შეშლილი თეოლოგის განსაწმენდელი – კრიმინალური ნოველა

შეშლილი თეოლოგის განსაწმენდელი - კრიმინალური ნოველა,,სარკე”, ხათუნა მაღრაძე

-ახალგაზრდა ქალის ცხედარია, პირველადი დათვალიერებით ძალადობის ნიშნები არ ემჩნევა, – ტელეფონზე ლაპარაკობდა რაიონული განყოფილების მორიგე ოპერმუშაკი, რომელსაც მოულოდნელად ნაპოვნი გვამის გამო ძილი დაუფრთხეს და ფონიჭალის დასახლებიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, მეჩხერ ტყეში უკრეს თავი.

ჯერ კარგად გათენებული არ იყო და გამოსახულებების გარჩევა ჭირდა, ამიტომ პოლიციის მანქანებმა ცხედრის გარშემო წრე შეკრეს და ტერიტორიას ფანრებით ანათებდნენ. განაპირას სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული რამდენიმე მამაკაცი იდგა, ემჩნეოდათ, ღამით ზედმეტის დალევა მოუვიდათ და დილამდე გამოფხიზლება ვერ მოასწრეს. ისინი შეშინებული თვალებით დასჩერებოდნენ ქალის გვამს, რომელსაც მუხლებამდე ჯერ ისევ მიწა ფარავდა.

– აბა, მომიყევით, რა ნახეთ, – ერთ-ერთ მამაკაცს ოპერმუშაკი მიუახლოვდა და ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო.

– არ ვიცი, ძმაო, ბიჭები შევიკრიბეთ, ვსვამდით, – ენის ბორძიკით და უჟმური გამომეტყველებით დაიწყო ყველაზე სქელმა და პირიდან ღვინის სუნი ამოაფრქვია, – მერე, ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება მომინდა. გამოვედი და უცებ სიბნელეში ფეხი რაღაცას წამოვკარი. სანთებელას გავკარი და რას ვხედავ, მიწიდან ადამიანის ხელია ამოჩრილი.

– ეშმაკმა დალახვროს, – გააჟრჟოლა მის გვერდით მდგომ წვერიან კაცს, – ამ მხარეს საქეიფოდ აღარასოდეს წამოვალ.

– გვამი ახალი ჩაფლული ჩანს. ქეიფი რომელ საათზე დაიწყეთ?

ულვაშიანმა ხელის თითებზე რაღაც გადათვალა და გადაჭრით წამოიძახა.

– საღამოს 8 საათისთვის, – და ერთხანს კიდევ ჩაფიქრდა, – კი, ასეა.

პოლიციელმა დაეჭვებით გადახედა მოწმეებს.

– შეუძლებელია, ხმაური არ გაგეგონათ ან ის მანქანა არ შეგემჩნიათ, რომლითაც ცხედარი მოიტანეს.

– არ ვიცი, – ქვედა ტუჩი გადმოატრიალა ულვაშიანმა. უნდოდა, თავის დასაცავად რამე გაეხსენებინა, მაგრამ მეოთხე განსხვავებულის შემდეგ საკუთარი გვარ-სახელიც აღარ ახსოვდა, არა თუ საეჭვო ხმაური.

– კარგი, ჯერ გამომძიებელს დაველოდებით, შემდეგ კი ყველას განყოფილებაში გადაგიყვანთ. იქ ისეთი გარემოა, მნიშვნელოვანი დეტალების გახსენებაში დაგეხმარებათ, – პოლიციელის სიტყვები მუქარასავით ჟღერდა, თუმცა მოწმეებს იმ ღამით ნანახი კოშმარის შემდეგ ვეღარაფერი შეაშინებდათ.

ულვაშიანს გამოფხიზლებამაც ვერ უშველა, სამაგიეროდ, მისმა თანამეინახეებმა აღიდგინეს, რომ მათი მისვლის შემდეგ, შებინდებისას, ტყის სიღრმიდან გამოსული მომწვანო ფერის “ვოლვო” დაინახეს. მძღოლის აღწერა ვერავინ შეძლო, მაგრამ ავტომობილის ნომრის ბოლო ორი ციფრი, სავარუდოდ, ცნობილი იყო.

– 66-ით მთავრდებოდა, როგორც ჩემი მანქანის ნომერი, – მოწმეთაგან ერთ-ერთი განყოფილებაში მიყვანის შემდეგ მეტისმეტად აქტიურობდა.

