33 წლის ქალი სიცოცხლის ბოლო წამებში შველას სტუდენტებს სთხოვდა

33 წლის ქალი სიცოცხლის ბოლო წამებში შველას სტუდენტებს სთხოვდა,,სარკე”

ახალგაზრდა ქალი ყოფილი ქმრისგან სახელმწიფომ, პოლიციამ ვერ დაიცვა. არადა მათ ბევრჯერ მიმართა. რამდენი წელიც უნდა გავიდეს, 33 წლის მაკა წივწივაძის ტრაგედია ყველას ემახსოვრება. ეს მაგალითია იმისაც, რა მოსდევს გულგრილობას, უმოქმედობას, მუქარაზე არასათანადო რეაგირებას სამართალდამცავების მხრიდან.

სამწუხაროდ, მისი სიცოცხლის დაცვა ვერავინ შეძლო, მათ შორის, ვერც მშობლებმა, რომლებმაც შვილი იმ საბედისწერო დღეს სამსახურში, ილიას უნივერსიტეტში მიაცილეს, სადაც მაკა წივწივაძე ლექციებს კითხულობდა.

ტრაგედია 2014 წლის 17 ოქტომბერს ლექციების მსვლელობისას, მე-2 სართულის დერეფანში მოხდა. მამაკაცი უნივერსიტეტში მივიდა, ყოფილი ცოლი ლექციიდან გაიყვანა, ესროლა და იქვე მოიკლა თავი. დაჭრილმა ქალმა საშველად სტუდენტებს დაუძახა, თუმცა… კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე საათში გული გაუჩერდა.

ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ მეხაშიშვილი აუდიტორიაში იმყოფებოდა, როცა ლაშა მაღრაძემ კარი შეაღო და მაკა წივწივაძე იკითხა. მარიამი იმ დღეს ,,სარკესთან” ასე იხსენებდა:

_მკვლელმა ჩვენს აუდიტორიაში შემოიხედა – მაკა წივწივაძე რომელ აუდიტორიაშიაო. ლექტორმა უპასუხა, ვიციო. კაცი გავიდა. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ შემოვიდნენ და გვითხრეს, რომ ლექტორი დაჭრილი იყო. აუდიტორიიდან გამოვედით და ეს საზარელი ამბავი გავიგეთ.

იმ კაცს ჩვეულებრივი ხმა ჰქონდა, არაფერზე დავეჭვებულვართ. ყოფილი ცოლი  სხვა აუდიტორიებშიც უძებნია. თურმე მაკამ დაიძახა, ბავშვებო, მიშველეთო… სტუდენტები რომ გავიდნენ, ეს სიტუაცია დახვდათ. იმასაც ამბობენ, რომ მაკას იმ დღეს ჩანთაში აეროზოლი ჰქონდა, რომ თავი დაეცვა. ისიც თქვეს, უნივერსიტეტში მშობლებმა მიაცილესო…

,,ჩემი ყოფილი სიძე მაკას ემუქრებოდა, ამას პოლიციას მუდმივად ვატყობინებდით, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია… ჩემი შვილი ყოველდღე დანის ტრიალში ჰყავდა”, – ამბობდა მაკა წივწივაძის დედა.

2021 წელს საქართველომ სტრასბურის სასამართლოში წააგო მაკა წივწივაძის მკვლელობის საქმე. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ დაიცვა ქალი, რომელსაც არაერთხელ ჰქონდა მიმართული პოლიციისთვის. გარდაცვლილის დედას, ანუ მოსარჩლეს ზიანის ანაზღაურების სახით სახელმწიფოს 35 ათასი ევროს გადახდა დაუწესა.