სალომე გოგიაშვილი: ,,რომ მეფიქრა, უკანასკნელად ვხედავდი, ჩავეხუტებოდი და არ მოვცილდებოდი”

სალომე გოგიაშვილი: ,,რომ მეფიქრა, უკანასკნელად ვხედავდი, ჩავეხუტებოდი და არ მოვცილდებოდი",,სარკე”, ია ქუთათელაძე

სალომე გოგიაშვილი მუდმივად ყურადღების ცენტრშია, თუმცა პოპულარობა ბევრჯერ შემოუტრიალდა ცუდად, ტელევიზიამაც იმედი გაუცრუა. მაინც არ გამორიცხავს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისევ მიესალმოს ეკრანიდან მაყურებელს.

– სალომე, დედისერთა გოგომ ოთხი შვილი გააჩინეთ. გინდოდათ,  მრავალშვილიანი დედა ყოფილიყავით?

– დედისერთები უმეტესად ეგოისტები არიან, მე კი პირიქით ვიყავი. სულ ვეხვეწებოდი მშობლებს, ეყიდათ ჩემთვის და ან ძმა, ისინი კი ამბობდნენ, რომ ფული არ ჰქონდათ, ამიტომ ფულის შეგროვება დავიწყე. არ მინდოდა, ჩემი შვილი მარტო გაზრდილიყო, ამიტომ ოთხი შვილი გავაჩინე.

ჩემს უფროს შვილებს ჰყავთ მამის მხრიდან და-ძმები, ჩემს მეუღლესაც ჰყავს შვილები. ჩვენ საერთო შვილებიც გვყავს და ყველას ერთმანეთთან საუკეთესო ურთიერთობა გვაქვს. ეს ყველაზე დიდი სიმდიდრეა, მაგრამ ერთსაც ვიტყვი, მარტო გაჩენა არ არის საქმე, მთავარია შვილების წესიერად აღზრდა და იმ მინიმალური პირობების შექმნა, რაც ამ აღზრდას სჭირდება, რომ აღარაფერი ვთქვათ საკვებსა და ტანსაცმელზე.

მე ყველა ოჯახს ვუსურვებ, ჰყავდეს შვილები, მაგრამ, როცა უკიდურესად გიჭირს, ათი და თორმეტი შვილი არ უნდა გააჩინო და მერე სახელმწიფო არ უნდა ლანძღო… პირველად თქვენ გეუბნებით: წლებია, რაც სოციალურად შეჭირვებულ სამ ოჯახს ვეხმარებით. ჩემი შვილები მთელი თვე აგროვებენ ფულს, შემდეგ ჩვენც ვამატებთ და ყველანი მივდივართ ამ ოჯახებში.

-მამათქვენს, ,,ქართული ხმების” მომღერალ დათო გოგიაშვილს დღემდე დიდი სიყვარულით ახსენებენ. გზღუდავდათ ცნობილი ოჯახის შვილობა?

– არა, მამის სახელი ყოველთვის მეხმარებოდა… ბოლო წუთები მახსენდება, როცა საავადმყოფოში შეჰყავდათ. რომ მეფიქრა, ეს ბოლო ნახვა იყო, ჩავეხუტებოდი და არ მოვცილდებოდი. ოჯახი კაცის გარეშე დაობლებულია, არ გყავს დამცველი, ვისი რიდიც ექნებათ გარშემომყოფებს. მამა რომ ცოცხალი მყოლოდა, ალბათ ის სირთულეებიც არ შემხვდებოდა და არც არჩევანში შევცდებოდი.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”