ნოდარ დუმბაძის ცოლი: ,,შვილებზე მეტად მეუღლე მიყვარდა”

ნოდარ დუმბაძის ცოლი: ,,შვილებზე მეტად მეუღლე მიყვარდა",,სარკე”, თეონა კენჭიაშვილი

წელს ნოდარ დუმბაძე 93 წლის გახდებოდა. სიცოცხლის 56 წელში ყველაფერი მოასწრო, დედამიწაზევე ნახა სამოთხეც და ჯოჯოხეთიც. ძალიან პატარას მამა დაუხვრიტეს, დედა გადაუსახლეს, მოხვდა ციხეში მკვლელობის ბრალდებით და დახვრეტის მუხლით, გარდაეცვალა 5 წლის ბიჭუნა, მერე – ახალგაზრდა სიძე, ქალიშვილის ქმარი, მწერალი ჯემალ თოფურიძე. სამჯერ დაემართა ინფარქტი და დაფლეთილი გულით გადაინაცვლა იმქვეყნად.

იყო უბედნიერესი დღეებიც – თავისი ცხოვრების უერთგულეს ადამიანთან შეხვედრა, შვილების, შვილიშვილების დაბადება და უდიდესი წარმატება. 61 წლის წინ ,,ცისკარში” მისი პირველი რომანის “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” გამოქვეყნება დაიწყო. როგორც ამბობენ, ბევრს ეგონა, რომ მის მორიგ იუმორისტულ მოთხრობას წაიკითხავდნენ, მაგრამ ხელში საუკუნის რომანი შერჩათ და მისი შემოქმედებითი წარმატებაც ასე დაიწყო. მწერლის ცოლმა თავისი ტკბილ-მწარე მოგონებები ,,სარკის” ფურცლებს გაანდო:

– მე და ნოდარს ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა. ნოდარი დღესაც ისევე მიყვარს, როგორც შეყვარებულობის დროს. ბევრჯერ მითქვამს და არც დამიმალავს, რომ შვილებზე მეტად მეუღლე მიყვარდა. ეს დღემდე ვერ ამიხსნია. სიყვარული, რომელიც ნოდართან მაკავშირებდა, სულ სხვა იყო.

ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით. ერთხელ ლიტერატურული საღამო გაიმართა, რომელშიც ნოდარიც გამოდიოდა. მე და ჩემი მეგობარი კლუბში შევდიოდით, დერეფანი გავიარეთ, იქ ორი ბიჭი იდგა. ამ დროს მესმის: ,,შეხედე, რა საინტერესო გოგოა!”. მივტრიალდი და ხელში ნოდარი შემრჩა.

როდესაც საღამოზე გამოვიდა, მის ლექსებზე დარბაზი დაინგრა. ბოლოს ნოდარი მეგობრებმა ახლოს გამაცნეს. სხვათა შორის, თავიდან მას ერთი ჩემი მეგობარი მოსწონდა. იმ გოგოს ოჯახი სასიძოდ მდიდარ კაცს ეძებდა. ნოდარს კი, რომელიც დაკერებული შარვლით დადიოდა, მათი ოჯახი სიძედ არ ინდომებდა, სწორედ ამიტომ მათ შორის არაფერი მოხდა. მე და ნოდარი კი მეგობრები გავხდით. მალევე ეს მეგობრობა გაუთავებელ სიყვარულში გადაიზარდა. და-ახლოებით 7 თვის მერე ხელი მოვაწერეთ.

ხელისმოწერამდე, ზა-ფხულში, სოხუმში დავისვენეთ. ერთ დღესაც მეგობრები, ჩვეულებრივ, პლაჟზე ვიყავით, მე და ნოდარი მარტო დავრჩით. ის იწვა, მე გვერდით ვეჯექი და საუბარში უბრალოდ ასეთი სიტყვები ვუთხარი:

– იცი, როგორ ძალიან მიყვარხარ?

– მე რა ვიცი, როგორ გიყვარვარ…

– სულელო, ისე მიყვარხარ, როგორც სხვა ამხანაგები.

