სოფო ლილუაშვილი: ,,მე და ნიკამ ერთად დავიწყეთ თუ არა ცხოვრება, რთული პერიოდებიც დაიწყო”

სოფო ლილუაშვილი: ,,მე და ნიკამ ერთად დავიწყეთ თუ არა ცხოვრება, რთული პერიოდებიც დაიწყო",,სარკე”

,,მთავარი” არხის დამფუძნებელს და გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას და მის მეუღლეს, სოფო ლილუაშვილს ბოლო პერიოდში ბევრი რამის გადატანა უწევთ. ,,ვცხოვრობთ, როგორც მიზანში ამოღებული საზარბაზნე ხორცი”, – განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ნიკა გვარამიამ. ყველა რთულ მომენტში მას მყარი საყრდენი ჰყავს მეუღლის სახით და ამას სულ აღნიშნავს, მისთვის საჯაროდაც არაერთხელ გადაუხდია მადლობა. ,,სოფო, ყველაზე კარგი ხარ და სამყაროში ყველაზე მეტად მიყვარხარ… მადლობა, რომ მყავხარ და გიყვარვარ იმაზე მეტად, ვიდრე ვიმსახურებ”, – დაწერა ერთ-ერთ სტატუსში ნიკა გვარამიამ.

სოფო ინგლისური ენის პედაგოგია. ნიკა შეუღლებამდე დიდი ხნით ადრე გაიცნო. სამი შვილი ჰყავთ – გიკო, სანდრო და ქეთევანი. სოფოსთან პირად საკითხებზე ინტერვიუ ,,სარკემ” მაშინ ჩაწერა, როცა ისინი კონკურენტ არხებზე მუშაობდნენ, ნიკა გვარამია – ,,რუსთავი 2″-ზე, სოფო – “იმედზე”, ამ არხზე პროექტ ,,ახალი ხმის” პროდაქშენის გუნდის წევრი გახლდათ.

– სოფო, გაიხსენეთ, როგორ დაიწყო თქვენი და ნიკას ურთიერთობა, როდის გაჩნდა თქვენ შორის პირველი ნაპერწკალი.

– 2001 წელს ქობულეთში, ინტელექტუალური თამაშების “რა? სად? როდის?” ამიერკავკასიის ჩემპიონატზე შევხვდით. მაშინ კლუბის ხელმძღვანელ გიორგი მოსიძის ასისტენტად ვმუშაობდი, საორგანიზაციო საკითხებში ვეხმარებოდი.ნიკამ მომაქცია განსაკუთრებული ყურადღება და გამოიკითხა, ვინ ვიყავი. მაშინ ორივე ჩვენი ცხოვრებით ვცხოვრობდით და ჩვენს ცხოვრებაში იყვნენ სხვა ადამიანები.

ამის შემდეგ 2005 წელს შევხვდით საერთო მეგობრის ქორწილში. იმ დროს უკვე დეპუტატი იყო. არ მომცილებია გვერდიდან, ტელეფონის ნომრებიც გავცვალეთ. რამდენჯერმე დამირეკა, მაგრამ შეხვედრაზე უარს ვეუბნებოდი. ალბათ მობეზრდა მუდმივი უარი და მერე აღარ დაურეკავს.

შემდეგი შეხვედრა 2006 წელს მამაჩემის პანაშვიდზე შედგა. ძალიან გამიკვირდა ნიკას იქ ნახვა. აღმოჩნდა, რომ მამას არ იცნობდა და ჩემ გამო მოვიდა, მაგრამ მე ეს არ ვიცოდი. ამის მერე კიდევ რამდენჯერმე შემეხმიანა. ისევ არ შევხვდი. ერთ დღესაც დამირეკა, დღეც მახსოვს – 2006 წლის 5 ოქტომბერი, სხვათა შორის, არჩევნები იყო. მითხრა, აუცილებლად უნდა გნახო, მნიშვნელოვანი საქმე მაქვსო.

იმ დღიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა.იმ საღამოსვე მომაწია მესიჯი და მას შემდეგ აღარც გაჩერებულა. ორ თვეში უკვე ერთად ვცხოვრობდით. ერთი წლისთავზე სანდრო დაიბადა.

– რატომ არ ხვდებოდით?

– ახალი განქორწინებული ვიყავი. მარტო ვზრდიდი ბავშვს. არ ვიყავი მზად ურთიერთობებისთვის. თან ნიკას არ ვიცნობდი.

-რითი მოგხიბლათ ასე მალე – ორ თვეში?

