მშობლები – ნოველა

მშობლები - ნოველა,,სარკე”, ლელა ცუცქირიძე

კლინიკაში, ექიმის მოსაცდელში, ზის მეგი და ელოდება, როდის მოუწევს რიგი, უფრო სწორად, როდის მოუწევთ რიგი მას და დედამისს, 75 წლამდე ქალბატონს.

– ხომ არ ნერვიულობ? – წამდაუწუმ ეკითხება მეგი.

– არაფერსაც არ ვნერვიულობ, შენ თავად ნერვიულობ, – ეუბნება დედა, თუმცა ეტყობა, რომ ნერვიულობს, რადგან ჩანთაზე თითებს უკაკუნებს, თითქოს პიანინოზე უკრავსო. მთელი ცხოვრება მუსიკის მასწავლებელი იყო, აშკარად რომელიღაც ნაწარმოებს უკრავს.

“ნეტავ, რას უკრავს? – ფიქრობს მეგი და ცდილობს, გამოიცნოს, – ბრამსია? არა, ბრამსი არ იქნება. შუბერტი? არც ეგ, მოცარტი და ბეთჰოვენი არანაირად, იქნებ შოპენს? ჰო, მგონი, შოპენის ეტიუდია. არა, ლისტია! ლისტის უნგრული რაფსოდია!”. გამოიცნო!

– ლისტია? – ღიმილით ეკითხება დედას.

– რა ლისტი? – უცებ ვერ ხვდება დედა და ჩანთაზე დაკვრას წყვეტს.

– უნგრულ რაფსოდიას უკრავ? – თითებზე ანიშნებს მეგი.

– აა, – დედაც თითებზე იხედება და მერე მასაც ეღიმება, – უყურე შენ, ყოჩაღ, როგორ მიხვდი?

– არც ისე უნიჭო ვარ, ხომ ხედავ? – ცალ წარბს სწევს მეგი და დედას გამომცდელად უყურებს.

– უნიჭო ხარ-მეთქი, არასდროს მითქვამს, ზარმაცი – კი, ბატონო.

– უნიჭოც ხშირად გითქვამს, – არ უთმობს მეგი.

– არ გახსოვს კარგად, – უკან არ იხევს დედა, – უნიჭო რომ ყოფილიყავი, შენი პიანისტობა არ მენდომებოდა.

– კარგი, ჰო, – ნებდება მეგი, კარგად იცის დედის ხასიათი, დათმობა არ უყვარს. ასე რომ გააგრძელონ, შეიძლება ეს საუბარი არასდროს დასრულდეს.

ბავშვობაში თავადაც უკრავდა, მაგრამ, დედისგან განსხვავებით, არასდროს უყვარდა დაკვრა და სულ ტირილით ჯდებოდა სამეცადინოდ როიალთან. შეიძლება იმიტომ, რომ დედა მკაცრი ქალი იყო, ისეთი მკაცრი და ისეთი მონდომებული, რომ ამ სიმკაცრისგან და ზედმეტი მონდომებისგან მეგის სამუდამოდ შეაძულა დაკვრა.

– იცოდე, მუსიკას უნდა გაჰყვე ჩემსავით, – უმეორებდა გამუდმებით.

ვინ იცის, იქნებ გაჰყოლოდა კიდეც მეგი მუსიკას, რომ არა დედის სიმკაცრე და ძალდატანება. არა, მაინც არ გაჰყვებოდა! მეგის მაშინ მუსიკა კი არა, ხატვა იტაცებდა, ცურვაზე უნდოდა სიარული, ბავშვებთან ერთად გართობა და თამაში, თუმცა ამისთვის დრო არასდროს რჩებოდა. მისი დრო სკოლის გაკვეთილების მომზადებითა და მუსიკის მეცადინეობით იყო ამოვსებული. როცა მეზობლის ბავშვები ეზოში თამაშობდნენ, მეგი ამ დროს გამებში ვარჯიშობდა და თან ცრემლებს ყლაპავდა.

