,,პირველი არხის” გარდაცვლილი ოპერატორის, სანდრო ბერაძის დედა, ნინო ლოლაძე, რომლის შვილიც აზარტული თამაშების მსხვერპლი გახდა, მიმართვას აქვეყნებს:
,,მე აზარტული თამაშების მსხვერპლის ,,პირველი არხის” ოპერატორის, სანდრო ბერაძის დედა ვარ. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც წარადგინა კანონი აზარტული თამაშების რეგულაციის თაობაზე. ამით ბევრ ოჯახს გადარჩენის იმედი ჩაესახა. რამდენი შვილმკვდარი დედა ელოდა, რომ ბოლოს და ბოლოს ვინმე დაუპირისპირდებოდა მკვლელ მანქანას. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი სახელოვანი სპორტსმენები ამ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიან და არგუმენტად ასახელებენ კაზინოების მეპატრონეების მიერ სპორტის და სპორტსმენების დაფინანსებას.
გასაგებია, რომ ეს დაფინანსება მეტად მნიშვნელოვანია, მაგრამ ნუთუ ნორმალურია, რომ ქართული სპორტი და სპორტსმენები მაინცდამაინც სხვა მასობრივად გამანადგურებელი კაზინოების იმედად იყვნენ? ათასობით ამ ვითომდა ბიზნესმა ხომ უამრავი ადამიანი თვითმკვლელობამდე მიიყვანა, ასი ათასობით ოჯახი გაანადგურა… იმ დაღუპულ ადამიანთა შორისაც იქნებ რამდენი ტალანტი დაიკარგა, იქნებ რამდენს ჩაუკვდა ოცნება და მიზანი? რომ არა ეს მკვლელი აზარტული თამაშები, იქნებ ჩვენი შვილებიც გამოავლენდნენ თავის ნიჭსა და უნარებს?
მინდა, ბატონ ლაშა ტალახაძეს მივმართო. იქნებ გაგახსენდეთ ,,პირველი არხის” ოპერატორი სანდრო ბერაძე, რომელიც თქვენი დიდი მხარდამჭერი იყო. მან გამოიჩინა დიდი სურვილი და თავად მიიღო მონაწილეობა თქვენი ასპარეზობის გაშუქებაში…
სანდროც მთელი შემართებით იბრძოდა აზარტული თამაშების წინააღმდეგ,რომ როგორმე თავისი თავიც გადაერჩინა და სხვებიც. სანდროს ძალიან ბევრი გეგმა ჰქონდა ცხოვრებაში… მაგრამ ვერ მოასწრო, ამ ომში სანდრო დამარცხდა, ვერ მოერია ამ საზარელ მანქანას ვერც თავისით და ვეღარც მკურნალობით, რადგან აზარტდამოკიდებულება მძიმე ფსიქიკური აშლილობაა, სერიოზული ადიქციაა.ეს ადამიანები მძიმე სენს ცარიელი ხელებით ებრძვიან. მათ არავინ უდგას გვერდით…
ეს სიმარტოვე და უძლურება გააცნობიერა,რის გამოც საკუთარი თავი შესძულდა და სიცოცხლე საბადურის ტყეში დაასრულა. ხუთი დღის შემდეგ ვიპოვნეთ ცხედარი… 1 იანვარი სანდროს დაბადების დღეა, ის 32 წლის გახდებოდა”.

