,,სარკე”, ლელა ცუცქირიძე
დილიდან კარგ ხასიათზე ვარ. იმდენად კარგ ხასიათზე, რომ შხაპის ქვეშ მდგარმა ჯერ ხომ ლუჩიანო პავაროტის რეპერტუარიდან დავცხე არია, მერე ზედ ხოსე კარერასიც მივაყოლე და გარეთ გამოსულმა და ყავის აპარატთან მდგარმა, არც ჩემი მუდმივი სიყვარული – ჩემი ჩემპიონი ფრედი მერკური დავივიწყე თავისი ჩემპიონური სიმღერით.
– რა გაკივლებს, რა?! – ბოლოს და ბოლოს ვეღარ მოითმინა დედაჩემმა და საძინებლიდან გამომივარდა.
– კი არ ვკივი, ვმღერი, – ავუხსენი.
– შენ თუ ამას სიმღერას ეძახი… – თავზე წაივლო ხელი, – და გინდაც მღეროდე, ასე ადრიანად შეიძლება?!
– ვითომ რატომ არ შეიძლება?! – გავიკვირვე.
დედაჩემმა აივნის ღია კარი სასწრაფოდ მიხურა.
– დააღვიძებ ყველას!
– ვინ ყველას, აბა? შენ ისედაც გღვიძავს და… – ვითომ ვერ მივხვდი, მეზობლებზე რომ ამბობდა.
– მეზობლებს! ჯერ არ გათენებულა წესიერად და უკვე ბოლო ხმაზე გაჰკივი, – დამიცაცხანა.
– აი, რაღა დროს ძილია! იცი, უცხოეთში როდის იწყება დილა? – გამომცდელად ვკითხე.
– ნუ შემჭამე ამ შენი უცხოეთით! ახლა აქ ხარ, საქართველოში და ნება იბოძე და ისევ აქაური ქუდი დაიხურე, – გამიწყრა.
– მომაწოდე, – ვუთხარი მშვიდად.
– რა მოგაწოდო? – გაუკვირდა.
– რა ვიცი, აქაური ქუდიო და, სადაა, აბა? მომაწოდე და დავიხურავ, მაგაზე გაწყენინებ? – გავეკრიჭე.
– ვაიმე, ოდესმე თუ ჭკუას ისწავლი რა, – თავი გადააქნია დედაჩემმა.
– მერე ვინ გაგართობს? – ვეცი, ჩავეხუტე და დავაბზრიალე.
– ვაი! გამანებე თავი, ჩემს წნევას ბზრიალ-ტრიალი უნდა კიდევ?! – აკივლდა, ძლივს მომიშორა, მერე გაეცინა, – შვილო, კლოუნი ხომ არ ხარ, მაინც რა გჭირს, რა დაგემართა, რა ხდება ასეთი?
– არაფერი, – ყავა დავისხი და ცხვირწინ დავუჯექი, – უბრალოდ, მიხარია, აქ რომ ვარ, ჩემს სახლში, ჩემს ოთახში, ჩემს საწოლში, ჩემს აბაზანაში… რაც მთავარია, შენთან. მართალია, სულ მებუზღუნები და მეჩხუბები და სულაც არ ვარ შენი მოსაწონი შვილი, მაგრამ მე მაინც ძალიან მიყვარხარ… მომენატრე და მეგობრებიც მომენატრნენ, აბა, რა იქნება. ორი თვეა, აქ არ ვყოფილვარ, – შევაცოდე თავი.
ისე, შესაცოდებელი რა მქონდა, მხოლოდ მონატრება და მეტი არაფერი. მშვენივრად ვცხოვრობდი მადრიდის ერთ პატარა სხვენში კარლსონივით და ჩემი სამსახურის ქართულ-ესპანურ პროექტზე მშვიდად ვმუშაობდი.
– გოგოებზე გამახსენდა, მაიკო გამოვა დღეს.
– უი, შენი მაიკო? – სახე გაუნათდა.
…
მაიკო დედაჩემის ფავორიტია ჩემს მეგობრებს შორის. აი, ისეთი, ყველა ჩემს გიჟურ საქციელზე მაგალითად რომ მოჰყავს: “მაიკოს მაინც მიბაძე… შენი მეგობარი მაინც არ იყოს… მაიკო ასე არ მოიქცეოდა…”.
