,,ვისწავლეთ ერთმანეთის უსიტყვოდ გაგება, დათმობა, მიტევება” – გიორგი გაგნიძის და მაია გოგოლაძის სიყვარულის ამბავი

,,ვისწავლეთ ერთმანეთის უსიტყვოდ გაგება, დათმობა, მიტევება" - გიორგი გაგნიძის და მაია გოგოლაძის სიყვარულის ამბავი,,სარკე”, ია ქუთათელაძე

ოჯახური უღელი მსუბუქი სატარებელი არასოდეს არის. წყვილს დიდი შრომა და გულმოდგინება სჭირდება, მაგრამ, როცა სიყვარული და ერთგულება აკავშირებთ ერთმანეთთან, ყველა სიძნელის დაძლევა შესაძლებელია.

მაია გოგოლაძეს ერთნაირად იტაცებდა და აინტერესებდა მუსიკა და მედიცინა. დედა, ნანა ღამბაშიძე, მუსიკალური სკოლის დირექტორი იყო, მამა, ბატონი ვასილი, სამედიცინო სფეროში მუშაობდა. გული არც ერთს დასწყვიტა, მუსიკალური განათლებაც მიიღო და სამედიცინო უნივერსიტეტიც დაამთავრა. ძალიან ნიჭიერი იყო, შეეძლო ორივე საქმეში თავისი სიტყვის თქმა, მაგრამ… აქ მოხდა ყველაზე მთავარი, რამაც მთლიანად შეუცვალა დაწყობილი გეგმები.

თბილისის ოპერის თეატრში “კარმენის” პრემიერა იყო და მუსიკაზე უზომოდ შეყვარებული ახალგაზრდა ქალი დაესწრო. შემდეგ აღფრთოვანებულმა მთავარი როლების შემსრულებლებს წარმატება პირადად მიულოცა. მომღერლებს შორის ერთ-ერთი დღეს მსოფლიოში ცნობილი ბარიტონი, საოპერო ვარსკვლავი, მაშინ კი ჯერ კიდევ დამწყები, მაგრამ საოცრად ნიჭიერი გიორგი გაგნიძე გახლდათ. ახალგაზრდებს შორის პირველი დანახვისთანავე გაიბა ის უხილავი სიმები, რომლებმაც შემდგომში ისინი მთელი ცხოვრება მჭიდროდ დააკავშირა.

გიორგის კარიერა ის-ის იყო იწყებოდა, ვერდის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვების და გრან პრის აღების შემდეგ მსოფლიოს საოპერო თეატრებმა ნადირობა დაიწყეს ბარიტონზე და პირველი დიდი კონტრაქტიც გაფორმდა.

ახალგაზრდა წყვილს პირველი შვილი უკვე ჰყავდა, როცა საქართველოდან გერმანიაში გადავიდნენ საცხოვრებლად. მაია მიხვდა, რომ საოცნებო თეთრი ხალათი ბევრად უფრო დიდ მისიაზე უნდა გაეცვალა. მთავარი გიორგისთვის ხელის შეწყობა იყო, მას უნდა ეგრძნო მეუღლის თანადგომა, რომ წარმატებით გადადგმული პირველი ნაბიჯები დიდი გამარჯვებით დაგვირგვინებულიყო. როგორ გაიარა ეს გზა ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა, გიორგი გაგნიძის მეორე ნახევარი ,,სარკესთან” ყვება.

– მაია, რა არის ბავშვობის ყველაზე ნათელი მოგონება თქვენთვის?

– დაუფიქრებლად შემიძლია გიპასუხოთ – მუსიკა. დედა მყავდა მუსიკოსი, მამა და ბებია შესანიშნავად მღეროდნენ, ბავშვობიდან მესმოდა გემოვნებიანი მუსიკა. დღესაც თვალწინ მიდგას ჩვენს ოჯახში შეკრებილი ადამიანები, ჩამესმის მათი სიმღერა. ამან ჩემზე დიდი გავლენა იქონია. ალბათ კონსერვატორიაშიც განვაგრძობდი სწავლას, მაგრამ მამის პროფესიაზე დაკვირვებით მივხვდი, კეთილშობილური საქმე იყო ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ამიტომ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი.

დედამ არა მარტო მე შემაყვარა მუსიკა, არამედ მოასწრო და ჩემი შვილებიც აზიარა მუსიკის ანა-ბანას. 6 წელია, რაც აღარ მყავს და დღემდე ვერ შევეგუე იმ აზრს, რომ ჩემ გვერდით აღარ არის. არა მარტო ბავშვობის ნათელი მოგონება, ჩემი ცხოვრების მთავარი მოგონებაც დედა და მუსიკაა.