– ჰოოო… აბა, მე სხვანაირად მიყვარხარ, – მიპასუხა ნოდარმა და ამით შეწყდა ჩვენი საუბარი.

არდადეგები დამთავრდა, თბილისში ჩამოვედით, სწავლა დაგვეწყო… 1950 წლის 14 ოქტომბერს კი ხელი მოვაწერეთ.

ერთი უცნაური დამთხვევაა, რომ ნოდარის ცხოვრებაში ყველაფერი 14 რიცხვში ხდებოდა. 14 ივლისს დაიბადა, 14 სექტემბერს გარდაიცვალა. თუკი რამე ხდებოდა ჩვენს ოჯახში, ყველაფერი 14 რიცხვში იყო. ეს საოცრებაა. ჩემი გარდაცვლილი ვაჟის შემთხვევაშიც ასეთი რაღაც მოხდა, 16-ში დაიბადა და 16-ში გარდაიცვალა.

მშობლებმა ჩვენი შეუღლება ხელისმოწერის შემდეგ გაიგეს. ამის გამო მამაჩემი ერთი თვე არ მელაპარაკებოდა, მერე შემირიგდა და დიდი ქორწილიც გადაგვიხადა. იმ პერიოდში ქორწილებს ნაკლებად იხდიდნენ, არც თეთრი კაბის ჩაცმა იყო აუცილებელი. იმ დროს უკვე ფეხმძიმედ ვიყავი. როცა ვიქორწინეთ, მე 21 წლის ვიყავი, ნოდარი – 22-ის. ჩვენ შორის 11 თვე იყო ასაკობრივი განსხვავება. ხელისმოწერისას ჩემთვის არც უკითხავს, ისე გადამიყვანა თავის გვარზე. მე ეს არ ვიცოდი და ალბათ იმ მომენტში ყურადღებაც არ მივაქციე.

ერთხელაც მოსკოვში სესიაზე მიდიოდა და მეც უნდა წავეყვანე. ნახა, რომ ჩემს პასპორტს ვადა ჰქონდა გასული. ამის გარეშე კი ნოდართან ნომერში არ შემიშვებდნენ. მილიციაში წავედი და ვთხოვე, პასპორტი სასწრაფოდ შეეცვალათ. 2 საათის შემდეგ ახალი პასპორტის წამოსაღებად რომ მივედი, ვხედავ, ნანული დუმბაძე წერია. შევიცხადე ეს ამბავი, მაგრამ, როგორც ამიხსნეს, ქორწინების მოწმობაშიც დუმბაძეთი ვეწერე, რაც მეც იმ დღეს გავიგე.

ახლა ხანდახან მავიწყდება კიდეც, რომ ჩემი ნამდვილი გვარი გუგუნავაა. როცა ნოდარი სახლში დაბრუნდა, შევჩივლე, პასპორტში გვარი გამომიცვალეს-მეთქი. მან კი, როგორც ახასიათებდა, იუმორით მიპასუხა, ახლა მამაშენი რომ ცოცხალი იყოს, ჩემს გვარზე ისიც კი დაეწერებოდაო.

პატიმრის ცოლი

– მე და ნოდარმა მძიმე ცხოვრება გამოვიარეთ. პირველი განსაცდელი მისი დაპატიმრება იყო. მაშინ ახალი შეუღლებულები ვიყავით, ჩვენი შვილი მანანა კი მხოლოდ 2 წლის იყო. 6 თვე გაატარა პატიმრობაში და ის 6 თვე ჩემთვის საუკუნედ იქცა.

ამ პერიოდის განმავლობაში ყოველდღე დავდიოდი ციხეში. მაშინ 23 წლის გოგო ვიყავი, ციხის თანამშრომლებს ალბათ ვეცოდებოდი და ჩემ მიმართ კარგად იყვნენ განწყობილი. ნოდარი ხომ ყველას უყვარდა. იცოდნენ, რომ ის უდანაშაულოდ იყო დაჭერილი. პატიმართან 6 კილოზე მეტი საჭმლის შეტანა არ შეიძლებოდა. ციხის თანამშრომელი ქალბატონი კი, ვინც ამ საკვებს იბარებდა, გაცილებით მეტი წონის საკვების შეგზავნის ნებას მრთავდა.

