,,სარკე”, ავთო ჩიტიძე
თიკო ნატროშვილი საქართველოში პოპულარული მოდელი იყო. ბოლო ოთხი წელია, ის ოჯახთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს. ეს იძულებითი ნაბიჯი იყო. თიკოს შუათანა ბიჭს, კახის, საქართველოში დიაგნოზიც ვერ დაუდგინეს, თურქეთიდან კი სპინალური რეგრესის დიაგნოზით ჩამოვიდნენ და მიხვდნენ, რომ ამ დაავადების მართვა საქართველოში შეუძლებელი იქნებოდა.
თიკომ და მისმა ქმარმა, გაგა ხაბულიანმა ყველაფერი მიატოვეს და შვილის ჯანმრთელობისთვის ბრძოლა იმ ქვეყანაში დაიწყეს, სადაც ამის ყველაზე დიდი გამოცდილება არსებობს. გერმანიაში მათ ოჯახში მატებაც მოხდა – მესამე ბიჭი, ლუკა, შეეძინათ. თიკო ,,სარკესთან” გერმანული ცხოვრების სირთულეებსა და დიდ ტკივილზე საუბრობს.
– თიკო, ფინანსურად რთული იყო პანდემიის პერიოდის გამოვლა?
– აქ ოჯახებს მძიმე რყევები არ განუცდიათ. ჩვენს ოჯახსაც არ გასჭირვებია, მაგრამ წინსვლის კუთხით დაგვამუხრუჭა.
-რა შედეგებს მიაღწიეთ შვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით?
-კიდევ კარგი, გერმანიაში წამოვედით. როდესაც თურქეთში დაუსვეს დიაგნოზი – სპინალური რეგრესი, მეორე შემთხვევა საქართველოში ვერ მოვიძიე. აქაურმა ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ პროგრესი მუდმივად იგრძნობოდეს. გერმანიაში კარგად არის აწყობილი მისი მართვის პრაქტიკა.
– ბავშვი დამოუკიდებლად ახერხებს სიარულს?
– ახლა კახი ეტლით სარგებლობს, მაგრამ მოვახერხეთ, რომ ოთახიდან ოთახში დამოუკიდებლად გაიაროს. ყავარჯნების საშუალებით უფრო გრძელ მანძილს გადის. მიზანდასახული ბიჭია, ფიზიკურ აქტიურობებში კლასში ერთ-ერთი ლიდერია. გერმანიაში არის ორი ტიპის სკოლა, ერთი – უნარშეზღუდულებისათვის და მეორე – ჩვეულებრივი. მირჩიეს, რომ სპეციალურ სკოლაში არ შემეყვანა. ეს მოტივაციაა მისთვის, მუდმივად იმუშაოს საკუთარ თავზე და იფიქროს პროგრესზე.
– ალბათ ემიგრანტობის მძიმე ხვედრი მაშინ უფრო მეტად შეიგრძენით, როდესაც თბილისში დედა გარდაგეცვალათ.
– დედა ბოლო ერთი წელი ავადმყოფოდა. ძნელია იმ აზრთან შეგუება, რომ დედა უკანასკნელ გზაზე ვერ გავაცილე… კახი ყველაზე მეტად უყვარდა… რთული პერიოდი გამოვიარე, მაგრამ ჩემმა ოჯახმა გადამატანინა. ბავშვებიც შევაწუხე ჩემი მუდმივი გლოვით და ტირილით.
15 წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა, ახლა დედაც აღარ მყავს და დარჩა სიცარიელე. შინაგანად ეს ტკივილი მუდამ თან დამყვება. იყო პერიოდი, როდესაც ვიძინებდი და ვიღვიძებდი, ამაშიც ჩემს თავს ვადანაშაულებდი. საბოლოოდ საკუთარი თავი ხელში ავიყვანე და ჩემს ტკივილთან ერთად ვცხოვრობ.
ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”

