,,სარკე”, რუსუდან ადვაძე
წმინდა ქეთევანის ნაწილების საქართველოში ჩამობრძანებას აქამდე ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა გიორგი რაზმაძე ხელმძღვანელობდა. მოძღვარი ჩვენთან საუბარში ამბობდა, რომ წმინდა ქეთევანისადმი განსაკუთრებული კრძალვა და სიყვარული სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში გაუჩნდა.
მამა გიორგიმ ავჭალაში მდებარე წმინდა იოანე ნათლისმცემლის ძველი ტაძრის ნანგრევი აღადგინა და წმინდა ქეთევანის სახელზე აკურთხა. შემდეგ ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების მოძიება დაიწყო და დღეს ტაძარში ინახება წმინდა ქეთევანის ნეკნის ნაწილი, რომელიც ხატშია ჩაბრძანებული და ტაძრის მთავარ სიწმინდედ ითვლება.
– მამა გიორგი, 1993 წლიდან წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების პოვნისა და ჩამოტანისთვის იბრძოდით. ახლა, როცა მისი წმინდა ნაწილი სამშობლოში სამუდამოდ დაბრუნდა, აღარ ჩანდით. რატომ?
– ყველაფერი არ ითქმის. თითი რომ არ გაუნძრევიათ, ისეთებმა მიიწერეს თავის თავზე ეს ყველაფერი ზოგმა საპატრიარქოს და ზოგმა ხელისუფლების მხრიდან. მთავარია, ჩვენი დედოფლის წმინდა ნაწილი საქართველოშია და ძალიან მოხარული ვარ.
2017 წელს რომ ჩამოვაბრძანეთ ორი ნაწილი, იქიდან ერთი, შედარებით პატარა, გადმოგვცეს. ინდოელებს არანაირი რელიგიური შეხება არ აქვთ, მაგრამ კარგად იციან, რომ მათ მიწაზე ქართული მარგალიტი ინახებოდა და ინახება. თან, როცა 2017 წელს ჩამოვაბრძანეთ წმინდა ნაწილები და ნახეს, ქართველი ხალხი როგორ დახვდა, ძალიან იმოქმედა მათზე და თქვეს, ალბათ შესაძლებელი იქნება, გავახანგრძლივოთ ამ წმინდა ნაწილების თქვენს ქვეყანაში ყოფნაო. იდგნენ და ტიროდნენ, რომ ხედავდნენ ჩვენს რეაქციას.
მაშინ პატრიარქიც დახვდა წმინდა ნაწილებს აეროპორტში და სიტყვითაც მიმართა. ისეთ ემოციებში იყვნენ, დაგვპირდნენ, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ იმისთვის, ერთი ნაწილი მაინც დაებრუნებინათ.
– მაშინ დიდ ფულს ითხოვდნენ…
– სანამ ხელისუფლება ჩაერეოდა, საუბარი იყო მილიონ დოლარზე. ამის გარდა, ქეთევან დედოფლის ქანდაკება უნდა დაგვედგა გოაში. მერე კი, როცა ხელისუფლება შევაჯანჯღარეთ და ოფიციალური სახე მიეცა ამ ყველაფერს, წერილები ვაგზავნეთ, სხვა რელსებზე გადავიდნენ და სრულიად უსასყიდლოდ გადმოგვცეს.
ისინი თვლიან, რომ, რაც ინდოეთის მიწაზეა, მათი საკუთრებაა. 2015 წელს ინდოეთის კულტურის მინისტრს შევხვდით და შეგვპირდა დახმარებას. ახლა კი თვითონ ჩამოვიდნენ და ჩამოაბრძანეს.
შარშან ჩემთან იყო ინდოეთის ელჩი საქართველოში და მითხრა, რომ ეს მოლაპარაკება მალე ჩვენ სასიკეთოდ გადაწყდებოდა. მართლაც, მადლიერები ვართ იმ ადამიანებისა.
– თვითონ რატომ დაიტოვეს ჩვენი წმინდანის ძვლის ნაწილი, რატომ არ მოგვცეს სრულად, რაც ჰქონდათ?
