თეა დარჩია: ,,ვშრომობ მხოლოდ ბანკისთვის და სახელმწიფოსთვის”

თეა დარჩია: ,,ვშრომობ მხოლოდ ბანკისთვის და სახელმწიფოსთვის'',,სარკე”, ია ქუთათელაძე

თეა დარჩია, შეუდარებელი მოცეკვავე, რომელიც 30 წელი ლეგენდარული ,,სუხიშვილების” დიდი ოჯახის წევრი იყო, დღესაც აოცებს მაყურებელს თავისი ხელოვნებით. მოქანდაკე-მხატვრების ოჯახში დაბადებული გოგონა ბალერინობაზე ოცნებობდა, სწავლობდა კიდეც საბალეტო სტუდიაში. ოჯახში უნდოდათ, ექიმი გამოსულიყო, მამა ხშირად ახსენებდა ლატავრა ფოჩიანს, რომელიც წარმატებული ექიმიც იყო და ცეკვაშიც სწორუპოვარი გახლდათ. მაშინ იქ მიმიყვანეთ, სადაც ყველაზე კარგად ასწავლიან ცეკვასო, მოითხოვა თეამ და მიიყვანეს ,,სუხიშვილებთან”. ეს იყო მისი ცხოვრების დაუვიწყარი და გადამწყვეტი დღე.

თავად ნინო რამიშვილმა შესთავაზა სცენაზე ასვლა, 15 წლის გოგონამ აჭარული იცეკვა, მომავალმა კოლეგებმა ტაში დაუკრეს და მას შემდეგ ტაში არც არასოდეს მოკლებია.

-მძიმე პერიოდს გადის კაცობრიობა, გვიტევს კოვიდჟამიანობა.როგორ გადიხართ ამ პერიოდს?

– დიდი შიშით. მე, პირადად და ჩემი საქმის თანამონაწილენი ცეკვით გადავრჩით. ვიყავი ინფიცირებული. ეს აშკარად ხელოვნურად შექმნილი ვირუსია, რომელიც დადის ორგანიზმში და ეძებს სუსტ ადგილებს, რომ საფრთხე შეუქმნას სიცოცხლეს. პრევენცია მხოლოდ ვაქცინაა და რეგულაციების დაცვა. თავად მე იმდენად ალერგიული ვარ, არანაირი ვაქცინის გაკეთება ჩემთვის არ შეიძლება. ხელმეორედ დაიფინცირებას უფრო გადავიტან, ვიდრე ვაქცინით გამოწვეულ ალერგიულ შოკს.

მეც მაქვს ფინანსური ვალდებულებები ბანკებისა და სახელმწიფოს წინაშე. მადლობა უფალს, იმდენი მოსწავლე მყავს, როგორღაც ვფარავ ამ ვალდებულებებს, ანუ ვშრომობ მხოლოდ ბანკისთვის და სახელმწიფოსთვის.ვცდილობ, ცეკვით და შრომით გადავარჩინო და გავაძლიერო ის დიდი სიყვარული, რაც ასე გვაკლია.

– რას ფიქრობთ, რამ გამოიწვია ადამიანებში სიყვარულის ნაკლებობა?

– ადამიანური ურთიერთობების, სულიერი სიახლოვის დეფიციტია. გავიზარდე ისეთ ოჯახში, სადაც მუდმივად ბევრი სტუმარი იყო, სადაც სითბოს და სიყვარულს უზიარებდნენ ერთმანეთს. ახლა ცოცხალი ურთიერთობები სოციალურ ქსელში გადავიდა, სამყარო გაცივდა. ჩვენი შვილები ამ ცივი რეალობიდან გაქცევას ცდილობენ და თავს აფარებენ ირეალურს.ვრცელდება გამოკითხვა –  ფული თუ გული? და თურმე 80 პროცენტი ახალგაზრდობისა პასუხობს “ფული”, ანუ თაობა ფიქრობს, რომ ფულია მთავარი. ეს საშინელებაა!

– 30 წელი აქტიური მოცეკვავე იყავით, როგორ შეძელით, რომ ოთხი შვილი გააჩინეთ?

– თავადაც არ მჯერა, რომ მოვახერხე და ოთხი შვილი გავაჩინე. მთლად ჩემი დამსახურებაც არ არის, შეიძლება ჩვენ გავაჩინოთ სხეულით, მაგრამ სული ღმერთმა უნდა შთაბეროს, ამიტომ ვთვლი, რომ ჩემი შვილები უფლის წყალობაა.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”