– მომხიბლავი გარეგნობის გოგონა სამედიცინო და მუსიკალური განათლებით ალბათ საოცნებო სარძლო იყავით და ბევრი თაყვანისმცემელიც გყავდათ. როგორ გადაიკვეთა თქვენი და გიორგის გზები?

– ნამდვილად მყავდა თაყვანისმცემლები, მაგრამ იმ ნაპერწკლის გაღვივება ვერავინ შეძლო, რაც სიყვარულს სჭირდება. ჩემი სტუდენტობა გასული საუკუნის 90-იან წლებს დაემთხვა, ჩაბნელებულ ქალაქში სულიერი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებელი ბევრი არაფერი იყო. საბედნიეროდ, ოპერაში ზოგჯერ საინტერესო წარმოდგენა იმართებოდა. ერთი ასეთი იყო რობერტ სტურუას მიერ დადგმული “კარმენი”. ეს ორმაგად საინტერესო და უჩვეულო იყო, რადგან დიდმა თეატრალურმა რეჟისორმა გააკეთა საოპერო წარმოდგენა.

სპექტაკლი წარმატებული აღმოჩნდა. მე, როგორც აღტაცებულმა მაყურებელმა, მსახიობებს წარმატება მივულოცე. მათ შორის იყო გიორგი, რომელიც ესკამალიოს როლს ასრულებდა. არ ვიცი, რა მოხდა ჩვენ შორის, მაგრამ პირველი წუთიდანვე ვიგრძენი მიზიდულობა. თუ მილოცვის და გაცნობის ინიციატივა მე გამოვიჩინე, შემდგომი შეხვედრების ინიციატორი მთლიანად გიორგი იყო.

– გარდა ნიჭისა, რა აღმოაჩინეთ გიორგიში განსაკუთრებული, ის ,,მიზიდულობა” რამ გამოიწვია?

– განსაკუთრებული სიყვარული მუსიკის, ინტერესი ცხოვრების, ლტოლვა განვითარებისკენ, მიზანდასახულობა. 23 წლის ვიყავი, არანაირი მატერიალური დაინტერესება ამ ასაკში არ მქონია, თანაც იმ მძიმე დროს მუსიკოსების შემოსავალი მხოლოდ კაპიკები იყო. გიორგი იყო თბილი, გაწონასწორებული, პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული. მუსიკა ორივესთვის საერთო სიყვარული აღმოჩნდა.

ჩვენი ურთიერთობა დიდი ფეიერვერკებით სავსე არ იყო. ვერც იქნებოდა, რადგან თბილისში იმ დროს ნორმალური კაფეც არ არსებობდა, სადაც დავ-სხდებოდით და ვისაუბრებდით. დაღამდებოდა თუ არა, სახლში უნდა გავქცეულიყავი, ქუჩაში სეირნობაც საშიში იყო. უნივერსიტეტში მაკითხავდა, ყვავილებს მჩუქნიდა. გაზაფხულზე გავიცანი და შემოდგომაზე ვიქორწინეთ.

– რამდენად რთული იყო ახალგაზრდა წყვილისთვის უცხო ქვეყანაში, კერძოდ, გერმანიაში ცხოვრების დაწყება?

– მაშინ მარიამი, ჩვენი გოგონა, წლინახევრის იყო. არც მე და არც გიორგიმ გერმანული ენა არ ვიცოდით. საქართველოში თავს უამრავი ახლობელი მეხვია, იქ, უცხო ქალაქში კი ბავშვით სრულიად მარტო აღმოვჩნდით. თითქოს თავიდან დავიწყეთ ლაპარაკი, ნაბიჯების გადადგმა. რთული იყო, მაგრამ ამან უფრო დაგვაახლოვა, გაგვაერთიანა.

ძალიან კარგია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, სახელოვანი წარსულიც აქვს და საპატიოა მისი დასის წევრობა, მაგრამ საოპერო მომღერალს სჭირდება საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა, რომ ჩამოყალიბდეს, როგორც მაღალი კლასის ხელოვანი, იმუშაოს სხვადასხვა რეჟისორთან, დირიჟორთან.

ერთმანეთს ვამხნევებდით, ხშირად უერთმანეთობას ვიტანდით, რადგან პატარა ბავშვით ყველგან ვერ დავყვებოდი. მალე მეორე შვილიც შემეძინა – დავითი. მართალია, დედა ჩამომყავდა, მაგრამ მუდმივად ხომ არ იქნებოდა ჩვენ გვერდით. არც მან იცოდა გერმანული. როცა ბავშვებს ვუტოვებდი და გიორგისთან ერთად მივდიოდი, სულ მედარდებოდა ისინი. ასე რომ, რთული ცხოვრება გავიარეთ, მაგრამ ძალიან საინტერესო და დაუვიწყარი.