– ბიზნესის ამბავია. მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ იქ ქართველი წმინდანის ნაწილები აღმოაჩინეს. გათხრებს წლების განმავლობაში ჩვენც ვესწრებოდით და იქ ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. ახლა ეს შემოსავალია მათთვის. ხალხი მიდის იმ ნანგრევების სანახავად, სადაც ვიპოვეთ. წმინდა ნაწილი კი არქეოლოგიური კვლევის ცენტრში ინახება. უამრავი ადამიანი მიდის და ეცნობა ქეთევან დედოფლის ისტორიას. გოას შტატისთვის ჩვენი წმინდანი ერთ-ერთი დიდი შემოსავლის წყარო გახდა.
– 2017 წელს 300 ათას ლარზე მეტი დახარჯულა წმინდა ნაწილების ჩამოტანაში. ეს სიმართლეა?
– არც ვიცი, რამდენი დაიხარჯა და ვინ რა ფული აკეთა. მე ინდოეთში ამ ძვლების ჩამოსატანად ნასესხები ფულით გავემგზავრე. გოაში ამ ნაწილების გამო, მგონი, 9-ჯერ თუ 10-ჯერ ვიყავი, მაგრამ ხელისუფლებისგან არასოდეს აგვიღია თანხა. ჩვენი თხოვნა მთავრობის მიმართ მხოლოდ ის იყო, რომ ოფიციალურ მხარესთან მიეღწიათ შეთანხმებისთვის, თორემ მათგან ჩვენს ეკლესიას არანაირი ფული არ აუღია და არც ვიცით, რამდენი გამოყვეს. ეს ჩვენი საქმე არც არის…
ყველამ იცის ხილული სასწაული, რომელიც მისი წამების დროს აღსრულდა. წმინდანის გვამს ნათლის სვეტი დაადგა. ამან განაპირობა ის, რომ კათოლიკე ბერებმა გათხარეს ორმო და ამოიღეს წმინდა დედოფლის უხრწნელი და კეთილსურნელების მფრქვეველი წმინდა ნაწილები. მწველი სიცხის ქვეშ იმყოფებოდა წმინდანის ნეშტის ნაწილები, მაგრამ მაინც არ დაუკარგავს უხრწნელება და კეთილსურნელება.
მთელი საქართველოს ბედი გადაწყვიტა მაშინ ქეთევან დედოფალმა. დღეს რომ ქართველები ვართ, მისი დამსახურებაა. ისეთი პერიოდი იყო, რომ შაჰ-აბასმა ქვა ქვაზე არ დატოვა, მაგრამ ქეთევან დედოფალმა მთელი ერის ჯვარი იტვირთა.
– ზოგადად, რა მნიშვნელობა აქვს წმინდანის ნაწილებს ერისთვის, რატომ უნდა ვეთაყვანებოდეთ, საიდან მოდის ეს ტრადიცია?
– ეს უძველესი ტრადიციაა მართლმადიდებლური ეკლესიისა. უამრავი წმინდა ნაწილი ინახება სხვადასხვა ეკლესია-მონასტრებში, რომლებსაც იმ წმინდანის ხსენების დღეს გამოაბრძანებენ და თაყვანს სცემენ. ვისაც ეს არ ესმის, მისი სულიერების პრობლემაა.
ცნობილია, რომ წმინდა პეტრე მოციქულის ჩრდილიც კი კურნავდა ადამიანებს. ადამიანი როცა რწმენით ემთხვევა წმინდა ნაწილებს, ის დიდ მადლს იღებს როგორც ხილულად, ისე უხილავად. ეს კი ადამიანებს 21-ე საუკუნეში ყველაზე მეტად სჭირდებათ, რომ სწორად შეაფასონ ეკლესიის როლი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ილია ჭავჭავაძე წერდა, საქართველოს ისტორიიდან რომ ამოშალოთ ეკლესიის როლი, იქ აღარაფერი დარჩებაო და ნამდვილად ასეა.
ეკლესიაში როცა წირვა ტარდება, იქ, ოდიკზე, მატერიაზე, რომელზეც გარდამოხსნაა გამოსახული, აუცილებლად უნდა იყოს დაბრძანებული რომელიმე მოწამის ნაწილები.
დაგრასის მონასტერს როცა თხრიდნენ და ეს წმინდა ნაწილები აღმოაჩინეს, უზარმაზარი ქვა დაეცა ერთ მუშას. სანამ ტექნიკა მოვიდა, ნახევარი საათი მაინც გავიდა. რომ აიღეს ქვა, უვნებელი გამოვიდა. ეს ნამდვილი სასწაული იყო!
ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”