– ყურადღებით, სითბოთი და უსაზღვრო სიყვარულით. ეს ნიკასთვის პირველი ქორწინებაა, ჩემთვის – მეორე. პირველად ძალიან პატარა ვიყავი. მეორედ გააზრებულად გადავდგი ნაბიჯი. ზუსტად ვიცოდი, რომ ნიკა იყო ის ადამიანი, რომელთან ერთადაც მინდოდა მთელი ცხოვრების გატარება. თითქმის უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის. მან მარტივად გამონახა საერთო ენა ჩემს შვილთან, გიკოსთან, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

გიკო მერვე წელში იყო. დღეს ნიკა და გიკო კარგი მეგობრები არიან. გიკოსთვის ყველაზე დიდი ავტორიტეტი ნიკაა.

– შეყვარებულობის პერიოდში ნიკა ალბათ ბევრ სიურპრიზს გიწყობდათ.

არ უყვარს სიურპრიზები, განსაკუთრებით, თუ მას უწყობენ. არ უყვარს დღესასწაულები, მაგალითად, ახალი წელი ან საკუთარი დაბადების დღე, თუმცა ჩვეულებრივი დღე დღესასწაულადაც უქცევია.

– როგორი ქორწილი გქონდათ?

– ქორწილი არ გადაგვიხდია.ამერიკაში რომ მივდიოდით, ქორწინების მოწმობა მოგვთხოვეს და სასწრაფოდ მოვაწერეთ ხელი. მეჯვარეებად ჩვენი ბავშვის ძიძა და მძღოლი გვყავდნენ.

– ალბათ იმ პერიოდს გულისხმობთ, როცა განათლების მინისტრობიდან მოულოდნელად ამერიკაში გაემგზავრა სასწავლებლად.

– მაშინ ნიკასთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი თანადგომა. უნდოდა, ოჯახიც თან ჰყოლოდა. ვიცოდით, ფინანსურად გაგვიჭირდებოდა, სამი ბავშვით უცხო ქვეყანაში… ქექე 3 თვის იყო, მაგრამ სირთულეებს არ შევუშინდით.ამ გამოწვევამ ნიკაც გააძლიერა და ჩვენი ოჯახიც.

-ახლახანაც რთული პერიოდი გედგათ – თქვენს ქმარს სასამართლო პროცესები ჰქონდა, დაპატიმრებულიც იყო. როგორც ჩანს, არც ისეთი იოლია მისი ცოლობა. თქვენგან რა სჭირდება ასეთ დროს?

ერთად დავიწყეთ თუ არა ცხოვრება, მაშინ დაიწყო რთული პერიოდებიც. განსაკუთრებით მძიმედ მახსენდება 2008 წლის აგვისტო. მაშინ იუსტიციის მინისტრი იყო.არ გვეკონტაქტებოდა, სახლშიც რამდენიმე წუთით შემოივლიდა. არ ვიცოდი, რა უნდა მექნა და ვერც ვეკითხებოდი… ჯერ არ მახსოვს სირთულე, რომლის დაძლევაც ვერ შეძლო.

როგორია სახლში,როგორი ქმარი და მამაა?

ძალიან კარგი. მას შეიძლება ყველა სიტუაციაში დაეყრდნო.ჩემთვის კარგი მეგობარია. მას არ აქვს მარტივი ხასიათი, მაგრამ ამით უფრო საინტერესოა.რაც შეეხება მამობას,ამაზე უფრო მნიშვნელოვანი მისთვის არაფერია.

– თქვენ როგორი დიასახლისი ხართ?

იმერელი ვარ და ამბობენ,კარგი მზარეულიც. ნიკას უყვარს კულინარიული ექსპერიმენტები, მაგრამ ეს ხშირად არ ხდება. განსაკუთრებით გემრიელად ამზადებს ფრანგულ და იტალიურ კერძებს. ძალიან მიყვარს მისი მომზადებული სპაგეტი ისპანახის სოუსით.

– რა არის ნიკას მთავარი თვისებები, რასაც საზოგადოება ვერ ხედავს?

– თბილი, მეგობრული და ერთგულია.საჭირო დროს საჭირო რჩევის მიცემა შეუძლია. ძალიან სამართლიანია. ფანტასტიკური იუმორი აქვს. არაჩვეულებრივად უკრავს ფორტეპიანოზე და შესანიშნავად უსტვენს.

ნამდვილ ნიკას ხალხი კარგად არ იცნობს.როცა ურთიერთობები დავიწყეთ, ჩემი ბევრი მეგობარიც შოკში იყო – ვერ გაიგეს, რა საერთო გვქონდა მე და ამ პირქუშ კაცს. როცა ნიკა გაიცნეს, მეორე შოკი მიიღეს, რადგან სრულიად განსხვავებული ადამიანი აღმოაჩინეს.