6 თვე იჯდა ციხეში და კეთილი ადამიანის, გურამ დოჩანაშვილის მამის, პეტრეს დახმარებით (ბატონი პეტრე ციხეში მუშაობდა), მან ამ 6 თვიდან უმეტესი დრო ციხის საავადმყოფოში გაატარა. 6 საათიდან 8 საათამდე საავადმყოფოდან გამოდიოდა ხოლმე. მე კი ყოველდღე, ზუსტად ამ დროს მივდიოდი და ქვემოთ ვდგებოდი. საპირფარეშოში რომ შევიდოდა, ხელს გამოყოფდა და ცხვირსახოცს დამიქნევდა.

ერთხელ ციხეში მანანაც წავიყვანე, რადგან უფლება მომცეს, რომ ბავშვი შორიდან დამენახვებინა. აქეთ-იქით რკინის გისოსები იყო, შუაში მილიციონერი დადიოდა. მანანა გადაირია მამის დანახვაზე, ტირილი დაიწყო და ამბობდა: “მამა ამაში ვერ გამოეტევა!..”. იმ ქალბატონმა კი, რომელსაც ნოდარისთვის განკუთვნილ საკვებს ვაწვდიდი, რომ დაინახა, ბავშვი ასე განწირულად ტიროდა, სარკმელში გააძვრინა ბავშვი და მამამისს ასე აჩვენა. მაშინ ნოდარმა შემომითვალა, მეორეჯერ ბავშვი აქ აღარ მომიყვანოო. წარმოიდგინეთ, მონატრებულ შვილს ხედავდა და მასთან მიკარება არ შეეძლო!

ერთხელ მეც დამიჭირეს. ნოდარმა წერილი გადმოაგდო და მე გადავძვერი. ციხესა და საავადმყოფოს შორის მწვანე ბალახი იყო და იქ გადასვლა არ შეიძლებოდა. დაბალი ღობით იყო შემოღობილი. დავინახე ნოდარმა წერილი რომ გადმოაგდო და გადავძვერი მის ასაღებად. წერილი უცებ დავმალე. ამ დროს საპატიმროს დაცვა მოვიდა და ციხეში შემათრია.

კიდევ კარგი, პეტრე დოჩანაშვილმა დამინახა და მანიშნა, რომ ხმა არ ამომეღო, ანუ არ უნდა მეთქვა, რომ იქ პატიმარი მყავდა. მართლაც, როცა მკითხეს, აქ ვინ გყავთო, არავინ-მეთქი, ვუპასუხე. თან აქეთ შევედავე, მასწავლებელი ვარ და როგორ მიბედავთ, ისეთი რა დავაშავე, მხოლოდ ბალახზე გავიარე-მეთქი. დამიჯერეს და გამომიშვეს.

მახსენდება ნოდარის დაბადების დღე. მაშინ ციხის საავადმყოფოში იწვა. საჭმელები გავამზადე და მივუტანე. 2 ლიტრი წითელი ღვინისგან კისელი მოვადუღე და ისიც შევუგზავნე. ვერავინ მიხვდა, რომ ღვინო იყო, ყველას ჩვეულებრივი კისელი ეგონა. ამის მერე წერილიც გამომიგზავნა და მწერდა, ყოჩაღ, ეს რა გააკეთეო.

ნოდარი ციხიდან ამიერკავკასიის მთავარმა პროკურორმა გამოუშვა. ამ კაცმა კი დიდი სიკეთე გაგვიკეთა. როცა მის საქმეს გაეცნო, მაშინვე უბრძანა, გაუშვითო.

