სანდრო კაკულია ყოველთვის ღიად და დაუფარავად საუბრობს იმ პრობლემებსა თუ საკითხებზე, რომლებიც ვიღაცებისთვის შეიძლება ტაბუდადებულია. ასე იყო 2 წლის წინ, როცა ,,პირველი არხის” ერთ-ერთ გადაცემაში საზოგადოებას მოუყვა ცხოვრების იმ რთულ მომენტზე, როცა გაიგო, რომ მის 4 წლის შვილს დიაბეტი ჰქონდა.
– მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს ვუყურებდით – ახლა რა გავაკეთოთ, რა ვაჭამოთ. მერე იწყებ ექიმებთან ყოველ წამში რეკვას იმიტომ, რომ არ ენდობი საკუთარ თავს, მეგობარს. პირველი, რაც გავაკეთე, ის იყო, ჩემს შვილს რომ არ შეშინებოდა, მისი თანდასწრებით დავიწყე გლუკომეტრით სისხლის გაზომვა. მასთან ერთად როცა ვარ, ვცდილობ, ისე ვიკვებო, რომ მას თვალში დიდი სხვაობა არ მოხვდეს…
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია აღიარება, სხვების ინფორმირება, ამაში დასაძრახი და დასამალი არაფერია. პირიქით, რაც უფრო დამალავს ადამიანი, ამით უფრო მეტი რისკის ქვეშ დააყენებს საკუთარ შვილს, რადგან შეიძლება ვიღაცამ არ იცოდეს და რაღაც მომენტში ქუჩაში სიამოვნებით მიაწოდოს კანფეტი.
ჩვენი ბავშვები ხომ სულ რაღაცებს გვასწავლიან… აი, რომ გაიგებენ, რომ ეს დიაგნოზი დაუსვეს, ყველა ფიქრობს, აუ, ბავშვი როგორ ინერვიულებს, მაგრამ საერთოდ არა, მის თვალწინ არ იტიროთ, არ ინერვიულოთ, არ ჩავარდეთ სასოწარკვეთილებაში. ამით ის უფრო გაძლიერდება და ნახავთ, რომ ცოტა ხანში პირიქით, ის დაიწყებს თქვენს გამხნევებას, ასე იყო ჩვენს შემთხვევაში, – უამბო სანდრომ მაყურებელს.

