური, არც ეთიკური და არც რელიგიური თუ სხვა პრობლემა არ არის იმდენად, რამდენადაც ეს კეთილშობილურ საქმეს, ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება.
– მამაკაცების რეპროდუქციულ ფუნქციას აქვეითებსო, ამაზეც საუბრობენ, ასევე – გენეტიკაზე აქვს გავლენაო.
– არც ქალებში, არც კაცებში რნმ ვაქცინა არანაირ გავლენას არ ახდენს რეპროდუქციულ ფუნქციაზე. საერთოდ არ ეხება გენეტიკურ მასალას, იმ ბირთვამდე არც აღწევს, სადაც გენეტიკური მასალაა მოთავსებული. ასე რომ, არანაირი შეხება არ აქვს გენეტიკურ ინფორმაციასთან, აბსოლუტურად უსაფრთხოა და არც არანაირი დასაბუთებული სამეცნიერო კვლევა არ არსებობს, რომელიც აჩვენებს, რომ ეს ვაქცინები იწვევს სიკვდილს, პირიქით, ფაქტობრივად იცავს თითქმის 100%-ით.
დღეს კოვიდით გარდაცვლილი პაციენტების 99% არავაქცინირებულია. ვაქცინაცია მხოლოდ სიკვდილისგან კი არა, რთულად გადატანისგანაც გვიცავს. მათი 95%, ვისაც მძიმე მიმდინარეობა აქვს, აცრილი არ არის. ასევე, ვაქცინირებულს შეიძლება შეხვდეს, მაგრამ ალბათობა იმისა, რომ სხვას გადასცეს, ძალიან დაბალია. რამდენიც უნდა იძახონ ანტივაქსერებმა, აცრა კლავსო, სტატისტიკას ვერაფერს უზამთ, ამ რიცხვებით უნდა დავუპირისპირდეთ.
– რაც შეეხება ჩინურ ვაქცინებს, როგორია თქვენი შეფასება?
– ეს არის ტრადიციულ ტექნოლოგიაზე დამზადებული, ძალიან უსაფრთხო ვაქცინები. მართალია, მათი ეფექტურობა რნმ ვაქცინებზე შედარებით ნაკლებია, მაგრამ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. არის ახალი მონაცემები, როდესაც ,,ფაიზერიძძ შეგვიძლია გამოვიყენოთ დამატებით, ბუსტერ დოზად.
ანტივაქსერებს წარმოდგენა არ აქვთ, ვაქცინები რეალურად როგორ მუშაობს, რა შეიძლება გამოიწვიოს და სოციალურ ქსელში აქტიურად წერენ, 2 წლის მერე მოკვდებით აცრილებიო. რომ ჩაეკითხო, რატომ მოვკვდებიო, ვერ გიპასუხებენ. სახელმწიფო მოსახლეობის 90%-ის მკვლელობას მიზანმიმართულად გეგმავს?! რა მიზანს ემსახურება ეგ ამბავი? ვისი ინტერესია ამაში ჩადებული?
მეც აცრილი ვარ, ჩემი მეუღლეც, შვილებიც, ჩემი 88 წლის დედაც აიცრა თბილისში “ასტრა-ზენეკათი”. კოვიდიც გადაიტანა ისე, საავადმყოფოშიც არ გადაგვიყვანია. ჩემი 87 წლის სიმამრიც აიცრა თბილისში ,,ასტრა-ზენეკათიძძ და მშვენივრად გრძნობს თავს. თუ ბავშვებზე იქნება ნებადართული, ჩემს შვილიშვილსაც აუცილებლად გავუკეთებ.
ორი წლის მერე მოკვდებითო, რომ გაიძახიან, იმაზე რატომ არ ფიქრობენ, კოვიდის გადატანამ რა შეიძლება გამოიწვიოს, თუნდაც ორი თუ ხუთი წლის მერე და რითი შეიძლება დაავადდე?! ვის აქვს ამის გამოცდილება?
– შვედეთში რომელი ვაქცინებია?
– ძირითადად “ფაიზერით” ცრიან, “ასტრა-ზენეკათი” – მხოლოდ 65 წლის შემდგომ. “მოდერნაც” არის ცოტა. აცრაზე რომ მიდიხარ, წინასწარ არ იცი, რომელს გაგიკეთებენ. თავად ვერ წყვეტ, რომელი ვაქცინა გაიკეთო. აქ ხალხი ენდობა ექიმებს. იციან, რომ მათი გადაწყვეტილება სამედიცინო, მეცნიერულ და ეპიდემიოლოგიურ მონაცემებზეა დაფუძნებული. სწამთ, რომ უკეთდებათ მათთვის საუკეთესო.