გამომძიებელ ზაზა კაციტაძის ნება რომ ყოფილიყო, მოქეიფეთა ოთხეულს იმ ღამით განყოფილებიდან არ გაუშვებდა, მაგრამ ხელჩასაჭიდი მიზეზი ვერაფერი იპოვა. გააფრთხილა, ქალაქიდან გასვლის უფლება არ გაქვთო და შინ გაისტუმრა. თვითონ ფანჯარა და კარი გააფრიალა, რომ ნაბახუსევზე მყოფი მამაკაცებისგან დატრიალებული ღვინის ოხშივრისგან გაეწმინდა კაბინეტი. ის იყო, სუფთა ჰაერმა დაღლილობა ცოტათი მოუხსნა, რომ ტელეფონზე ექსპერტის ზარი გაისმა:

– აბა, რა გითხრათ გვამმა, სარდიონოვიჩ? – გაიღიმა გამომძიებელმა და სახეზე დაეტყო, რომ ძველი მეგობრის ხმის გაგონება ესიამოვნა.

– ორი ღრმა ნაკბილარი კისრის არეში, – მოკლედ მოუჭრა ექსპერტმა.

გივი ნათელაშვილი სიტყვაძუნწი ადამიანი იყო. ან რა გასაკვირია, ნახევარი ცხოვრება გვამებთან ჰქონდა გატარებული.

– ვის ჰქონდა ასეთი გესლიანი კბილები? – გაუკვირდა გამომძიებელს.

– ახალგაზრდა ქალის სისხლი დაშლილია, ამის პროვოცირებას ქვეწარმავლის შხამი იწვევს.

– რაა?! ესღა გვაკლდა! – წამოიძახა კაციტაძემ, – ტყეში ხეტიალისას ქვეწარმავალს გადაეყარა?

– რასაკვირველია, – უპასუხა ნათელაშვილმა, – მან ქალი ჯერ მოკლა, შემდეგ მიწაში ჩაფლა კვალის დასამალად.

– ჰო, მორჩი ქილიკს, – გაიცინა გამომძიებელმა და იქვე გააგრძელა, – მკვლელმა პითონის ჩამოსაყვანად თავი რატომ შეიწუხა, უფრო მოსახერხებელი იარაღი ვერაფერი ნახა?

– ბატონო გამომძიებელო, პითონი შხამიანი არ არის, ეს ქალბატონი კი, დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, გველის ნაკბენმა იმსხვერპლა, სავარაუდოდ, ნაკბენის “ავტორი” კავკასიური ცხვირრქოსანი გველგესლების ოჯახიდან უნდა იყოს, თუმცა ზუსტ პასუხს ხვალ დილით მოგახსენებთ.

– კარგი, შენს ზარს დაველოდები, – ნაჩქარევად დაემშვიდობა გამომძიებელი ექსპერტს, რადგან მის კაბინეტში ოპერმუშაკი შევიდა და კაციტაძე მიხვდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანის თქმას აპირებდა.

– იმ ტერიტორიაზე, სადაც გვამი ვიპოვეთ, კიდევ ერთ ცხედარს მივაკვლიეთ, – სხაპასხუპით მიაყარა პოლიციელმა. ემჩნეოდა, ამ აღმოჩენით თავადაც აფორიაქებული ჩანდა.

– გავგიჟდები, თუ ეგეც გველგესლამ იმსხვერპლა! – წამოიძახა კაციტაძემ.

პოლიციელმა გაკვირვებით შეხედა გამომძიებელს. კაციტაძემ ხელი ჩაიქნია, ქურთუკს წამოავლი ხელი და სიგარეტის კოლოფი ჯიბეში ჩაიტენა.

გამომძიებელი კაციტაძე პროკურორის კაბინეტის წინ ნერვულად დააბი-ჯებდა და თავი ორი ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ვერსიებით ჰქონდა გამოჭედილი.

– აბა, რა ხდება, გაარკვიეთ რამე? – იკითხა პროკურორმა.

– მეორე მსხვერპლიც გველის დაკბენილია. გარდაცვლილები დაახლოებით ერთი ასაკის არიან. პირველად ნაპოვნი ქალი რამდენიმე საათის მოკლული იყო, მეორე კი ორი თვის წინ დამარხეს.

– ვინაობა დაადგინეთ? – წარბები შეყარა პროკურორმა.

– ერთი მუხიანში მცხოვრები ელზა ხაჩიძეა, მეორე გვამის ამოსაცნობდ ოცი დღის წინ გუჩინარებული ახალგაზრდა ქალის, ფიქრია ბუკიას, ახლობლები გამოვიძახეთ.

– რა ვიცით მათ შესახებ? – ისევ მკვახედ იკითხა ზემდგომმა.