– გამოვიდა ისე, რომ ექიმის დიპლომი გვერდზე გადადეთ და თქვენი პროფესიული განვითარება, კარიერა გიორგის წინსვლას, მის წარმატებას შესწირეთ. ოდესმე, წუთიერად მაინც, გინანიათ ეს მსხვერპლი?

– მინდოდა, ჩემი პროფესიით მემუშავა. თბილისში დაწყებული მქონდა თერაპევტად მუშაობა. თავს არ ვიქებ, მაგრამ პროფესიონალი მედიკოსები მეუბნებოდნენ, რომ კარგი მომავალი მექნებოდა, მაგრამ, როცა ოჯახში შენი მეორე ნახევარი კიდევ უფრო ნიჭიერია, ვიდრე შენ და მას სჭირდება ხელისშეწყობა, რომ სერიოზული, ევროპული კარიერა გაიკეთოს, უნდა შეგეძლოს, შენს პატარა ოცნებას შეელიო უფრო დიდი და ნათელი მომავლისთვის.

ზოგჯერ თავს მახსენებს ჩემი ოცნება, გულიც მწყდება, მაგრამ ისევ იმ გზას გავივლიდი, რაც გავიარე, არჩევანის წინ რომ დავდგე.

– ახალგაზრდა ქალისთვის ალბათ ძნელი იყო მარტო, ქმრის გარეშე დიდი ხნით დარჩენა ბავშვებთან ერთად მაშინ, როცა მეუღლე თვეობით გასტროლებზე დადიოდა. გულის სიღრმეში ხომ არ ატარებდით წყენას, რომ ყველაფერი დათმეთ და ცხოვრება მას მიუძღვენით?

– ორი პატარა ბავშვით ევროპის შუაგულში, უცხო ქალაქში მარტო, საოჯახო საქმეებით დატვირთული ცხოვრება ძნელი იყო. ზოგჯერ გულიც მტკიოდა, მაგრამ იმდენად დიდი იყო მიზანი და ისეთი წარმატება ჰქონდა გიორგის, რომ ეს სიხარული ყველაფერს ფარავდა. უნდა შეგეძლოს, სინამდვილეს თვალი გაუსწორო, ამაში სიყვარული გეხმარება, იმ ადამიანის სიყვარული, ვინც შენთვის ძვირფასია.

იმასაც კარგად ვხედავდი, რომ გიორგისაც უჭირდა ჩვენ გარეშე ყოფნა, გასტროლებიდან დაბრუნებულს სჭირდებოდა ოჯახური სითბო, ჩვენი ბედნიერი თვალების დანახვა და როგორ შემეძლო, მისთვის ეს სიხარული მომეკლო, დამევლო ხელი შვილებისთვის და საქართველოში დავბრუნებულიყავი?!ძალიან დიდი შრომა დამჭირდა, რომ მარტოს გამეზარდა ორი შვილი, მაგრამ შევძელი და მიხარია, რომ გიორგის ამ მხრივ პრობლემები არ შევუქმენი.

– კარიერის დასაწყისში გიორგის შემოსავალი გაძლევდათ საშუალებას, კარგად გაგეზარდათ შვილები და ნორმალური ცხოვრების პირობები გქონოდათ?

– უკვე მოგახსენეთ, რომ შეჭირვებულ დროს მოგვიწია საქართველოს დატოვება. გზის ფული რომ მოგვეგროვებინა, გიორგიმ მანქანა გაყიდა. თავდაპირველად გერმანიაში მოკრძალებული შემოსავალი გვქონდა, ბავშვებიც სკოლაში უფასოდ სწავლობდნენ. როცა კონტრაქტებმა მოიმატა და შემოსავალიც გაიზარდა, სახელმწიფოს მიმართ ვალდებულებებიც გაიზარდა.

გერმანიაში განსხვავებული დაბეგვრის სისტემაა, შეძლებულ ადამიანებს უფრო დიდ გადასახადებს სთხოვენ. შესაბამისად, სკოლაშიც მოგვთხოვეს სწავლის საფასურის გადახდა. მიუხედავად ტრიუმფული კარიერისა და გაზრდილი შემოსავლებისა, მაინც არ მქონდა საშუალება, დამხმარე ამეყვანა, თანაც ჩვენს ოჯახებსაც ვეხმარებოდით საქართველოში.

– როცა უკვე დამკვიდრდით გერმანიაში, მოქალაქეები გახდით, სწორედ მაშინ გადაწყვიტეთ საქართველოში დაბრუნება. რა იყო ამის მიზეზი?