უცხო თვალს რომ შეეხედა, მეგის თითქოს არაფერი აკლდა. ის, რაც სხვებისთვის მატერიალურად შეუძლებელი იყო, მათთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი იყო. მეგის მამა, უთქმელი, ჩუმი კაცი, თანამდებობაზე მუშაობდა და შემოსავალს მთლიანად ოჯახს ახმარდა. დედას კერძო მოსწავლეები ჰყავდა. ცოლ-ქმარს შვილი ზამთრობით აუცილებლად ზამთრის კურორტებზე მიჰყავდათ, ზაფხულობით – საზაფხულო სანატორიუმებსა და ზღვაზე. ერთი სიტყვით, მეგის მართლაც არაფერი აკლდა, აკლდა ყველაზე მთავარი – თანატოლებთან ურთიერთობა. უამრავი სათამაშო ჰქონდა, იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე მის მეზობელ ბავშვებს, ერთად აღებულთ, მაგრამ ან მარტოს უწევდა ამ სათამაშოებით თამაში, ან საერთოდ დრო არ რჩებოდა თამაშისთვის.

..

იშვიათად დედა ნებას რთავდა და მეგის მეზობლის ორიოდე ბავშვი შემოჰყავდა, მაგრამ ბავშვები უცხო და უამრავი სათამაშოს დანახვაზე მეგის საერთოდ აღარ აქცევდნენ ყურადღებას. გულნატკენი მეგი თავისთვის, კუთხეში ჯდებოდა მარტო. ამასობაში დედა შემოდიოდა ოთახში და სტუმრებს მკაცრად უცხადებდა:

– თქვენი წასვლის დროა.

– ცოტა ხანს კიდევ ვიქნებით, რა, – სათამაშოები არ ეთმობოდათ ბავშვებს.

– არავითარი ცოტა ხანს! ახლავე მიბრძანდით, მეგიმ უნდა იმეცადინოს! – უფრო მკაცრდებოდა ქალი და ბავშვებს სახლიდან უცერემონიოდ ისტუმრებდა.

მეგის კლასელებთან ურთიერთობაც მხოლოდ სკოლაში ყოფნის დროს ჰქონდა, გაკვეთილებზე, შესვენებებზე და დამამთავრებელ კლასებში – სკოლიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე. არასდროს ყოფილა მათთან ერთად ექსკურსიაზე, კინოში, თეატრში… არასდროს ყოფილა მათ სახლებში თუნდაც დაბადების დღეებზე. რამდენჯერმე მეგის თავად გადაუხადეს მშობლებმა დაბადების დღე და მისი რამდენიმე კლასელი დაპატიჟეს, მაგრამ ეს დაბადების დღეები იმდენად აკადემიური იყო, რომ კლასელები უხერხულად და ჩუმად ისხდნენ და მალევე ტოვებდნენ იქაურობას.

შეიძლება ამ სიმკაცრის და ასეთი ჩაკეტილობის ბრალი იყო, რომ პირველივე ადამიანს, ვინც სიყვარული აუხსნა, დაუფიქრებლად გაჰყვა ცოლად ჯერ კიდევ პირველი კურსის პირველივე სემესტრში. უნდოდა, თავი დაეღწია დედის დაწესებული შეზღუდვებისგან, მისი სიმკაცრისგან… ეგონა, ბედნიერი იქნებოდა, შინაგანად თავისუფალი, მაგრამ ასე არ მოხდა. იმედები მალევე გაუცრუვდა და თანაც ისე, რომ სახლში დაბრუნება არჩია.

მას შემდეგ ბედს მიენდო და ბოლომდე მორჩილ „ხუთოსან” შვილად დარჩა. არც უკმაყოფილო იყო თავისი ცხოვრებით და არც კმაყოფილი. დაამთავრა ასპირანტურა, დაიცვა სადოქტორო, ჰყავდა ორიოდე მეგობარი, ჰქონდა სამსახური, ძირითად დროს ატარებდა სახლში, მამის გარდაცვალების შემდეგ მარტო არ ტოვებდა უფრო მეტად გაეგოისტებულ დედას, ისევ მასთან ერთად დადიოდა მთასა თუ ზღვაზე…

ახლაც ექიმთან მორიგ, დაგეგმილ ვიზიტზე მიიყვანა.

– რომელი საათია? – დედამ მოუთმენლად შეხედა კედლის საათს.

– ცოტა ადრე მოგვიწია მოსვლა. საათს ნუ უყურებ, სულ 15 წუთია, რაც ველოდებით, მეტი კი არა, – უთხრა მეგიმ, – ნამდვილად არ ნერვიულობ?

– არ ვნერვიულობ! – გაბრაზდა დედა და ისევ აათამაშა თითები ჩანთაზე. ცოტა ხანს ჩუმად იყო, იქაურობას ათვალიერებდა, მერე ხმამაღლა თქვა, – ნეტავ, მეტი სანერვიულო არ მქონდეს და…

– კარგი ახლა, სხვა რა სანერვიულო გაქვს? – გაუკვირდა მეგის.