ისე, მაიკო მართლა ასეთია. მოვა ჩემთან, მოფრთხიალდება, მორცხვად თავდახრილი, თვალებფახულა, დინჯი და მშვიდი, ჩუმხმიანი, აუღელვებელი, მიაფრქვევს დედაჩემს სინაზის მტვერს, გაუღიმებს, მოიკითხავს, მოუსმენს მის წუწუნს, ყველაფერზე თავს დაუქნევს, წამოხტება, მიეხმარება, ჩემგან განსხვავებით, მოკლედ, იგებს მის გულს და სულს.
– ეს ანგელოზი გოგო როგორ მეგობრობს შენთან? – უკვირს დედაჩემს.
– გადასარევად. მინუსი და პლუსივით, – ვუხსნით მე და ნუცა, ჩემი და მაიკოს საერთო მეგობარი, ისიც ჩემსავით ხმაურიანი, გაფრენილი, სიტყვა არ გვიჩერდება ენაზე.
– ოჰ, რა გოგოა, ოჰ, რა კარგი, – თავს აქნევს დედაჩემი, აშკარად ნატრობს, მეც მაიკოსნაირი ვიყო, მაგრამ ვერ მივართვი! სად შემიძლია მაიკოობა, ენერგიას ვერ ვიკავებ სხეულში, ვქუხ და ვჩქეფ!
-როგორ მიყვარს, რა კარგი გოგოა, იშვიათია ახლა მისნაირი ჭკვიანი, დინჯი, წესიერი და პატიოსანი გოგოები. ისე, რას შვრება, ხომ არ გათხოვილა?
– არა, მაგას რა გაათხოვებს, კაცს რომ ხედავს, ცხრა გრძელ კაბას იხვევს ტანზე და ათ თავსაფარს – თავზე.
– ეჰ, რას იზამ, კარგ გოგოებს ბედი არ აქვთ, – ამოიოხრა დედაჩემმა.
– გამოდის, რომ მეც კარგი გოგო ვყოფილვარ, არა? ბედი რომ არ მაქვს და ჯერ ისევ გაუთხოვარი გიზივარ სახლში დარისპანის კაროჟნასავით, – სიცილი ამიტყდა.
– იცინე, იცინე, – ეწყინა, – მე შენი ბედნიერება მინდა, თორემ…
– ჰოდა, ჩემი ბედნიერება თუ გინდა, ძალიანაც ბედნიერად ვგრძნობ თავს, დამშვიდდი, – დავამშვიდე.
– ეჰ, – ჩაიქნია ხელი, მერე წამოდგა, – წავალ, ნუნუსთან უნდა გავიდე. მაიკო მომიკითხე, თუ ვერ მოვუსწარი.
წაკუნკულდა დედაჩემი. მეც რაღაც საქმეებს მივედ-მოვედე ისევ სიმღერითა და ღიღინ-ღიღინით და ამასობაში მოვიდა მაიკოც. მოვიდა და შემოსვლისთანავე მკითხა:
– დოდო დეიდა შინაა?
– აუჰ, შენ დოდოსთან მოხვედი თუ ჩემთან? – გამეცინა.
– ხო თუ არა? – ოთახისკენ გაიხედა.
– არა, მარტო ვარ. რა იყო, რა ხდება? – გამიკვირდა.
– რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გითხრა, დოდოსთან ვერ გეტყოდი, – მითხრა, ცოტა არ იყოს, დაბნეულმა და სავარძელში ჩაჯდა.
– ხომ მშვიდობაა, გოგო? – დავიძაბე.
– ჯერ მითხარი, ნუცას ხომ არაფერი უთქვამს შენთვის ჩემზე? ხომ არაფერი მოუყოლია?
– არა, რა უნდა ეთქვა? – ისევ გავიკვირვე.
მაიკომ შემომხედა.
– ჰო, აშკარად არ უთქვამს, ისეთი სახე გაქვს. რომ ეთქვა, შეგატყობდი. ისე, მიკვირს.
– ვაიმე, მეტყვი თუ დამტოვებ ასე, სამუდამო ინტრიგაში? – ვეღარ მოვითმინე.
– საყვარელი მყავს, – გამომიცხადა უცებ.
– რა საყვარელი, მგონი, მაგ სიტყვის მნიშვნელობაც არ იცი, – ამიტყდა სიცილი, მაგრამ მის სახეს რომ შევხედე, მივხვდი, რომ არ ხუმრობდა და უცებ ვჭყიტე თვალები:
– რაა?!
