,,სარკე”, რუსუდან ადვაძე
ექიმი სოფო ჯაფარიძე დიდი ოჯახის დიასახლისია. ის სამი ბიჭს დედაა. ,,ქმრისა და სამი ბიჭისთვის რა დრო გრჩებათ?” – ჰკითხა ,,სარკემ” სოფოს, რაზეც გვიპასუხა:
– აქტიურად ვარ შვილების გაზრდაში ჩართული. მუდამ გაწამაწიაში ვარ. ვახერხებ, ყველაფერი ერთმანეთს შევუთავსო. ჩემი მეუღლე ექიმი არ არის, იურისტია და მისთვისაც სიამოვნებაა ის საქმე, რასაც მე ვემსახურები. რომ არა მისი აქტიური მხარდაჭერა, ალბათ ამ ყოველივეს ვერც შევძლებდი.
– თავად როგორ აირჩიეთ თავის დროზე პროფესია?
– ჩემს ოჯახში არ არსებობდა სხვა პროფესია, რადგან ყველანი ექიმები არიან. ბაბუაჩემი, ვახტანგ ყიფიანი, სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი იყო და მან გაზარდა ექიმების მთელი დინასტია. სტომატოლოგია იმიტომ ვარჩიე, რომ ჩემი გამზრდელი დეიდაა სტომატოლოგი და სულ მის გარშემო ვტრიალებდი. დეიდა სამედიცინო უნივერსიტეტის დეკანიც არის.
დედა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის პროფესორია. ბებია ასევე ინფექციონისტია. მეორე ბაბუა, ქართლოს ჯაფარიძე, გახლდათ მე-9 საავადმყოფოს მთავარი ექიმი. ჩემი დიდი ბაბუა, აკაკი ჯაფარიძე, სვანეთში პირველი ჰოსპიტლის დამფუძნებელია.
სამედიცინო უნივერსიტეტში ბავშვთა თერაპიულ სტომატოლოგიას ვასწავლი. ვარ ასევე მათი კათედრის მოწვეული პედაგოგი. ვმუშაობ დისერტაციაზე.
– ნიკა მელიას გუნდის წევრი ხართ. ბევრი კეთილგანწყობილი ადამიანი გვინახავს, პოლიტიკაში ჩაბმის შემდეგ რომ იცვლის ფერსა და სახეს. ამ საფრთხის არ გეშინიათ?
– ჩემს შემთხვევაში ეს საფრთხე არ არსებობს. ყველას ვაძლევ უფლებას, მკაცრად გამაკრიტიკონ, თუ მსგავსი რამ მოხდება.
-ითქვა, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ნაციონალები ჯანდაცვის მინისტრად განიხილავენო.
– არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ ჯანდაცვის მინისტრობას! ჩემთვის ყველანაირ სკამზე მნიშვნელოვანია, ახლოს ვიყო მოქალაქეებთან.
-ხელისუფლების მხრიდან გამოხმაურება არ გქონიათ, როცა ხედავენ, რამდენს აკეთებთ უბრალო მოქალაქეებისთვის საკუთარი ინიციატივით?
– არა. ,,ოცნებაში” ბევრი მეგობარი მყავს და მათი მხრიდან მადლობაც იყო და დაფასებაც, მაგრამ არ მომხდარა, ხელისუფლებას ეღიარებინა, რომ მათი გასაკეთებელი ბევრი საქმე ,,მედ გიდმა” გააკეთა ან მადლიერება დაგვენახა. მე კი ძალიან ჯიუტი ვარ და, თუ რამე დავისახე მიზნად, ყველაფერს გავაკეთებ.
ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”