– რამე რომ მომივიდეს, შენ სულ მარტო რჩები.

– რა სისულელეა! – გაეცინა მეგის, – ესე იგი, მაინც ნერვიულობ და გეშინია. მსგავსი რამ არასდროს გითქვამს.

– არ მითქვამს, მაგრამ ვფიქრობდი, – უთხრა დედამ.

მეგის აქამდე არასდროს შეუმჩნევია, რომ დედას ამ კუთხით აღელვებდა შვილის ბედი. ეგონა, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა… თურმე ცდებოდა და, რაც მართალია, მართალია, რაღაცნაირად ესიამოვნა ეს აღმოჩენა.

– არც ისეთი ეგოისტი ვარ, როგორც გგონია, – თითქოს ფიქრს მიუხვდა დედა, – განა კიდევ რამდენ ხანს ვიცოცხლებ? შენ კი სულ მარტო უნდა დარჩე.

ამასობაში მოსაცდელში ახალგაზრდა კაცმა ასაკოვანი მამაკაცი შემოიყვანა, მეგის და დედამისის მოპირდაპირედ სკამზე დასვა, მალე მოვალო, დაუბარა და წავიდა.

– ბოდიშს მოგიხდით, თქვენ ქალბატონი ნინო არ ბრძანდებით? – ჰკითხა უცებ ასაკოვანმა მეგის დედას.

– დიახ, – შეხედა მეგის დედამ, – ბატონო შალვა! მეგი, ეს ბატონი შალვაა, მამასთან ერთად მუშაობდა წლების განმავლობაში.

ერთმანეთი მოიკითხეს. ერთმანეთს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუზიარეს. აღმოჩნდა, რომ ის ახალგაზრდა კაცი ბატონი შალვას შვილი იყო.

– აბა, ესაა საქმე? გული ისე მაწუხებს, ლამის ხელით დამაქვს და რამე რომ მომივიდეს, ჩემი შვილი სულ მარტო უნდა დარჩეს. მაგისმა ყოფილმა ცოლმა მოჰკიდა ორ ბავშვს ხელი და უცხოეთში წაიყვანა საცხოვრებლად. იქ გათხოვდა კიდეც, ეს ჩემი შვილი კიდევ… გვივლის მოხუცებს… სამსახურიც აქვს, სახლიც, კარიც, მანქანაც, მეგობრებიც ჰყავს, მაგრამ საკუთარი ოჯახი ხომ უნდა ჰქონდეს? ვეხვეწები, მოიყვანე, შვილო, ცოლი, მოიყვანე-მეთქი… ესმის? არ ესმის.

– ეჰ, ბატონო შალვა, არც ჩემს მეგის ესმის. განა რამდენ ხანს ვიცოცხლებ? აი, ახლაც, ანგიოლოგთან ვარ მოსული, საშინელ დღეში მაქვს ვენები და ეს მარტო უნდა დარჩეს, – წუწუნში არ ჩამორჩა მეგის დედა.

– რას ამბობთ, თქვენ დიდხანს იცოცხლეთ და… ოჯახი თუ არ ჰყავდა, არც ვიცოდი, ასეთი მშვენიერი გოგო… – მამაკაცი მეგის დააკვირდა.

“აჰა, გადაუგდო ანკესი და ესეც წამოეგო. მამოწმებს სარძლოდ”, – გაიფიქრა მეგიმ.

– ტრაბახით კი არ ვამბობ, მაგრამ მართლაც მშვენიერი შვილი მყავს, უნაკლო, – ამაყად უთხრა მეგის დედამ.

– დედა, გაჩუმდი, – წარბი აუწია მეგიმ.

– ტყუილს ხომ არ ვამბობ? – წარბი აუწია დედამაც.

– აჰ, როგორ გეკადრებათ, ტყუილი რა საკადრისია, – ჩაერია მამაკაცი, – ასეთი მშობლების შვილი კარგი იქნება, აბა, რა იქნება! მადლობა ღმერთს, რომ კარგი შვილები გვყავს.

– ნამდვილად, – დაეთანხმა მეგის დედა.

– ერთი ამათი დაოჯახება და მეტი რაღა გვინდა ბედნიერებისთვის!