ყველაფერს წარმოვიდგენდი და მაიკოს საყვარელს და ასე პირდაპირ ამის გამოცხადებას – ვერანაირად!
– საყვარელი მყავს, აი, ასე, – გამიმეორა ისევ სახეზე მოშტერებულმა, ალბათ ჩემი რეაქცია აინტერესებდა. მე კიდევ რა რეაქცია მექნებოდა, თვალები ხომ დაჭყეტილი მქონდა და ახლა პირიც დავაღე.
– შეენ?!
– ჰო, მე, ამ წესიერ და პატიოსან გოგოს, თითით საჩვენებელს, – დამიქნია თავი.
– დედას გეფიცები, მგონია, რომ მაღადავებ, – ვერ დავიჯერე.
– არ გაღადავებ. თუ გინდა, ნუცას ჰკითხე.
– ანუ ნუცამ იცის?
– ნუცამ იცის თუ იცის. შეიძლება ითქვას, რომ… რომ თავზე დაგვადგა.
– ვის დაგადგათ, გოგო, სად დაგადგათ, რატომ, რისთვის, როდის… – ჩავირთე დაბნეული.
– მოდი, სანამ იმასაც მკითხავ, ვინ არის, საიდან ვიცნობ და ა.შ. ბარემ ერთიანად გაგცემ ყველა კითხვაზე პასუხს. ჰქვია დათო, გავიცანი პარკში, მე ჩემს ძაღლს ვასეირნებდი, ის – თავისას. გამოველაპარაკეთ ერთმანეთს, მერე კიდევ ვხდებოდით პარკში, მერე ჩემთან სახლში… და ახლაც ვხდებით ჩემთან, სახლში, – წამოწითლდა ტრადიციულად, – მოკლედ, ასეთი ცუდი გოგო ვარ და არ დამიწყო, რატომ ხვდები, შენ ეს არ შეგეფერება, ცოლად მაინც გაჰყევი… ყველაფერი ვიცი, მაგრამ მაინც ასეა.
– მერე მაგას რა სჯობს!- წამოვიძახე, – რა მაგარია! როგორ გამიხარდა, რომ იცოდე!
– მართლა? – შვებით ამოისუნთქა.
– მართლა, ვისი რა საქმეა, ან ჩემი, ან სხვისი…
– ნუცამაც ეგ მითხრა.
– აბა, რას გეტყოდა! მოიცა და, მართლა საიდან გაიგო ნუცამ?
– ისეთ დროს მოვიდა, როცა დათო იყო ჩემთან. არ ვაპირებდი კარის გაღებას, ნუ… როგორ გითხრა… საწოლში ვიყავით… მაგრამ არც ის აპირებდა გაბრუნებას. ავდექი და გავაღე. დათო კი გავაფრთხილე, არ გამოხვიდე-მეთქი. მაგრამ ნუცა აღარ და აღარ წავიდა და მოკლედ…
– მერე? – სიცილი ამიტყდა ისევ.
– რა მერე? გაიცნეს ერთმანეთი. მე კი ვიფიქრე, რადგან ნუცამ იცის, ეკასაც ეტყვის-მეთქი და… მოკლედ, ვარჩიე, ჩემგან გაგეგო, ზურგს უკან გაჭორვები რომ არ იყოს მერე.
– რა გაჭორვები, გოგო, ხომ არ გადაირიე?! რატომ უნდა გაგჭორო, შენ მგონი, მართლა შენი იმიჯის კომპლექსებში მოქცეულხარ. აჰ, როგორ ეკადრება ასეთ პატიოსან გოგოს, ასეთ წესიერს, საყვარლის ყოლა, ეს როგორ გაბედა, ეს რა გააკეთა!.. რა სისულელეა. როგორც გინდა, ისე იცხოვრე.
– ჰო, რა ვიცი, იმედია, დედაშენს არ ეტყვი, ისეთი წარმოდგენა აქვს ჩემზე და ამ დროს…
– რატომ უნდა ვუთხრა, ხომ არ გადაირიე?! ან დედაჩემის აზრი მაგ საკითხზე რაში გაინტერესებს, კულინარიაა თუ ჭიანჭველების გაწყვეტის ხერხი?
– რა ვიცი, მერიდება რაღაცნაირად, ზოგადად მერიდება.
– ღმერთო, ნეტავ რისი გერიდება? ისე, საყვარელს ახლა ბოიფრენდი ჰქვია, ეგეც არ იცი.