ნოდარის გამოსვლა ციხიდან ახლაც თვალწინ მიდგას. მისი გათავისუფლების ამბავი რომ გავიგე, მაშინვე ციხეში გავიქეცი. არასდროს დამავიწყდება ის მომენტი, როდესაც კარი გაიღო და ჩემი მეუღლე იღლიაში საბანამოჩრილი გამოვიდა. იმ მომენტში ორივენი საცოდავები ვიყავით. გამომძიებელი გვარად ხმალაძე იყო, რომელმაც ნოდარის საქმე ხელმეორედ გამოიძია. ეს ხმალაძე ნოდართან მივიდა და 15 მანეთი მისცა. ეს თანხა მანქანის დასაქირავებლად მაინც არ გვეყოფოდა და ტრამვაით წამოვედით…

რომანში “თეთრი ბაირაღები” ნოდარი დედას ახსენებს, მაგრამ სინამდვილეში ეს ჩემზე დაწერა და დედაში მე ვიგულისხმებოდი. ციხეში მისვლა, მინისტრთან შესვლა, ციხის კარზე ჩაის მიტანა… ეს ყველაფერი ჩემზეა დაწერილი.

ერთხელ ქუჩაში მივდიოდით, ერთი ჩვენი მეგობარი შეგვხვდა და მან უთხრა, ნოდარ, ეს რა დაგემართა, დედა და ცოლი ერთმანეთში რომ აგერიაო. მან კი უპასუხა, არ მინდოდა, ყველას სცოდნოდა, ნანული რა დღეში იყოო.

დაგლეჯილი გული

– ჩემს მეუღლეს პირველი ინფარქტი რომ დაემართა, 41 წლის იყო. ამის მერე 14 წელი იცოცხლა. ექიმები სულ იმას მეუბნებოდნენ, შენ რომ არ ყოფილიყავი, ის ამდენ ხანს ვერ იცოცხლებდაო. იმ პერიოდში გულის ოპერაციებს არ აკეთებდნენ. წლების მერე აკადემიკოს ნოდარ ყიფშიძეს ვკითხე, ჩემი ქმრისთვის ეს ოპერაცია რომ გაგვეკეთებინა, გადარჩებოდა თუ არა-მეთქი. მან მიპასუხა, რომ მაინც ვერ გადარჩებოდა. გულის კედლები დაგლეჯილი ჰქონდა, მხოლოდ უკანა კედელი ჰქონდა შერჩენილი და ნელ-ნელა აღდგა.

საშინელ დიეტაზე და რეჟიმში მყავდა და მისი გამომჯობინება ამის დამსახურებაც იყო. მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი როცა იყო, იქ კარგი ბუფეტი გაკეთდა. საუკეთესო მზარეული მიიყვანეს. თურმე ნოდარი იმ ბუფეტში სადილობდა. მე კიდევ ყოველდღე დიეტურ საჭმელს ვუგზავნიდი. მძღოლს ხან შვრიის ფაფას, ხან წიწიბურას ვატანდი. ჩემს საჭმელს თურმე ყრიდა და ბუფეტში ცხელ და მწარე ხარჩოს მიირთმევდა. სახლში მოსულს დიეტურად მომზადებულ ხორციან სადილს ვახვედრებდი. ეს ყველაფერი გვიან გავიგე, თორემ სიმართლე რომ მცოდნოდა, მწერალთა კავშირში დავჯდებოდი.

ყოველთვის მთელი ღამე მისი ხელი მეჭირა ხელში. მეშინოდა, ღამე გულის შეტევა არ დამართნოდა და ამიტომ ხელს არ ვუშვებდი. ნოდარი მეტყოდა ხოლმე: “ნანული, ხელი გამიშვი, რა”. მე უფრო მაგრად ვკიდებდი. მას რომ ღამე ტკივილი დაწყებოდა და მე ვერ გამეგო, აი, მაგის მეშინოდა!

