,,სარკე”, ია ქუთათელაძე
გვიან ღამით პოეტისა და მხატვრის, თინათინ მღვდლიაშვილის პოსტმა ბევრი ადამიანი ააფორიაქა. მას სახლი დაეტბორა და შველას ითხოვდა. „ხმალი ავლესოთ, ქართველებო“, „აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება“, „მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო”… – ამ ლექსების ავტორი დღეს გაჭირვებაში ცხოვრობს. მას უამრავი ქარტეხილი დაატყდა თავს. სამშობლოს სიყვარული და კანონიერი ხელისუფლების, ზვიად გამსახურდიას ერთგულება ლამის სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ათი დღე სამხედრო კომენდატურის ჰაუპტვახტში უმძიმესი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ გაატარა, დახვრეტის ინსცენირებაც მოუწყვეს და მჟავით გაქრობითაც ემუქრებოდნენ. გაუძლო, ღირსება შეინარჩუნა, დამცირებული და შიშისგან გალაჩრებული არ უნახავთ.კანონიერი პრეზიდენტის სამშობლოდან განდევნის შემდეგ, ბევრისგან განსხვავებით, არც არსად გადახვეწილა. თუ როგორ ცხოვრობს ახლა პოეტი, ამის შესახებ ქალბატონმა თინათინმა ,,სარკეს” უამბო:
-სხვადასხვა მიზეზთა გამო დავემშვიდობე ჩემს მშობლიურ სახლს აღმაშენებელზე და წლებია მუხიანში ვცხოვრობ პატარა, ოროთახიან ბინაში, ნესტიან პირველ სართულზე, რომელიც ისე სავსეა ჩემი წიგნებით, ნახატებით, ჩემი ნამუშევრებით, ჩემთვის ადგილი აღარ არის.
პოეტი გაჭირვებაში უნდა ცხოვრობდესო, ეტყობა, ასე ფიქრობენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი და ჩემისთანებისთვის თავს არ იწუხებენ. ყოფილ პუტჩისტებს და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიოდნენ, პატივში ამყოფებენ, სხვადასხვა სტიპენდიებსაც უხვად აძლევენ. მე პროტესტის ნიშნად მწერალთა კავშირშიც არ შევედი, მხოლოდ მხატვართა კავშირის წევრი ვარ.
განვლილმა დრომ, ქვეყნის სვე-ბედზე დარდმა და უსამართლობამ ჩემს ჯანმრთელობაზე იმოქმედა. ონკოლოგიური პაციენტი ვარ, რამდენიმე წლის წინ სამი ოპერაცია გავიკეთე ზედიზედ. ვცხოვრობ ისე, როგორც ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა, სივიწროვესა და უსახსრობაში.გამათბობელი გამიფუჭდა. ახლის შეძენას შევძლებ თუ არა, არც ვიცი. უფლის იმედი მაქვს, ვიცი, უსასოოდ არ დამტოვებს.
ეს ჩემი გზა სუფთა სინდისით, პატიოსნად გავიარე, არც ჩემი ქვეყნისთვის მიღალატია და არც თავისუფლების იდეებისთვის. მიუხედავად უამრავი თავს დატეხილი ჭირისა, დავჯექი და შინდისფერი ვწერე ლექსები…
ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”