ანტივაქსერები ძალიან რთული კატეგორიის ადამიანები არიან. რამდენჯერმე ვცადე, კვლევებით, რიცხვებით, ფაქტებით მათთან მსჯელობა, მაგრამ ისინი რაღაც შეურაცხადის კატეგორიაში გადიან. თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც ლეგიტიმური კითხვები აქვთ, ინფორმაციის ნაკლებობას განიცდიან და აინტერესებთ სხვადასხვა ვაქცინების თვისებები. ასეთი ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საინფორმაციო კამპანია და მუდამ სიხარულით ვუხსნი ყველაფერს, ჩემს აზრს ვეუბნები. მათ შორის ექიმებსაც ჰქონიათ კითხვები.
მე ნეირომეცნიერი ვარ და არა – ვირუსოლოგი, მაგრამ ჩემს კვლევებში თითქმის ყოველდღიურად ვიყენებ ვირუსებს, ეს გარკვეულწილად კვლევის ინსტრუმენტია ჩვენთვის. ამიტომ გარკვეული ცოდნა მაქვს და შემიძლია აღვიქვა, გავიგო მათი მოქმედების მექანიზმი. იმუნოლოგიაშიც მაქვს გარკვეული კვლევები ჩატარებული და რაც ვიცი, ყველას ყოველთვის სიამოვნებით ვუხსნი.
სამედიცინო რჩევას ვერავის მივცემ, ჩემი მხრიდან არაეთიკური იქნება, რადგან ექიმი არ ვარ. როდესაც სამედიცინო კითხვას მისვამენ, ვარკვევ ჩემს კოლეგა ექიმებთან, ვუზუსტებ და მათაც ვცემ პასუხს.
– საქართველოში გაზრდილი კაცისთვის რამდენად ადვილი იყო შვედეთთან შეგუება და სამშობლოდან შორს ცხოვრება?
– როდესაც ადამიანს საინტერესო საქმე გაქვს და გვერდით გიდგას საყვარელი ადამიანი, სხვა არანაირი წინააღმდეგობა არ წარმოადგენს პრობლემას. მე მქონდა ჩემი საყვარელი საქმე – სამეცნიერო კვლევა და გვერდით მედგა ჩემი მეუღლე, რომელიც თავიდან ბოლომდე მიჭერდა მხარს და ერთად ვეგუებოდით აქაურ ცხოვრებას, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან განსხვავებულია ეს ორი ქვეყანა. ცხოვრების ნახევარი აქ გავატარე. 27 წლის ვიყავი, აქ რომ წამოვედი და 30 წელია, აქ ვარ.
პრობლემა იყო თავიდან, როდესაც სამშობლოსთან კომუნიკაცია იყო რთული. არამცთუ ინტერნეტი არ იყო, ტელეფონითაც კი ჭირდა დარეკვა. უნდა შეგეკვეთა დარეკვა მოსკოვის გავლით. ახლა ისე გავიდა წელიწადნახევარი, საქართველოში არ ვყოფილვარ, მაგრამ იმდენად ყოველდღიურია საუბარი, ინფორმაციის გაცვლა, ეს ძალიან გიმსუბუქებს დისტანციის არსებობას. კორონამდე წელიწადში 5-6-ჯერ ჩამოვდიოდი თბილისში და მეგობრები მეუბნებოდნენ, შენ უფრო ხშირად გნახულობთ, ვიდრე მათ, ვინც აქ ცხოვრობენო.
შვედები არაჩვეულებრივი ხალხია – მეგობრული, კეთილგანწყობილი, ერთგული, არ შემოიჭრებიან შენს სივრცეში. თუ დაგიმეგობრდა, ბოლომდე შეგიძლია ენდო. თუ რამეს დაგპირდებიან, აუცილებლად ასრულებენ. ერთი სიამოვნებაა ჩემთვის შვედ კოლეგებთან და სტუდენტებთან ურთიერთობა.
ქვეყანაში როდესაც სისტემები მუშაობს, ინფრასტრუქტურა აწყობილია, ადამიანები გაცილებით მშვიდად არიან, ნაკლებად ემოციურები არიან… ისედაც ნაკლებად ემოციურია ჩრდილოეთის ხალხი, მაგრამ, როდესაც ენდობი სისტემას, გაცილებით ადვილია ცხოვრება და იცი, რომ ხვალინდელი დღე საფრთხეს არ შეიცავს.
აქ ყველას აქვს ერთნაირი შანსი, მიიღოს განათლება თუ ჯანდაცვა. როდესაც ეს ორი პრობლემა მოხსნილია, სხვა პრობლემებიც ნაკლებია, რაც მშვიდ, წყნარ განწყობას ქმნის და გაცილებით ადვილია ამ ტიპის ქვეყანაში ცხოვრება.
– საყვარელი მეუღლეა ჩემთან ერთადო. რას საქმიანობს თქვენი საყვარელი ქალი?