სიურპრიზების გაკეთების დრო არც მე მქონდა და არც – ნოდარს. ალბათ ეს ცხოვრების ბრალიც იყო. დედაჩემი და მამაჩემი რომ არ ყოფილიყვნენ, ალბათ შიმშილით დავიხოცებოდით. ნოდარს ხელფასი 500 მანეთი ჰქონდა, მაგრამ ეს მაშინ დიდი არაფერი ფული იყო. მე კიდევ ფრიადოსნის სტიპენდია მქონდა, ისტორიის კათედრაზე მტოვებდნენ, მაგრამ არ დავრჩი. ამისთვის სად მეცალა, ქმარ-შვილს ვუვლიდი.

ამდენი ნერვიულობის გადამკიდე, მეც ავად გავხდი. ტვინში სისხლი ჩამექცა, მეტყველება დავკარგე. ყველას ვცნობდი სახეზე, სახელი კი არავისი მახსოვდა. საოცარია, მაგრამ ერთადერთი სახელი, რასაც ვამბობდი, ნოდარი იყო.

ნევროპათოლოგმა ვოვა გაბაშვილმა ჩემიანებს უთხრა, თუ სასწრაფოდ მოსკოვში არ წაიყვანთ, სამ დღეში დაიღუპებაო. ნოდარს ინფარქტი ახალი გადატანილი ჰქონდა და მისთვის მგზავრობა არ შეიძლებოდა. მოსკოვში წამიყვანეს და ოპერაცია გამიკეთეს. თავიდან დიდი ჰემატომა ამომიღეს. საბედნიეროდ, საშიში არაფერი აღმოჩნდა.

თბილისიდან ფაქტობრივად კიბოს დიაგნოზით წამიყვანეს. როგორც ახლობლები მიყვებოდნენ, ნოდარი საშინელ განცდებში ყოფილა. როგორც კი პასუხები გაიგო, რომ ყველაფერი კარგად იყო, ვერაფრით გააჩერეს და მაშინვე მოსკოვში ჩამოვიდა. 30 დეკემბერი იყო, როცა საავადმყოფოდან გამომწერეს. მითხრა, ერთი თვე აქ დავრჩეთო, მაგრამ ვთხოვე, რომ სახლში დავბრუნებულიყავით. მეტყველება ისევ მიჭირდა და ფურცელზე დავუწერე: “31-ში თბილისში”.

შვილის საფლავზე გათენებული ღამეები

– ნოდარი გიჟი მამა იყო. არ მახსოვს, მანანა ისე დამებანოს, რომ ის ამ პროცედურას არ დასწრებოდა. ზაზას კი სულ თვითონ აბანავებდა. სადაც უნდა ყოფილიყო, ყოველ საღამოს, 9 საათზე, სახლში მოდიოდა, რომ ზაზა დაებანა. ქეთინოსთვის კი ხელი არ უხლია, თუმცა 9 საათზე მაინც მოდიოდა და უყურებდა, როგორ ვაბანავებდი.

ჩვენი ვაჟიშვილი ოთხწლინახევრის იყო, როცა გარდაიცვალა, წითელათი დაგვეღუპა… ყოველდღე ვაჟიშვილის საფლავზე დავდიოდით, ქეთინოს კი ჩემს ბიძაშვილს ვუტოვებდი. ნოდარი სასაფლაოზე ჩვენთან ერთად არასდროს მოდიოდა, ის ყოველთვის მარტო ადიოდა, ღამით და ზოგჯერ გათენებამდე იქ რჩებოდა. ცხოვრებაში ბევრი ცუდი ჰქონდა გამოვლილი, მაგრამ საბოლოოდ გული მაინც ზაზას გარდაცვალებამ დაუავადმყოფა.

