ცოლ-ქმარს ზესტაფონის სამშობიაროდან სამი ბიჭი მოჰპარეს – ,,მამაჩემს მხოლოდ გოგოები დაუტოვეს”

ცოლ-ქმარს ზესტაფონის სამშობიაროდან სამი ბიჭი მოჰპარეს - ,,მამაჩემს მხოლოდ გოგოები დაუტოვეს",,სარკე”, რუსუდან ადვაძე

,,ოჰ, როგორ მენატრებოდა ვინმესთვის მეთქვა: “ძმაო!”. მადლობა უფალს, ერთი უკვე ვიპოვე. დანარჩენი უფლის ნებაა!” – დაწერა ჯგუფში ,,ვეძებ” ნონა ცერცვაძემ.

მის ოჯახს დაუჯერებელი ისტორია უკავშირდება. 59 წლის წინ გარდაცვლილად გამოცხადებული ჩვილი ცოცხალი აღმოჩნდა. მისი მშობლები ახლა ცოცხლები აღარ არიან, მაგრამ და-ძმა, ერთმანეთი იპოვეს. ნონა ცერცვაძე ,,სარკეს” მოუყვა:

-მშობლები ჩემთან და ჩემს დასთან არაფერს ამბობდნენ, მაგრამ მახსოვს, სტუმრები რომ მოდიოდნენ და მიცვალებულების შესანდობარი უნდა ეთქვათ, მამა არასოდეს ამბობდა – ახლა სამი ბიჭი უნდა მყოლოდაო და ცრემლები სცვიოდა.არც ერთი შვილი მკვდარი არ უნახავთ, ანუ ყველა იბადებოდა ჯანმრთელი და მერე რაღაც ემართებოდათ. ჩემს მშობლებს არ ეგონათ, რომ შვილები ცოცხლები ჰყავდათ. მათ არწმუნებდნენ, რომ დაიღუპნენ. მამაჩემი ექიმსაც ახრჩობდა თურმე, როცა უთხრეს, დაიღუპაო. მამა მხოლოდ იმის გამო ჩიოდა, რატომ მომიკალით შვილებიო. გეფიცებით, არ მახსოვს, დედაჩემს გაეცინოს…

– სად გადახდათ თქვენს მშობლებს ეს საშინელება?

-ზესტაფონის სამშობიაროში. ჩემი ძმა ყვარელში გაუშვილებიათ. იმდენად შორს ჰყავთ გადაგდებული, რომ ვერასოდეს ეპოვათ. 59 წლისაა ჩემი ძმა და მამაჩემს ჰგავს ძალიან. რაიონში რომ გაევლო, ხომ მაშინვე მივხვდებოდით?! რომ ვუყურებ, მამაჩემი მგონია…

როგორ იპოვეთ?

– დავწერე ჯგუფში ,,ვეძებ” ჩვენი ამბავი და ნახევარ საათში ჩემი ძმის მეუღლემ ჩამიგდო ძმის სურათი. ისეთი შოკი მივიღე!.. დნმ-ის ტესტიც გავიკეთეთ. მგონია, რომ ჩვენს ოჯახში გაიზარდა და სიზმარში ვარ… მამაჩემს ჰპარავდნენ შვილებს და ყიდიდნენ. როგორც ჩანს, ყველა ბიჭი მოჰპარეს და მხოლოდ გოგოები დაუტოვეს. ბიჭი არ გაატარეს მამაჩემის ეზოში.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”