– ჩემი მეუღლე ფილოლოგია. მან ძალიან კარგად შეისწავლა შვედური და ასტრიდ ლინდგრენის რამდენიმე წიგნიც თარგმნა ქართულად. თარჯიმნადაც მუშაობს და ბოლო რამდენიმე წელია, ჩემი ძმის ცოლთან ერთად სამკაულების მაღაზიაც აქვს.
– თავად ამზადებენ?
– ჩემი რძალი თვითონაც ამზადებს სამკაულებს, მაგრამ ძირითადად საკანდინავიელ იუველირებთან მუშაობენ. ეს უფრო ჰობია მათთვის, ვიდრე ბიზნესი. მათთვის საინტერესო საქმიანობაა და მთავარი ეს არის.
თამუნა ჩვენი ორი ვაჟის აღზრდით იყო დაკავებული. უფროს შვილს ოჯახი აქვს და შვილიშვილიც გვყავს – 2 წლის. უმცროსი ვაჟი სტოკჰოლმში ცხოვრობს, იქ მუშაობს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იქ მიიღო სამსახური და გადაბარგდა.
– რა პროფესია აირჩიეს თქვენმა შვილებმა?
– უფროსი თეორიული ფიზიკოსია. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა და ანალიტიკოსად მუშაობს ერთ-ერთ დიდ კომპანიაში. მისი მეუღლეც ასტროფიზიკოსია. მანაც დაიცვა დისერტაცია.
უმცროსი ვაჟი მენეჯმენტის და კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტია და ერთ-ერთ დიდ კომპანიაში მუშაობს, რომელიც უზრუნველყოფს საავადმყოფოებსა და ჯანდაცვის დაწესებულებებს კომპიუტერული პროგრამებით.
– შვედი რძალი გყავთ?
– წარმოშობით უნგრელია. ერთმანეთი რომ გაიცნეს, ორივე დოქტორანტი იყო კათედრაზე. დაქორწინდნენ და გვაჩუქეს პატარა ჯეისონი, რომელიც 2 წლის არის და ოთხ ენაზე ცდილობს ლაპარაკს – ქართულად, შვედურად, ინგლისურად და უნგრულად.
– თქვენმა ვაჟებმა იციან ქართული?
– კი, აბსოლუტურად თავისუფლად ლაპარაკობენ და ყველაზე დიდი მნიშვნელობა იმას ჰქონდა, რომ სახლში მუდამ ქართულად ვსაუბრობდით. ზაფხულობით ჩემს მეუღლეს ყოველთვის ჩამოჰყავდა თბილისში რამდენიმე თვით, რაც მათ ქართულს მუდმივად აუმჯობესებდა, ლექსიკას ზრდიდა.
დღესაც შვილებთან ყოველთვის ქართულად ვსაუბრობთ. უყვართ საქართველო და თბილისში ჩამოსვლა და, როცა შესაძლებლობა აქვთ, სიამოვნებით ჩამოდიან.
– საბოლოოდ სამშობლოში დაბრუნებას აპირებთ თუ არა?
– წინასწარ რაიმეს თქმა ძნელია. 30 წლის წინ რომ ვინმეს ეთქვა ჩემთვის, ცხოვრების მეორე ნახევარს შვედეთში გაატარებო, სასაცილოდ არ მეყოფოდა. ასე რომ… შესაძლებლობების ფანჯარას არასოდეს ვკეტავ, ყოველთვის ღიაა. თან არასოდეს მაქვს განცდა, რომ მოწყვეტილი ვარ საქართველოს.
არ გამოვრიცხავ, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ ჩამოვიდე. ადამიანური ურთიერთობები მენატრება, თორემ ქართულ საჭმელსა და ღვინოს აქაც იყიდი. მე მიყვარს საჭმელების კეთება და ხშირად ვაკეთებ კიდეც ქართულ კერძებს.
– რისი კეთება გიყვართ?
– ყველაფერს ვაკეთებ. ხაჭაპურსაც ვაცხობ ჩემ მიერ გამოყვანილი საფუარით, რომელსაც სახლში ვზრდი და იმით ვზელ ცომს. ამ საფუარს ვიყენებ პურის საცხობად. ერთ წელზე მეტია, პური არ გვიყიდია. საინტერესო პროცესია ჩემთვის, როგორც მეცნიერისთვის. კოვიდის დროს დავიწყე ეს ამბავი და ყველანაირ ცომეულს ამ საფუარის საშუალებით ვაკეთებ. თვითნასწავლი კულინარი ვარ. ყველა რეცეპტში ჩემეულ რაღაცას ვამატებ.
– თავს ემიგრანტად მიიჩნევთ?
– არა, რადგან უკვე ნაწილი ვარ აქაური საზოგადოების. საქართველოშიც სახლში ვგრძნობ თავს და აქაც. ორმაგი მოქალაქე ვარ და ორი სამშობლო მაქვს – საქართველო და შვედეთი.

