ნიკა გვარამია: ,,დაბრუნება მინდა, ამის გარდა აღარაფერზე ვოცნებობ”

ნიკა გვარამია: ,,დაბრუნება მინდა, ამის გარდა აღარაფერზე ვოცნებობ",,მთავარის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მშობლიურ ქალაქზე, სოხუმზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

,,დაბრუნება მინდა. სადაც დედა, სკოლიდან მოსულს, ჩემი საყვარელი კარაქში, ნიორში, პილპილსა და ხახვში შემწვარ ხბოს დაბეგვილი ხორცის სუნს ატრიალებს, მაგრამ მშვიდად ჭამას არ მაცლის და სკოლის ამბების გამოკითხვით მტანჯავს. სადაც მამა სამუშაოდან გვიან ბრუნდება, ბევრს ეწევა, დედას ეჯუჯღუნება, მაგრამ მაინც ყველაზე მშვიდი და გაწონასწორებულია სამყაროში. თავზე ხელს გადამისვამს პერიოდულად და დაიჩივლებს, რა სუ ჯუჯღუნებს ეს დედაშენიო. სადაც ეზოში ლეღვის ფოთლების მომწარო, ლეღვის მერქნის მსუყე და ლეღვის ნაყოფის მოტკბო-მომჟავო სურნელია.

ოლეანდრების და გლიცინიების ქალაქში დაბრუნება მინდა. ზღვიდან წამოსული ბრიზი რომ მარილის და იოდის არომატს ამატებს და ამ ნაზავს მთელ ქალაქში ფანტავს. მთელი ქალაქის გავლით იქამდე მიერეკება, სანამ მთაზე შეფენილი კიპარისების და ციტრუსების ბაღების სუნს არ შეაჯახებს და ამ ქალაქის უნიკალურ არომატს არ “დასვამს”. აი, იმას, სიზმარში რომ მცემს სრულიად ცხადად, სრულიად მკაფიოდ.

მე, ვინც ფერად სიზმრებსაც კი ვერ ვხედავ. მე, ვინც არდადეგებიდან დაბრუნებისას, მანქანაში ჩაძინებული, ჩემს ქალაქს სუნით ვცნობდი და ეგრევე თავს წამოვყოფდი – ,,როგორც იქნა, სოხუმია”.
მე, ვინც უკვე ძლივსღა ვიხსენებ ჩემს ქალაქს და ყველაზე ცხადად ეს სურნელი და მშობლების ხმა ჩამესმის ხოლმე. მე, ვინც დაბრუნების გარდა, აღარაფერზე ვოცნებობ”.