პოეტი რეზო ამაშუკელი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა. რამდენიმე კვირის მისმა შვილიშვილმა, სოფო ობოლაძემ ბაბუის ლექსი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ის სუსტად იყო, ამიტომ პოეტის კარნახით თავად ჩაიწერა.
,,ეს ჩემი რეზო ამაშუკელის, ჩემი უსაყვარლესი ბაბუს ახალი ლექსია, რომელიც მისი კარნახით, რადგან თვითონ სუსტად არის, პირველად ჩემი ხელით გადავიტანე ფურცელზე. ამ გრძნობას, სიამაყეს და სიხარულს ვერ გადმოგცემთ, რომელსაც მე განვიცდიდი, როდესაც ლექსს მკარნახობდა. მერე მომიტრიალდა და მითხრა, ამ ლექსს თავზე დააწერე სოფოსო!.. ეს ჩემთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარია!
,,მე ვგდავარ მზისკენ გაშვერილი მათხოვრის ხელით!!!
ზედაზნის გზაზე გაიტანა მანქანამ შველი
და ასკილებმა აპრილამდე ჩაიცვეს ძაძა,
მე ვდგავარ მზისკენ გაშვერილი მათხოვრის ხელით
და ვითხოვ სითბოს, მხოლოდ სითბოს და არა ხანძარს!
აივნებიდან გადმოფინეს მაქმანი ბევრი:
უცხო მხატვარი ყაისნაღით გაზაფხულს ბაძავს
და ვგავარ მზისკენ გაშვერილი მათხოვრის ხელით
და ვითხოვ შველას, ვითხოვ შველას და არა ხანძარს!!!
მამულო ჩემო, ვერ დაგატყვე შრომა და გარჯა
მიტომაც ბედი მასხრად მიგდებს ბებერს და არჯალს
ცოტაღა დარჩა, ალბათ ცოტა ზიარებამდე
თავად ჩავტოვებ ნეკნებს შუა შხამიან ხანჯალს.
მადლობელი ვარ, რაც იყო და ის, რაიც დარჩა
აღარ ვაპირებ წუთისოფლის კარებთან ჩანჩალს,
მორჩა ნაპირი, იქნებ იგი ნაპირიც არ ჩანს,
მაშ ეს ცხოვრება ხატი იყო, თუ მხოლოდ ხარჭა?!
აივნებიდან გადმოფინეს მაქმანი ბევრი:
უცხო მხატვარი ყაისნაღით გაზაფხულს ბაძავს
და ვგავარ მზისკენ გაშვერილი მათხოვრის ხელით
და ვითხოვ შველას, ვითხოვ შველას და არა ხანძარს!!!”
16 დეკემბერი. 2021 წელი

