2015 წელს, როცა ,,სარკეში” ეს ინტერვიუ დაიბეჭდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის და მოდელ ნეკა დოროყაშვილის ურთიერთობა ასე დრამატულად განვითარდებოდა და გამორჩეული წყვილის ცხოვრებაში ამდენი ცუდი რამ მოხდებოდა. ნეკა ,,სარკეს” თავის დიდ სიყვარულზე უამბობდა:
-ერთმანეთი რომ ვნახეთ, თავიდანვე მივხვდით, რომ ეს განსხვავებული რაღაც იყო, მეგობრობით რომ იწყებენ და მერე გადადიან სასიყვარულო ურთიერთობაში, ასე არ ყოფილა, თავიდანვე მოწონებით დაიწყო ყველაფერი, მითხრა მომწონხარო…
ნიკა, პირველ რიგში, იმით მომეწონა, რომ თავის ასაკთან შედარებით ზრდასრული ადამიანივით აზროვნებს, ძალიან საინტერესო პიროვნებაა ჩემთვის. როცა გავიცანი, 20 წლის იყო, როგორც წესი, ასეთი ასაკის ბიჭები ჩამოყალიბებული არ არიან. ნიკოლოზმა კი ისეთი ცხოვრების გზა განვლო, რომ დამოუკიდებლ ადამიანად ჩამოყალიბდა. მომხიბლა მისმა თვისებებმა, ხასიათმა, გარეგნობამ. იმან, რომ ასეთი წარმატებული სპორტსმენია და ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს.
ყველას მიმართ ყურადღებიანია, ხანდახან მიკვირს კიდეც, ამდენ რამეს როგორ ასწრებს. მართლა არასდროს აქვს დრო. სულ ვარჯიშობს. სიურპრიზები და საჩუქრის გაკეთება ძალიან უყვარს.
-თქვენს მეუღლეს ბევრი თაყვანისმცემელი გოგონა ჰყავს. ხომ არ ეჭვიანობთ?
-არა, არ ვეჭიანობ. ნიკას ბევრი თავყვანისმცემელი ჰყავს. ფეისბუქშიც სწერენ და მესიჯებსაც უგზავნიან, მაგრამ საერთოდ არ ვეჭვიანობ, საეჭვიანო რა არის? ნიკა ამის საბაბს არ მაძლევს, არც შეყვარებულობის პერიოდში მაძლევდა. რაღაც სხვანაირი ადამიანია. ბუნებით ძალიან ერთგულია. როცა თაყვანისმცემლები სწერენ, პირიქით, მიხარია.

