„მინდოდა, მაგრამ ვერ გავუკეთე“ – ყოფილა შვილობა” – ემოციური წერილი მამაზე

„მინდოდა, მაგრამ ვერ გავუკეთე“ - ყოფილა შვილობა" - ემოციური წერილი მამაზენანა აკობიძე სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს მამაზე.

,,ერთ წელს საახალწლოდ ინდაური გამომიგზავნეს. იმავე წელს ჩემი შვილები იყვნენ შრი ლანკაში და „ყველაზე მსუბუქი ეს იყოო“ – იქაური სანელებლები ჩამომიზიდეს ბითუმად.

ახალ წელს სახლში რომ ინდაური და ფერად-ფერადი საკმაზები გაქვს, ხომ შემოგეკეთება საცივი. ჰოდა, გამომივიდა – ფრიად უცხო და საკვირველი. გაგიჟდა მამაჩემი: მთელი წელი ლაპარაკობდა, რა კარგი საცივი სცოდნია, აქამდე როგორ არ აკეთებდაო. ასე გაბრენდდა „ნანას საცივი“ და ცხადია, გამაკეთებინეს მეორე წელსაც – უკვე სამამულო სანელებლებით. „კაია, მამა, მარა შარშანდელი სულ სხვა იყოო“- მამაჩემმა.

ასე გაგრძელდა კიდევ რამდენიმე წელი: გასინჯავდა, შემიქებდა და „კაია, მარა ის სხვანაირი იყო, რაცხანაირიო“- დაამატებდა.

შარშანაც, მორიგი „ის სხვა იყო, რაცხანაირი“-ს მერე დავგუგლე ამაზონზე შრი ლანკის სუნელების მომწოდებლები: დავაზუსტე ფასი, გაგზავნა-გამოგზავნის დეტალები და ჩავინიშნე მყარად: მეთქი, იორამა, შენ იყავი კარგად და ამ წელს გაგიკეთებ ზუსტად იმნაირს.

ახალი წელიც მოვიდა. მანამდე, გაზაფხულზე, მამაჩემი წავიდა. წავყვები ზოგჯერ ფიქრს: რა შევძელი, რა გავუკეთე (ზღვაში წვეთი), რა ვერ გავუკეთე (ბევრი ვერაფერი) და ამ გაუკეთებლების სიის თავში ამომიხტება ხოლმე ეს საცივი, უცხო გემოსი, რომელიც ერთხელ გავასინჯე, გაკვრით და მერე გადავატარე სხვა გემოებზე – ჩვეულებრივზე, არაფრით გამორჩეულზე. მშობლობა შვილობისგან ამით განსხვავდება ალბათ: ჩემს ადგილზე, ადგებოდა მამაჩემი, უცებ გამოიწერდა იმ სუნელებს შრი ლანკიდან თუ ანტარქტიდიდან, რას დაელოდებოდა მომავალ ახალ წელს: შუა ზაფხულში გამიკეთებდა ინდაურის საცივს და მკითხავდა:

„აბა, რავარია – ხოა ზუსტად იმნაირი, რაცხანაირი?“.

„მინდოდა, მაგრამ ვერ გავუკეთე“- ყოფილა შვილობა.
„უნდოდა და იმიტომ გავუკეთე“- ყოფილა მშობლობა.

უმეტეს შემთხვევაში. მამაჩემო, მანდ ფეისბუქი არის? „რიქვესთ“გამოგიგზავნე – დამიმატე – წლევანდელი საცივის ფოტოები უნდა ჩაგიყარო”, – დაწერა ნანა აკობიძემ.