კაციტაძეს უნდოდა ეთქვა, შენ რა უნდა იცოდე, რაც პროკურორად დაგნიშნეს, რესტორნისა და ლამაზი ქალების მეტი აღარაფერი გინახავსო, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ცხვირრქოსანი გველგესლების ამბავს უკვე სხვა იურისტი გამოიძიებდა, ამიტომ მოხსენების გაგრძელება არჩია.

– ორივე ქერაა, 25-26 წლის, გასათხოვარი.

– ქალიშვილები იქნებოდნენ, – დამცინავად ჩაილაპარაკა პროკურორმა.

– თქვენ წარმოიდგინეთ, ასეა, ექსპერტიზამ დაადასტურა.

– ვახ! – გაუკვირდა პროკურორს, მაგიდაზე მდგარი გამაგრილებელი სასმელი ბოთლიანად მოიყუდა და ისე გამოცალა, კაციტაძისთვის არც კი შეუთვაზებია.

– იცი, რა მიკვირს, ჩემო ზაზა, ამ ქალებს ძალადობის კვალი არ ეტყობათ. დავიჯერო, გველს, სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ, კისერი საკუთარი ნებით მიუშვირეს? შენ მეტყვი, არაო და მართალიც იქნები. რა ვარიანტი რჩება? – ტუჩები მომუწა პროკურორმა, – როცა მსხვერპლს ქვეწარმავალი ესხმის თავს, მას სძინავს, თუმცა არა მგონია, ეს ბუნებრივი ძილის მდგომარეობა იყოს, მაგრამ მათი გონების გათიშვა თუ მედიკამენტებით ხდება, მაშინ სისხლში რატომ არ არის წამლების კვალი?

– იქნებ, ისეთ მედიკამენტს აძლევს, რომელიც გველის შხამთან რეაქციაში შედის და ორგანიზმში წამლის კვალს აქრობს? – გამოსავლის პოვნა სცადა გამომძიებელმა.

პროკურორმა წარბები აჭიმა. გამომძიებელმა იფიქრა, ახლა თავს დამესხმებაო, მაგრამ შეცდა.

– არ ვიცი, ეგ საკითხი დარგის სპეციალისტებთან გაარკვიე. ამოცნობის პროცედურას დაესწარი და, თუ ცხედრის იდენტიფიკაცია მოხდა, მაშინ ფიქრია ბუკიას ახლობლები დაკითხე. საინტერესოა, მათ ქალიშვილს ბოლო ბერიოდში ვინმე უცნაური რეპუტაციის ადამიანთან ხომ არ ჰქონდა ურთიერთობა.

კაციტაძეს პროკურორისთვის რამდენიმე კითხვის დასმა უნდოდა, მაგრამ ხელმძღვანელმა გამოხედვით მიანიშნა, აუდიენცია დამთავრდაო და გამომძიებელიც თავისი კაბინეტისკენ გაემართა. პროზექტურაში წასვლამდე ფინჯანი ყავის დალევა უნდოდა, მაგრამ მადუღარას აღებაც ვერ მოსწრო, ისევ ექსპერტმა დარეკა. ნათელაშვილი აღელვებული ჩანდა.

– გარდაცვლილი გოგონას ახლობლები დათქმულ დროზე ადრე გამოცხადდნენ, ნამდვილი მეორედ მოსვლაა!

– ამოიცნეს? – იკითხა კაციტაძემ.

– კი და გვამის დაუყოვნებლივ გადასვენებას მოითხოვენ, იქნებ ახლავე წამოხვიდე.

როცა კაციტაძე პროზექტურაში მივიდა, სიტუაცია შედარებით განმუხტული დახვდა. 50 წელს მიახლოებულ ქალს, რომელიც, სავარაუდოდ, ბუკიას დედა იყო, ახლობლები მანქანაში ჩაჯდომაში ეხმარებოდნენ. როცა ჭირისუფალთან გამომძიებელი მივიდა და თავი წარუდგინა, ქალმა ისევ კივილი მორთო.

– ვიცი, ძალიან გიჭირთ, მაგრამ ძალა უნდა მოიკრიბოთ და ფიქრიასთან დაკავშირებით დავილაპარაკოთ. მისი მკვლელი უნდა დაისაჯოს, გთხოვთ, დამეხმარეთ ამაში!

ქალი წამით გაჩუმდა და ტირილით დაწითლებული თვალები გამომძიებელს მიაპყრო. კაციტაძემ მომენტით ისარგებლა და დედას ქალიშვილის ძველ და ახალ მეგობრებზე რამდენიმე კითხვა დაუსვა. სწორედ მაშინ გაარკვია, რომ ფიქრია ბოლო დროს უცნობ მამაკაცზე საუბრობდა, რომელიც ისე იყო რწმენაში გამტკიცებული, სასწაულების ჩადენა შეეძლო. კაციტაძე უსმენდა გარდაცვლილის დედას და ელზა ხაჩიძის მამის სიტყვები ახსენდებოდა. თავის ჩვენებაში მანაც ახსენა კაცი, რომელიც თვალით არასოდეს უნახავს, მაგრამ მის ქალიშვილზე ზრუნვა და ელზას „განწმენდა” ჰქონდა გადაწყვეტილი.

