სილამაზე ყინულის კუბიკებში – ყინულით მასაჟის 4 რეცეპტი

სილამაზე ყინულის კუბიკებში - ყინულით მასაჟის 4 რეცეპტი,,სარკე”, აზა გაგოშიძე

დილით ყინულის მასაჟი არამხოლოდ გამოფხიზლებას ეხმარება, ასევე კანს ჭიმავს, წვრილ ნაოჭებს ასწორებს, ფორებს ავიწროებს.

კრიოპროცედურები (გამაგრილებელი პროცედურები)  სახლშიც შეგიძლიათ ჩაიტაროთ. ამისთვის საჭიროა გაყინული მინერალური წყალი და დამატებითი ბალახები, ხილი, ჩაი…

ბალახების ძალა

2 ს.კ. ბალახს 1 ჭიქა მდუღარე დაასხით, გააგრილეთ, გადაწურეთ, ფორმებში ჩაასხით და გაყინეთ. ყინულის კუბიკებით სახესა და დეკოლტეს მიდამოში მასაჟი გაიკეთეთ მანამ, სანამ კანზე მსუბუქი სიწითლე არ გაჩნდება.

გვირილა, სალბი, ორკბილა, ცაცხვის ყვავილი და ოხრახუში – უნივერსალური ბალახებია ყველა ტიპის კანისთვის. თუ მშრალი კანი გაქვთ, გამოიყენეთ პიტნა, მელისა, ჟასმინი. გულყვითელა, კრაზანა, მრავალძარღვა შესანიშნავია ცხიმიანი კანისთვის.

შენიშვნა: ყინული შეინახეთ არაუმეტეს ერთი კვირისა.

ხილის სიამოვნება

ლიმონის წვენი თქვენს კანს მკვრივს გახდის და ჯანსაღ ფერს დაუბრუნებს. ნახევარი ლიმონი გამოწურეთ და წვენი 1 ჭიქა მინერალურ წყალში ჩაუშვით. ფორმებში ჩაასხით და საყინულეში მთელი ღამე დატოვეთ.

ატმის, გარგარის წვენი და დასრესილი ჟოლო აურიეთ, მარლაში გაწურეთ, ნახევარ ჭიქა ნარევს 0,5 ჭიქა მინერალური წყალი დაუმატეთ, ფორმებში ჩაასხით საყინულე კამერაში მოათავსეთ. ეს რეცეპტი კანიდან ჭკნობისა და დაღლის კვალს აქრობს, წვრილ ნაოჭებს ასწორებს.

ჩაის ცერემონია

2 ს.კ. მწვანე ჩაის 1 ჭიქა მდუღარე დაასხით, გააგრილეთ და ფორმებში ჩაასხით. მწვანე ჩაი ძლიერი ანტიმჟანგავია, ანთებას ამშვიდებს, სიწითლეს აქრობს და კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს.

შავი ჩაის ყინული კანს ამუქებს! რაც უფრო მაგარია ნაყენი, ფერი მით უფრო მუქია – ეს გახსოვდეთ. შავი ჩაის ყინულის კუბიკები გამაახალგაზრდავებელ ეფექტსაც ფლობს.

შვრია – ჯანსაღი ფერი

კანის გასაწმენდად და მკვებავი ნივთიერებებით უზრუნველსაყოფად მოამზადეთ შვრიისა და დაფქული ბრინჯის ყინულის კუბიკები. 1 ს.კ. შვრიას და 1 ს.კ. ბრინჯს იმდენი მდუღარე დააასხით, რომ, როდესაც ბურღული გაფუვდება, სითხე დარჩეს. ის მარლაში გაწურეთ და გაყინეთ. ეს კუბიკი დილა-საღამოს სახეზე გადაისვით და კანი ჯანსაღ ფერს მიიღებს.