თაკო აბაშიძე: ,,მე და ჩემი შვილის მამამ მოვახერხეთ, მეგობრებად დავრჩენილიყავით”

თაკო აბაშიძე: ,,მე და ჩემი შვილის მამამ მოვახერხეთ, მეგობრებად დავრჩენილიყავით",,სარკე”, ია ქუთათელაძე

მსახიობი თაკო აბაშიძე 16 წლიდან მუშაობს, არ ახსოვს პერიოდი, უქმად ყოფილიყო. ახლა თავის პატარა გოგონასაც ასე ზრდის, რომ ყველაფრის გაკეთება იცოდეს. არ მოსწონს გოგონები, რომლებიც თავს იმით იწონებენ, რომ კვერცხის შეწვაც არ იციან. თაკომ ,,სარკეს” უამბო:

-ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შრომით შევძლო ცხოვრება. სულ ვმუშაობდ ტელევიზიაში, პარალელურად ვმუშაობდი მერიაში ცხოველთა მონიტორინგის კუთხით. ვიყავი სხვადასხვა ორგანიზაციის პიარმენეჯერი, ვარ რესტორნის პიარიც, ამისთვის ბევრი ვისწავლე. მაქვს მუსიკალური განათლება, მყავს მოსწავლეები, ვმღერი, ვარ რამდენიმე მუსიკალური ნაწარმოების ავტორი. ყველაფერს ვაკეთებ, რაც ადამიანმა ამ ცხოვრებაში გადარჩენისა და სიამოვნებისთვის უნდა გააკეთოს.

არ მაქვს იმდენი დრო, მე და ჩემმა შვილმა 24 საათი ერთად გავატაროთ. ბარბარე დამოუკიდებლად მეცადინეობს, სახლის დალაგებაშიც მეხმარება, სალათებსაც მახვედრებს და ერთად საუცხოო დროს ვატარებთ. გული მწყდება, როცა გოგონებისგან ვისმენ, რომ არ იციან, როგორ დაალაგონ საწოლი, როგორ შეწვან კვერცხი. მოდური გახდა ეს სიგოიმე. სულ მინდა, ვიკითხო: რა ხდება, გტკივათ რამე? რა გჭირთ ასეთი, რომ არაფერი იცით. ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს, რა ბევრს შრომობენ მშობლები და დააფასონ ამაგი.

რამდენი ხანია, რაც თქვენ და ბარბარე მარტო ცხოვრობთ?

-ბარბარე სამწლინახევრის იყო, როცა მე და ჩემი მეუღლე დავცილდით, თუმცა მთლად მარტო ყოფნაც არ ჰქვია ამას. ბარბარეს მამასთან და ბებია-ბაბუასთან საუკეთესო ურთიერთობა აქვს. ჩვენ ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს, მაგრამ დავრჩით კარგ მეგობრებად. ადამიანები ერთმანეთს რომ კარგავენ, ისედაც დიდი ტრაგედიაა და არ სჭირდება ამას უფრო მეტად დამძიმება. შესაძლებელია მშვიდად დაამთავრო და შეინარჩუნო კარგი ურთიერთობა შენი შვილის მამასთან.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”