– ვინ იყო ეს ადამიანი, სად მუშაობდა, სად ხვდებოდა ფიქრია, ნუთუ, არავინ დაინტერესებულხართ?! – აღშფოთებით წამოიძახა კაციტაძემ.

სიტყვა არავის უთქვამს, მხოლოდ წყრომით გადახედეს ერთმანეთს გარდაცვლილის მშობლებმა.

– კარგი, შეგიძლიათ სახლში წაბრძანდეთ, მოგვიანებით შევხვდებით, – გამომძიებელმა პირველმა აქცია ზურგი ჭირისუფლებს და ექსპერტის კაბინეტისკენ აიღო გეზი.

სწორედ ამ დროს ფიქრიას ნათესავების ჯგუფს 14-15 წლის კაფანდარა გოგონა გამოეყო და სირბილით გაიქცა კაციტაძისკენ.

– ვიცი, კარგი საქციელი არ არიას, მაგრამ ხანდახან ფიქრიას ჩანთებს უნებართვოდ ავიღებდი ხოლმე. მინდოდა, მეგობრებთან თავი მომეწონებინა, – მორცხვად დაიწყო საუბარი გოგონამ.

– ეგ არაფერი, – გაამხნევა გამომძიებელმა გარდაცვლილის დეიდაშვილი, რომელსაც, უდავო იყო, კიდევ რაღაც ჰქონდა სათქმელი.

– მის ჩანთებში 53 ნომერი ავტობუსის სამგზავრო ბილეთი მხვდებოდა. ყველგან ისინი იყო. როგორც ჩანს, ამ ავტობუსით ხშირად მგზავრობდა. არ ვიცი, იქნებ ეს ინფორმაცია გამოგადგეთ, – დაასრულა კაფანდარამ და მღელვარებისგან ღაწვები შეეფაკლა.

– ყოჩაღ, ჭკვიანი გოგო ხარ, – გაუღიმა გამომძიებელმა და დაემშვიდობა.

საქართველოში რეგისტრირებულ მწვანე ფერის “ვოლვოს” სანომრე ნიშნებით 66 ქალაქის მასშტაბით უკვე ეძებდნენ, ახლა ეს არეალი შემცირდა და მთელი აქცენტი საგამოძიებო ჯგუფმა კუკიის დასახლებაზე გადაიტანა, რადგან ავტობუსი 53 ნომრით, სწორედ ამ ტერიტორიაზე მოძრაობდა. მალე საეჭვო ადამიანთა სია 15 კაცამდე შემცირდა. ბოლოს მთავარ ეჭვმიტანილსაც მიაგნეს.

ბახვა ჯიბლაძე პროფესიით თეოლოგი იყო. მას 30 წლის ასაკში ფსიქიკური პრობლემები დაეწყო და მკურნალობის კურსი სპეციალურ დაწესებულებაში გაიარა. ექიმების დასკვნით, პაციენტი მკურნალობის შედეგად სრულიად გამოჯანმრთელდა, თუმცა 10 წლის შემდეგ ახალმა ტალღამ შეუტია და “სულების გადარჩენის” იდეით შეპყრობილმა ორი ქალიშვილის სიცოცხლე შეიწირა.

– მე არავინ მომიკლავს, ისინი საკუთარი ნებით მოვიდნენ განსაწმენდელში, – ბრალით გაკვირვებული ჩანდა ეჭვმიტანილი.

– მკვლელობის იარაღი გვიჩვენე, რქოსანი თუ ჩლიქოსანი გველგესლები, – შუბლზე ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა გამომძიებელს.

– რას ბრძანებთ, – იწყინა ეჭვმიტანილმა, – ქალიშვილის სხეულთან შეხების უფლება მხოლოდ გიურზას აქვს, – კომპეტენტური გამომეტყველებით თქვა მამაკაცმა და სიამაყით გაიხედა ოთახის ყველაზე ბნელი კუთხისკენ, სადაც გველებისთვის სპეციალური ვოლიერი ჰქონდა გაკეთებული.

,,სამწუხაროა, მინდოდა, ერთხელ მაინც მენახა ცხვირრქოსანი გველგესლა”, – ფიქრობდა გამომძიებელი, როცა პოლიციას შეშლილი თეოლოგი განყოფილებაში ხელბორკილებით გადაჰყავდა.