მარინა კვეზერელი: ,,ამირანის დამთმობმა ხასიათმა მომხიბლა”

მარინა კვეზერელი: ,,ამირანის დამთმობმა ხასიათმა მომხიბლა”,,სარკე”, ნელი ვარდიაშვილი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე თბილისელია. დედა ექიმი ჰყავდა. სამედიცინო ინსტიტუტში პირველ წელს ქულა დააკლდა და არ მიიღეს. სტაჟის დასაგროვებლად სამკერვალო ფაბრიკაში ზეინკლად მუშაობდა, თან რეპეტიტორებთან დადიოდა. ინსტიტუტში ჩაირიცხა თუ არა, პირველი კურსზე ფიზიკაში ორიანი დაუწერეს და საშემოდგომო გამოაყოლეს. ამდენი წლის შემდეგაც თვლის, რომ ეს არ დაუმსახურებია.

მისი კურსი სამედიცინო ინსტიტუტში გამორჩეული იყო, მათგან სამი მინისტრი გახდა – ირაკლი მენაღარიშვილი, ავთანდილ ჯორბენაძე და ამირან გამყრელიძე.

ახალგაზრდა ამირანმა პირველი პაციენტი დამოუკიდებლად მესამე კურსზე გასინჯა – ბოტკინიანი ავადმყოფი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სამეცნიერო მუშაობა ალერგოლოგიის კათედრაზე გააგრძელა. შემდეგ მთელი სამეცნიერო გზა განვლო – პროფესორობამდე.

ამირან გამყრელიძე მინისტრობის დროს ცოლთან, მარინა კვეზერელ-კოპაძესა და შვილებთან, ნიკოლოზსა (ნიკუშა) და თამუნიასთან ერთად თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე, სამოთახიან ბინაში ცხოვრობდა. იმ დროს, როცა ეს ინტერვიუ ჩაიწერა (2002 წელს), ქალბატონი მარინა სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიაში სპეციალიზაციის კათედრის დოცენტი გახლდათ, ნიკოლოზი – სამედიცინო უნივერსიტეტის მეექვსე კურსის სტუდენტი, თამუნია კი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერისტეტის მეორე კურსის სტუდენტი.

ოჯახს 1996 წელს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს. უფროსი ვაჟი, გიგი, საცოლესთან, დოდო ტუღუშთან ერთად ავარიაში მოყვა და ორივე გარდაიცვალა. იმ თვეში მათი ქორწილი უნდა ყოფილიყო. გამყრელიძეების სასტუმრო ოთახში გეგას და მისი საცოლის უამრავი სურათი ეკიდა კედლებზე. ამ ტკივილიან შემთხვევაზე საუბარი ოჯახის ყველა წევრს უჭირს. როგორც მაშინ “სარკეს” უთხრეს, მინისტრის გულჩათხრობილი ხასიათი და, ერთი შეხედვით, პირქუში გამოხედვა სწორედ ამ უბედურებას უკავშირდება.

მარინა კვეზერელი-კოპაძე: ამირანი ბრაზიანი და პირქუში არ არის. მას რბილი, დამთმობი ხასიათი აქვს. ჟანდარმის როლს ოჯახში მე ვასრულებ. მას ცხოვრების დაძაბული რიტმი აქვს, საპასუხისმგებლო საქმე აბარია და ალბათ დაღვრემილ სახეს ეს უქმნის. შვილებიც ეუბნებიან, ტელევიზორიდან მაინც ნუ იბღვირებიო.

ცხოვრების ორი მესამედი ერთად გავატარეთ და ბრაზი არასოდეს შემიმჩნევია. ჩვენ თანაკურსელები ვართ. სამედიცინო ინსტიტუტში სამეცნიერო დარგში კომკავშირის მდივნის მოადგილე ვიყავი. ამირანი სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებას ედგა სათავეში და მის ხელმძღვანელად ვითვლებოდი.

– თქვენი ხელქვეითი შეგიყვარდათ?

-მეგობრობამ ტრანსფორმაცია განიცადა და სიყვარულში გადაიზარდა. პირველ რიგში, სწორედ მისი დამთმობი ხასიათი მომეწონა. იმას აღარ მივაქციე ყურადღება, რომ ბოლოს მაინც თავისებურად აკეთებდა ყველაფერს. ჩვენი თაობის ახალგაზრდებს სხვა იდეალები გვქონდა – ხელოვნება, ლიტერატურა უნდა გვცოდნოდა. ეს დოგმა იყო. ამირანი ამ მხრივ გამოირჩეოდა.

– თქვენი შეხვედრებიც ლიტერატურასა და ხელოვნებაზე საუბრით შემოიფარგლებოდა?

– მთლად ასეც ნუ გაიგებთ. სიყვარული ამიხსნა… ეს მოხდა სოხუმში. იქ ზამთრის არდადეგებზე ვისვენებდით. ზღვის ნაპირზე ორნი ვისხედით. გარშემო რუსის ბავშვები დარბოდნენ. ეტყობა, სახეზე შეგვატყვეს, რაზეც ვსაუბრობდით და ყიჟინა დაგვცეს – ,,ტილი, ტილი, ტესტა, ჟენიხ ი ნევესტა!”…

ვერ ვიტყვი, რომ უთანხმოება არ გვქონია. ახალგაზრდობაში პრემიერას არ ვაცდენდი, მას კი სულ წიგნების კითხვა უნდოდა და ამაზე ხშირად ვკამათობდით.

რა შეიცვალა ოჯახში მას შემდეგ, რაც ბატონი ამირანი მინისტრი გახდა?

-ჩვენ მიმართ ადამიანების დამოკიდებულება შეიცვალა. ხალხი, რომელიც ზოგჯერ არც გვესალმებოდა, ახლა მოკითხვებით გვიკლებს. სახლში, სამსახურში მაკითხავენ და დახმარებას მთხოვენ.

თუ ვინმეს, როგორც ექიმი ვჭირდები, უარს როგორ ვეტყვი?! მაგრამ ზოგს სამსახური უნდა, ზოგს – ფული. ეს ჩემს შესაძლებლობებს აღემატება და ვერაფერს ვაკეთებ.

ხალხის ისეთი შემოსევა მქონდა, ამის გამო ავად გავხდი. მოძღვარს ვკითხე, როგორ მოვქცეულიყავი. დამარიგა, თუ დახმარება არ შეგიძლია, ამის თქმა ცოდვა არ არისო.

– მინისტრის მეუღლეზე ამგვარი თავდასხმის მიზეზი ხალხის გაჭირვებაა. ექიმთან მისვლას ბევრი უფულობის გამო ვერ ახერხებს.

-არაერთი გაჭირვებული ავადმყოფი გამისინჯავს, მიმკურნალია. საავადმყოფში, ჩემს კაბინეტთან, აბრაზე წერია: ,,კონსულტაცია ფასიანია”. პაციენტმა ქვითარი უნდა წარმოადგინოს, მაგრამ, როცა ის დახეული ფეხსაცმლით შემოდის და გამხდარი, გაუბედურებული ბავშვი მოჰყავს, ქვითრის მოსატანად აღარ ვაგზავნი.

,,სარკე” N7, 2002 წელი