“პირდაპირ შეტევაზე არიან გადმოსულები, – ლამის სიცილი აუტყდა მეგის, – გამწარებულები ისე მაჭანკლობენ, კლდიაშვილის პერსონაჟებს შეშურდებოდათ. რას წარმოვიდგენდი, დედა თუ ამას იზამდა. არასდროს შევუქივარ, პირიქით, სულ შენიშვნებს მაძლევდა. მოტეხა ასაკმა და დაარბილა”, – მეგის დედა შეეცოდა. აღარაფერი უთქვამს მისთვის.

– აბა, როგორ ხარ? – მოვიდა ამ დროს ბატონი შალვას შვილიც.

– კარგად, ლევან, კარგად. აგერ ჩემი თანამშრომლის, დიდებული კაცის, აცხონოს ღმერთმა, ცოლ-შვილი აღმოვაჩინე, ქალბატონი ნინო და მშვენიერი მეგი და ვჭუკჭუკებთ ცოტას. მინდა, ოჯახში მოვიწვიო ეს არაჩვეულებრივი დედა-შვილი და…

– მოვიწვიოთ აუცილებლად, – ლევანმა მეგის და დედამისს გაუღიმა.

ამასობაში მეგის დედის რიგიც მოვიდა.

– მარტო შევალ ექიმთან, – წამოდგა დედა, – შენ აქ იყავი.

– მარტო როგორ შეგიშვა ექიმთან?! – გაუკვირდა მეგის, – შემოგყვები.

– არ არის საჭირო, – დედა სწრაფად შევიდა კაბინეტში და მეგის კარი ცხვირწინ მიუკეტა.

– რა ჯიუტია, – თავი იმართლასავით მეგიმ მამაკაცებთან.

– ეგ არაფერი, სიჯიუტე ამისი უნდა ნახოთ, – მამამისზე ღიმილით ანიშნა ლევანმა.

– ჯიუტი ვარ, კი, – დაუქნია თავი კაცმა, – ჰოდა, მეც მარტო შევალ ექიმთან, – სწორედ ამ დროს რიგმაც მოუწია და კაბინეტის კარი იმანაც ცხვირწინ მიუკეტა ლევანს.

– რაღაც უცნაურად იქცევიან ჩვენი მოხუცები, – გაეცინა ლევანს, – მგონი, უნდოდათ, რომ ჩვენ აქ მათ გარეშე დავრჩენილიყავით პირისპირ.

– მეც ასე მგონია, – გაეცინა მეგისაც.

– ჰოდა, ძალიან კარგი, რადგან ასეა, გული რატომ უნდა დავწყვიტოთ? მით უმეტეს, სიმართლე რომ ვთქვა, ეს ფაქტი მესიამოვნა კიდეც.

..

როცა მშობლები კაბინეტებიდან გამოვიდნენ, მეგი და ლევანი უკვე დიდი ხნის ნაცნობებივით ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. გახარებულმა მშობლებმა ერთმანეთს იმედიანად გადახედეს.

– მგონი, ყველაფერი ისე მიდის, როგორც ჩვენ გვინდა, რას იტყვით? – გადაუჩურჩულა ლევანის მამამ მეგის დედას ჩუმად.

– მეც ასე მგონია, ბატონო შალვა, კარგი იქნება, თუ ერთმანეთს დაუახლოვდებიან, – ჩუმადვე უპასუხა მეგის დედამ.

– აჰ, კარგი კი არა, დიდებული, ქალბატონო ნინო, დიდებული! – სახე გაუნათდა ბატონ შალვას, – ეს რა იმედიანი დღე გამითენდა. რას ვიფიქრებდი! ისეთი ბედნიერი ვარ, გული სად მაქვს, ვეღარც ვგრძნობ!

– რაღა დაგიმალოთ და, მეც ზუსტად ასე ვარ, ბატონო შალვა!

– არა, არა, ყოჩაღები ვართ ეს ძველები! რა მშვენივრად გამოგვივიდა ყველაფერი, ბუნებრივად. თითქოს მართლა შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს. ყოჩაღ ჩემს მეუღლესაც, ჩვენი შვილების გაცნობის აზრი რომ მოუვიდა თავში და შეგეხმიანათ.

– ნამდვილად, ნამდვილად! და მშვენივრად მოვიფიქრეთ კიდეც ეს ყველაფერი.

მეგის და ლევანს მათი ჩურჩული არ გაუგონიათ. მოხუცების უკან მიდიოდნენ და საღამოს შეხვედრაზე საუბრობდნენ, რომელიც უკვე მშობლების გარეშე დაეგეგმათ.