სკანდალური საქმე, რომელიც ზვიად გამსახურდიამ პირად კონტროლზე აიყვანა
დღემდე ბურუსით მოცული ,,გარდაცვალება"

სკანდალური საქმე, რომელიც ზვიად გამსახურდიამ პირად კონტროლზე აიყვანა,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

ხათუნა გოგილიძე ერთ-ერთია ბნელ 90-იან წლებში მიხვდა, რომ მისი ტყუპი შვილები კი არ გარდაიცვალნენ, გაყიდეს და სამართალდამცავებსაც მიმართა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, კრიმინალ ექიმებს ისეთი მფარველები ჰყავდათ, ფაქტების მიუხედავად, ვერაფერს გახდა და შვილებს ცხელ კვალზეც ვერ მიაკვლია.

1991 წლის 2 სექტემბერს დაბადებული ბავშვები ახლა 29 წლისანი არიან. დედას მათი ძებნა არასოდეს შეუწყვიტია. ეჭვიც აქვს, რომ მათ კვალს მიაგნო, მაგრამ ვერ ამხელს და შორიდან ადევნებს თვალს. ხათუნა გოგილიძე ,,სარკეს” დაუჯერებელ ამბავს მოუყვა:

7 თვის ვიყავი, ქუთაისის პირველ სამშობიაროში რომ ვიმშობიარე. ბიჭი 2 კილო იყო, გოგონა – 1 კილო და 900 გრამი.პედიატრმა უმაღლეს ქულად შეაფასა, აბსოლუტურად ჯანმრთელები არიანო…

შვილებს 3 დღე ვნახულობდი. ინკუბატორში ფეხშექცევით იწვნენ. მე რძეს ვიწველიდი და ექთანს ვატანდი.ექთანმა მესამე დღეს მითხრა, საკვებს კარგად იღებენ,საშიშროება აღარ არისო…დილის 6 საათზე ვნახე, რომ ინკუბატორი გამორთული იყო და აღარც ბავშვები იწვნენ. ძირს დავიხედე და “ბირკები” ეყარა, რომლებსაც ეწერა: ,,გოგილიძე-კაპანაძე”.ახალშობილი კიდეც რომ დაიღუპოს,,,ბირკა” არ უნდა მოაძრონ… მაშინ ვიფიქრე, ალბათ მოკვდნენ-მეთქი… ექიმმა ჩემს ქმარს უთხრა, ბავშვები წუხელ დაიღუპნენო…

– მიცვალებულები გამოგატანეს?

-ექიმს უთქვამს, ახალგაზრდა ხარ,ორი მკვდარი შვილი რომ გამოგიყვანო, მთელი ცხოვრება თვალებიდან არ ამოგივა, ამიტომაც ჩვენვე დავმარხავთ ოღასკურას სასაფლაოზეო…იურისტმა კი უთხრა,მკვდრადშობადობას გავატარებთ, არც სახელების დარქმევა დაგჭირდებათ, არც დაბადების მოწმობები, რატომ უნდა იწვალოთო. ჩემმა მეუღლემაც ხელი რაღაცაზე მოუწერა.

– ეჭვი როდის გაგიჩნდათ?

– შვილი (ტყუპებამდე 2 შვილი მყავდა. მერე 3 გამიჩნდა, ახლა 5 შვილი მყავს)  მივიყვანე გადახვევაზე პოლიკლინიკაში. ექიმმა მკითხა, ტყუპები აღრიცხვაზე რატომ არ დააყენეთო.ვუთხარი, მესამე დღეს დაიღუპნენ-მეთქი.გაიკვირვა, ჩვენს პოლიკლინიკას აწერია ცოცხლადო. მოიტანეს აღრიცხვის ჟურნალი, სადაც გატარებულები არიან – კაპანაძე მაკა ფრიდონის ასული და კაპანაძე პავლე ფრიდონის ძე.

საჩივარი შევიტანეთ პროკურატურაში. იმდენი მოვახერხე, რომ პრეზიდენტ გამსახურდიასთან შევედი. ჩემი საქმე კონტროლზე აიყვანა. ვიქტორ დომუხოვსკის დააწერეს.რესპუბლიკის პროკურორი აბაკელია იყო და გამომძიებელ ათანასიევას დააწერეს ეს საქმე. გამომძიებლებმა ქუთაისში მომიწყვეს სასამართლო, სადაც მედპერსონალიც იყო. ვის რად უნდოდა, ქალო, შენი ავადმყოფი შვილები, შე გიჟოო, დამძახოდნენ.

მოვითხოვე, ბავშვების საფლავების ადგილი ეთქვათ, რომ ექსჰუმაცია გამეკეთებინა, მაგრამ მითხრეს, კრემაცია გავუკეთეთ, დავწვით ბავშვებიო. არადა სად ხდებოდა საქართველოში კრემაცია?!.. ათანასიევამ დაგვიბარა თბილისში – ბევრი უზუსტობაა საბუთებში, მაგრამ მე აცილება მომცეს, ეს საქმე ქუთაისს  დააწერესო…

მაშინ ჩემს ქმარს თავს დაესხნენ – ურტყამდნენ და ყვიროდნენ, ახლაც არ ისწავლი ჭკუასო… ბოლოს ადვოკატმა მითხრა,ამ საქმეს არ გამოიძიებენ.ახლა ამზადებენ საბუთებს, რომ გიჟი ხარ და ფსიქიატრიულში გაგიშვებენ.ჯობია,საქმე დაიხუროს და ჩუმად ეძებეო.

-როგორ ფიქრობთ, ერთად გაიზარდნენ თქვენი ტყუპები?

– როგორც გვითხრეს, კი… ჩემი შვილების ფოტოებს რომ ვადარებ, ორივენი  ჰგვანან… ხანდახან ვფიქრობ,მათ მშობლებთან მივიდე, მაგრამ მეშინია,ცილი არ დამწამონ, რას გვირევ ოჯახსო. ჩვენს ქვეყანაში ყველაფრის მეშინია…

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”, ქალბატონი ხათუნას ამბავი გამოქვეყნდა ჯგუფში ,,ვეძებ”