– მაგდენი ვიცი, მაგრამ “ბოი” კი არა, “მენ”-ია, კაცი. ცოტა უხერხული იქნება, “ბოიფრენდი” დავუძახო.
– რავი, მაშინ “მენფრენდი” დაუძახე, – გამეცინა, – მოკლედ, მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ ვიღაც გყავს, მოგწონს, იქნებ გიყვარს კიდეც და ეს ძალიან კარგია!
– სიყვარულით, მართლა არ ვიცი, მიყვარს თუ არა, მაგრამ მასთან თავს ისე კარგად ვგრძნობ, ვერც წარმოიდგენ, – სახე გაუნათდა.
– ჰოდა, ეგაა სიყვარული, – დავამშვიდე, – ერთად თავის კარგად გრძნობა. აბა, თუ შეგაწუხა და ღამეები გათენებინა და ჭკუიდან გადაგიყვანა, ეგ სიყვარული კი არა, ტანჯვაა, – ისევ გამეცინა.
მერე დიდხანს ვილაპარაკეთ. ისე გატაცებით მიყვებოდა დათოზე, გამაცანი-მეთქი, ვთხოვე. აუცილებლადო, მითხრა გახარებულმა. მგონი, უკვე უყვარდა კიდეც.
– ეკუ, რა კარგია, რომ ისე მიიღე ჩემგან ეს ამბავი, როგორც საჭირო იყო, ყოველგვარი მორალის კითხვის გარეშე, – მითხრა წასვლისას. ჩამეხუტა, მაკოცა და რაღაცნაირად, ფრთებშესხმული დაუყვა კიბეს.
ნუცას დავურეკე.
– მაიკო იყო ჩემთან, – ვუთხარი.
– უი, ჩვენი? როგორაა? რამდენი ხანია, არ მინახავს, დაგერეკათ და მეც მოვიდოდი.
– ახლა მომახსენე, რატომ არ მითხარი მისი ამბავი? ყოველდღე ვქაქანებთ და ერთხელ არ წამოგცდენია, – ვუსაყვედურე.
– რა ამბავი? – შეხტა ტყემალზე.
– ვითომ არ იცი.
– არაფერი ვიცი მართლა. ხომ მშვიდობაა?
– ნუც, გეყოფა ახლა, ყველაფერი ვიცი, თავად მითხრა მაიკომ.
– აჰა, გასაგებია. ძალიან კარგი, თუ თავად გითხრა.
– ჰო, მაგრამ შენ რატომ არ მითხარი?
– მე რატომ უნდა მეთქვა. ისედაც ჭკუაზე არ იყო საწყალი გოგო, ისეთ დღეში ჩავარდა.
– რა ვიცი, მგონი, მეგობრები ვართ და ერთმანეთს არაფერს ვუმალავთ.
– ჰო, მაგრამ მაიკოც ჩემი მეგობარია. მის ნაცვლად მის ყველაზე დიდ საიდუმლოზე მე ვერ ვილაპარაკებდი. არ გეწყინოს რა, ეგ ისეთი რამაა… როგორ გითხრა, მაიკოზე ჭორაობას ვერ დავიწყებდი, ვერც შენთან. ხომ არ მიბრაზდები?
გავჩუმდი.
– შენ რა, უკვე გამიბრაზდი?
– ნუც, რა მაგარი მეგობარი ყოფილხარ, – ვუთხარი უცებ.
– კაი ახლა, გეყოფა ირონია. წარმოიდგინე, რომ ეს ყველაფერი შენ შეგმთხვეოდა… მე მაიკოსთან უნდა გავქცეულიყავი და მაშინვე მომეყოლა? ხომ გეწყინებოდა?
– არც ირონიაა და არც ვბრაზობ. რომ არ მითხარი, იმიტომ ხარ მაგარი მეგობარი-მეთქი, – ავუხსენი.
მერე ერთმანეთს დავემშვიდობეთ. ახლა უფრო კარგ ხასიათზე დავდექი, ვიდრე დილას. ისეთ კარგ ხასიათზე, რომ ისევ ხმამაღლა ავმღერდი. ოღონდ ამჯერად ყველასთვის უცხო სიმღერას ვმღეროდი, რომელსაც იმ წუთას ვიგონებდი, ჩემი, ნუცას და მაიკოს მეგობრობაზე.