– გიორგის მშობლები შედარებით ხანდაზმულები იყვნენ და ვერ ახერხებდნენ ჩვენთან ჩამოსვლას. დედა, რომელიც მეხმარებოდა, მუდმივად ვერ იქნებოდა გვერდით. გერმანელები კარგი ადამიანები არიან, მაგრამ, სანამ კარგად არ გაგიცნობენ, არ დაგიახლოვდებიან. მე მუდმივად ვითვალისწინებდი იქაურ წეს-ჩვეულებებს, სულ დაძაბული ვიყავი, რომ არაფერი შემშლოდა. იქაური ყოფა ჩემთვის არ იყო ორგანული, მენატრებოდა ჩემი მეგობრები, შინაურები, ჩემი მშობლიური გარემო.

ბავშვები იზრდებოდნენ, სწავლობდნენ გერმანულ სკოლებში. მე სულ ვცდილობდი, ქართული არ დავიწყებოდათ, ქართულად ველაპარაკებოდი, ისინი კი გერმანულად მპასუხობდნენ. ბოლო წვეთი იყო, როცა დილით ჩემმა გოგონამ მითხრა, დედა, სიზმარი ვნახე და უნდა მოგიყვეო. ვკითხე, რა ენაზე ნახე სიზმარი-მეთქი. მიპასუხა, რა ენაზე უნდა მენახა, გერმანულადო. მაშინ გადავწყვიტე, რომ დრო იყო, სამშობლოში დავბრუნებულიყავით.

ემიგრაციაში ცხოვრებამ სულიერად გამომფიტა, ძალები აღარ მქონდა. ბევრ ახლობელს გაუკვირდა ჩემი გადაწყვეტილება, ხალხი აქედან ევროპაში გარბის, შენ სად მოდიხარო, მაგრამ მე ასე მირჩევნია. გიორგი გერმანიის საპატიო მოქალაქეა, ნებისმიერ დროს შეგვიძლია ჩავიდეთ. მინდოდა, შვილებს ქართული კარგად ესწავლათ, ქართველი მეგობრები გაეჩინათ, ქართული ფესვები შეეძინათ და ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელი.

– თქვენი შვილები გაიზარდნენ. მარიამი მამის გზას გაჰყვა, თბილისის კონსერვატორიაში ჩააბარა და ოპერის მომღერლობას აპირებს. როგორ შეხვდა ცნობილი ბარიტონი შვილის გადაწყვეტილებას?

– მარიამი საუკეთესო მოსწავლე იყო, ტექნიკურ საგნებსაც შესანიშნავად სწავლობდა და ჰუმანიტარულსაც. გადაწყვეტილება თავად მიიღო, ყველა მონაცემი აქვს, რომ კარგი ვოკალისტი გახდეს. გიორგიმ უთხრა, ჩემი სახით ხედავ შედეგს, მოგწონს წარმატებული მამა, ტაში, მაგრამ არ იცი, რამდენ რამეზე უარის თქმის ფასად არის მოსული ეს წარმატება, მზად თუ ხარ ამისთვისო. მარიამი საკმაოდ ჯიუტი და მიზანდასახულია, თქვა, მე ეს მინდა, ამას შევძლებო. გაგვახარებს, თუ თავისი მიზნის მიღწევას მოახერხებს.

– რა გზა გაიარა თქვენმა სიყვარულმა, რა დააკლდა და რა მოემატა მას?

– სიყვარული თუ გულწრფელია და ნაღდი, ბოლომდე რჩება. იმას, რომ გასტროლებზე იყო მუდმივად და ერთად ვერ ვიყავით, ადრეულ ასაკში უფრო გავნიცდიდი და ზოგჯერ უსიამოვნო ფიქრები მეწვეოდა, მაგრამ წლებთან ერთად ეს გადავლახე. ვისწავლეთ ერთმანეთის უსიტყვოდ გაგება, დათმობა, მიტევება. როცა მინდოდა, საყვედური მეთქვა, მახსენდებოდა, როგორ შრომობდა და ყოველთვის თავს ვიკავებდი.

სიყვარული განუყოფელია პატივისცემისგან და ჩვენ ერთმანეთის დიდი პატივისცემა გვაქვს. საერთო საზრუნავი შვილებზე უფრო აახლოებს და აერთიანებს მეუღლეებს. ბევრი სიძნელე უკან დარჩა, მეც დრო გამომითავისუფლდა. მინდა, ჩემი ოჯახის წევრებისთვის და მეუღლისთვის მომხიბლავად გამოვიყურებოდე, ახალგაზრდობა გავიხანგრძლივო და ჩემი ოჯახით დავტკბე.