შვილის დაკარგვის შემდეგ, რამდენიმე თვეში ჩემი ორსულობის ამბავი შევიტყვე. ძალიან მრცხვენოდა ხალხის, რას იტყვიან, ბავშვი დაეღუპათ და ახლა ისევ ორსულად არისო. ერთხელ ნოდარს “მე, ბებია ილიკო და ილარიონის” პრემიერაზე უნდოდა ჩემი წაყვანა, მე კი არ მივყვებოდი, ხალხი ჩემს მუცელს დაინახავს-მეთქი. ბოლოს მაინც დამითანხმა. დიდი შარფი შემოვიხვიე, რომელიც მუცელსაც ფარავდა და ისე წავედი. ვერავინ მიხვდა, რომ ორსულად ვიყავი. ორ თვეში ქალიშვილი გვეყოლა.

ქეთინომ გადაგვატანინა ზაზას დაკარგვით გამოწვეული უბედურება და ტკივილი. მთელი ჩემი ორსულობის დროს ნოდარს ეგონა, რომ ბიჭი გაჩნდებოდა. თავიდან, რომ გაიგო, გოგო დაიბადა, შეწუხდა, თუმცა მერე უცებ ჭკუაზე მოვიდა, თქვა, ესე იგი ბიჭის მამობის ბედი არ მქონდაო.

ქეთინომ ნოდარი გადარია, რადგან მამა-შვილს ერთმანეთში საოცარი სიყვარული ჰქონდათ. სხვათა შორის, ქეთინოს კაბას ვერ ვაცმევდი, სულ შარვლები ეცვა და ამბობდა, მე ზაზა ვარო.

გარდაცვალება ,,ხელმეორედ”

– 2009 წლის 13 სექტემბერს ნოდარი ,,მზიურიდან” მთაწმინდაზე გადაასვენეს. ეს ჩემთვის ისეთი საშინელი განცდა იყო, რომ სიტყვებით აღწერა მიჭირს. მისი გარდაცვალებიდან 25 წელი იყო გასული, მაგრამ, როცა კუბო დავინახე, მეგონა, ქმარი ხელმეორედ გარდამეცვალა.

ტირილი დავიწყე. ჩემთან უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე მოვიდა და მითხრა, ნანული, შენ თუ იტირებ, ნოდარი გაიგებს, ის ახლა გზაზე მიდის, ტირილზე კი უკან მობრუნდება და დაიტანჯებაო. მართლაც თავი შევიკავე ტირილისგან, თუმცა სიმწრისგან ტუჩები მოჭმული მქონდა.

კათოლიკოს-პატრიარქს სულ აწუხებდა ის ამბავი, რომ ნოდარი მთაწმინდაზე არ იყო დაკრძალული. ხშირად ამბობდა, ის ნაკურთხ მიწაში უნდა იწვესო. მართლაც ნოდარის გარდაცვალებიდან 25 წლის შემდეგ უწმინდესმა ჩვენს სახლში დარეკა. 12 სექტემბერი იყო, ღამის 11 საათი. ტელეფონის ზარმა გამომაღვიძა. პატრიარქმა მითხრა, ნოდარის ნეშტი მთაწმინდაზე უნდა გადავასვენოთო. მე, რა თქმა უნდა, დავეთანხმე და ვუთხარი, ნოდარი არა მხოლოდ მე მეკუთვნის და ამიტომ ამაზე უარს ვერ გეტყვით-მეთქი. ერთი მხრივ, ცუდია ეს ფაქტი, რადგან მე ნოდარის გვერდით არ დამასაფლავებენ.

ერთი ამბავი მახსენდება. პოეტ სიმონ ჩიქოვანის ცოლს ძალიან უნდოდა, რომ სიკვდილის შემდეგ მეუღლესთან დაესაფალავებინათ. რადგან მთაწმინდაზე ეს არ მოხერხდებოდა, ასეთი ანდერძი დატოვა, რომ გარდაცვალების შემდეგ მოსკოვში წაესვენებინათ, მისი ნეშტი დაეწვათ და ფერფლი სიმონის გვერდით დაემარხათ. ეს ამბავი ხომ ნოდარმაც იცოდა და ერთ დღეს ხუმრობით ასეთი რაღაც მითხრა, ნანული, მე მთაწმინდაზე დამმარხავენ და შენს ფერფლს თავზე შავი წიწაკასავით მომაბნევენო.