,,ფინეთის სკოლებში ყველაფერი უფასოა – რვეულები, საშლელები, ფანქრები, სახაზავები…” – რას წერს დალი კლემენტიდესი

,,ფინეთის სკოლებში ყველაფერი უფასოა - რვეულები, საშლელები, ფანქრები, სახაზავები..." - რას წერს დალი კლემენტიდესიფინეთში მცხოვრები პედაგოგი, დალი კლემენტიდესი ფინურ სკოლებზე წერს:
,,რაც უფრო მეტს ვმუშაობ ფინურ სკოლებში, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ძლიერი სახელმწიფოს საფუძველი სწორედ აქ, სკოლებში იქმნება. სულ მაინტერესებდა, როგორ მოახერხა ფინეთმა, ამ გაყინულ მიწაზე, სადაც არც ნავთობია, ასეთი ძლიერი, მდიდარი და ჰუმანური სახელმწიფოს შექმნა.
პასუხი ერთია: ამ ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ამ ქვეყნის მოქალაქე და ყველა კანონი, ყველა ინსტიტუცია ამ მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად ფუნქციონირებს.
სკოლა არის ის ადგილი, სადაც ამ ქვეყნის მოქალაქეები ყალიბდებიან… რატომ არის ფინური სკოლა ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მსოფლიოში:
1. სკოლაში სრულიად მოხსნილია სტრესი
2.სკოლაში ბავშვს უხარია ყოფნა, თავს კომფორტულად გრძნობს.
3. სკოლები აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით.
4. სკოლების დიზაინი (დაწყებული კედლების ფერებით, დამთავრებული ავეჯით, დიახ ავეჯით და არა მხოლოდ მერხებით) ქმნის სასიამოვნო გარემოს.
5. ბავშვები იკვებებიან კალორიული და ჯანმრთელი საკვებით.
6. ყოველ შესვენებაზე გადიან გარეთ, სუფთა ჰაერზე და აქტიურად ატარებენ შესვენებას.
7. პროგრამა შედგენილია ისე, რომ არ გაუჭირდეს კონცენტრაცია, ანუ შესასწავლი მასალა დანაწილებულია პატარა ნაწილებად, რაც ასათვისებლად ადვილია.
8. თეორია გამყარებულია პრაქტიკით.ბუნების მეტყველების გაკვეთილები ბავშვებს ხან ტყეში უტარდებათ, ხან ტბის პირას და ხან მდელოზე.
9. პედაგოგები მაღალი კვალიფიკაციით და პოზიტიური დამოკიდებულებით გამოირჩევიან.
10 სკოლაში არ არსებობს კონკურენცია, ყველა ბავშვს მოეთხოვება შესაძლებლობის და უნარის მიხედვით.
11. არ ისჯებიან უსაქციელობის გამო, მათ განუმარტავენ დაშვებულ შეცდომებს. განმეორების შემთხვევაში მას რაიმე პრივილეგია მოეხსნება (მაგ. შესვენების დროს ვერ ითამაშებს 15 წუთი).
რაც უმნიშვნელოვანესია, სკოლა არის უფასო, სრულიად უფასო. წიგნები, რვეულები, საშლელები, ფანქრები, სახაზავები, ბავშვებს სკოლაში აქვთ უფასო.,,
თუ გინდა იცხოვრო ძლიერ სახელმწიფოში, მთელი რესურსი, ფინანსურიც და ინტელექტუალურიც უნდა ჩაიდოს საგანმანათლებლო სისტემაში და, პირველ რიგში, სკოლებსა და ბაღებში!”