,,სარკის” სამზარეულო
ტელეწამყვანი ეკა ამირეჯიბი ყოველთვის შესანიშნავ ფორმაშია. მას არასოდეს ეტყობა ზედმეტი კილოგრამები. მის რაციონში ჯანსაღი პროდუქტებია და მენიუში მთავარ ადგილს სალათები იკავებს. მან დედისგან ნინო სუხიშვილის სალათი ისწავლა, რომლის მომზადება ,,სარკის” მკითხველსაც ასწავლა:
– ავიღოთ 2 მოზრდილი ჭიქა ბრინჯი და მოვხარშოთ. ერთი ქილა სოკო მოვშუშოთ 3 თავ ხახვთან, წვრილად ჩახეხილ 2 სტაფილოსთან, ერთ კონა ტარხუნასთან ერთად. გემოვნებით ვუზამთ მარილს და პილპილს. მერე ეს ყველაფერი გადავურიოთ ბრინჯში. არომატისთვის ვუშვებით სოკოს ბულიონის 1 კუბიკს.
ნინო სუხიშვილს ეს რეცეპტი ერთ-ერთ გადაცემაში მოუყოლია, დედამ ჩაიწერა, გაგვიკეთა და ძალიან მოგვეწონა. განსაკუთრებულ შემთხვევებში ჩვენს სუფრაზე ყოველთვის არის.
სალათების კეთება მიყვარს, მაგრამ მაიონეზის გარეშე ვამზადებ. სხვაგანაც მაიონეზიანი თუ მხვდება, არ ვჭამ. მგონია, რომ მაიონეზი აკვიატებაა ისევე, როგორც შაქარი ჩაიში. ძალიან დიდი ხანია, უშაქრო ჩაის ვსვამ. პური, შაქარი, მაიონეზი და სხვა ბევრი რამ ჩვევაა და მეტი არაფერი.
ერთი ფრანგული სალათი გავსინჯე კაფეში, მომეწონა და მეგობართან ერთად გავაკეთე. ძალიან ადვილი მოსამზადებელია. ავიღოთ 2 კონა სალათის ფოთოლი, ერთი თავი ხახვი წვრილად დავჭრათ, მოხარშული ქათმის ხორცი – კუბიკებად. ეს ყველაფერი შევურიოთ, დავამატოთ 100-100 გრამი წვრილად დაჭრილი ქლიავისა და გარგარის ჩირი. შეგიძლიათ თხილიც დააყაროთ. 1 სუფრის კოვზი ძმარი მოასხით, ოღონდ იმდენი, რომ მისი გემო შემაწუხებელი არ იყოს. ძალიან პიკანტური სალათი გამოდის.
– მწვანილი არ სჭირდება?
– შეგიძლიათ 1 კონა ქინძი დააჭრათ, მაგრამ ჩირი ისეთ გემოს აძლევს, მწვანილის მოთხოვნილება დიდად აღარ გექნებათ
