კახაბერ თოფჩიშვილის კოლხი მედეას ფერწერული სახე ბრიტანულ მონეტაზე აღბეჭდეს – ,,ესკიზის ინსპირაცია ჩემი მეუღლეა”

კახაბერ თოფჩიშვილის კოლხი მედეას ფერწერული სახე ბრიტანულ მონეტაზე აღბეჭდეს - ,,ესკიზის ინსპირაცია ჩემი მეუღლეა",,სარკე”, ნანა კობახიძე

ქართველი მხატვრის, კახაბერ თოფჩიშვილის, ნამუშევარი ,,მედეა და ოქროს საწმისი” უმაღლესი ხარისხის ვერცხლის ლიმიტირებულ ორდოლარიან მონეტაზე აღიბეჭდა. საუცხოო, საკოლექციო მონეტა გაერთიანებული სამეფოს დაკვეთით ლიეტუვის სახელმწიფო ზარაფხანამ დაამზადა, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო საწარმოდ ითვლება. გამოიცემა 500 ცალი მონეტა.

თავად კახაბერი ინდივიდუალური ხელწერის მქონე ფერმწერი და გრაფიკოსია, ფსევდონიმით გორელი. მისი ნიშაა სინატიფე, დახვეწილობა, პასტელურ ფერთა ესთეტიკური სინთეზი, ილუსტრაციული კომპოზიციები, თვითმყოფადობა.

1993 წელს რომის ნატიფი ხელოვნების აკადემიაში ხატვის პედაგოგად მიიწვიეს. მისი ნამუშევრები დაცულია ჰარვარდის უნივერსიტეტის მუზეუმში და ზიმერლის გალერეაში. თბილისში მოეწყო მისი 2 პერსონალური გამოფენა, მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებშიც. რამდენიმე წელია გორის სამხატვრო სკოლას ხელმძღვანელობს.

მხატვრის 8 ნამუშევარი დაცულია საქართველოს კულტურის ისტორიის მუზეუმში. თუ როგორ გახდა გორელი მხატვარი საერთაშორისო ნუმიზმატური პროექტის მონაწილე და რა ქართული თემები გააქვს მსოფლიო არენაზე, ბატონი კახაბერი ,,სარკეს” უამბობს:

– მითოლოგიური მედეას ფერწერული სახე დაახლოებით 5 წლის წინ შევქმენი და ამჟამად საქართველოს ხელოვნების სასახლეში, კულტურის ისტორიის მუზეუმში ინახება. საფუძვლად უდევს ჩემი მეუღლის პროფილი, ჩემთვის მისი სახე შეესაბამება ძველ კოლხურ გარეგნობას. ამ ინსპირაციით შევქმენი მედეას კიდევ რამდენიმე ფერწერული ვარიაცია, ასევე მონეტის ესკიზიც. თუმცა მონეტისთვის მოვამზადე ექსკლუზიური ვარიანტი.

– მონეტებზე მუშაობის რა გამოცდილება გაქვთ?

– მონეტებზე მუშაობის ინტერესი ბავშვობიდან მქონდა, ახალგაზრდობაში გავაკეთე მონეტის რამდენიმე ესკიზი ჩემთვის. ორი წლის წინ დამიკავშირდა ავსტრიაში მცხოვრები ქართველი, ფოტოგრაფი და გრაფიკული დიზაინერი ივა ჯანეზაშვილი. ის შესაბამის პროექტებში იყო ჩართული და ეძებდა ქართველ მხატვარს, რომელიც თავს გაართმევდა ამ საქმეს. შემომთავაზა მონაწილეობა საქართველოს ეროვნული ბანკის პროექტში მეფე ერეკლეს 300 წლისთავთან დაკავშირებით – კონკურსში უნდა წარმოგვედგინა ერეკლე მეფის გამოსახულება.

ჩემეული მეფის სახე სტერეოტიპულისგან განსხვავდებოდა, მეტი არისტოკრატიზმი აღვბეჭდე. მონეტის მეორე მხარე ავანგარდულ სტილში გავაფორმე. როგორც ჩანს, ეს განსხვავებულობა ვერ აღიქვეს და ნამუშევარი ფინალში ვერ მოხვდა.

– გაერთიანებული სამეფო დაინტერესდა მითოლოგიური მედეასა და ოქროს საწმისის თემაზე თქვენი საკონკურსო ნამუშევრით. ამ საერთაშორისო ნუმიზმატურ პროექტში როგორ მოხვდით?

– იმავე ადამიანმა შემომთავაზა საერთაშორისო პროექტში მონაწილეობაც. ასე ვთქვათ, ნაყოფიერი მენეჯერობა გასწია და ამისთვის მადლიერი ვარ. ამ პროექტის შემდგომ კი ჩვენი თანამშრომლობა დასრულდა.

პროექტის ორგანიზატორმა, ლიეტუვის ზარაფხანამ, გამოგზავნა 30 თემა, ავირჩიე მითოლოგია. ჩემი იდეა იყო, მსოფლიოში კიდევ ერთხელ გამეტანა კოლხი მედეას სახე. მსურდა, ქართული თემა მსოფლიოში ქართველი კაცის ხელით გასულიყო. მეუბნებოდნენ, რომ შეიძლებოდა მიკერძოებაში ჩაეთვალათ, მაგრამ საერთაშორისო პროექტის მესვეურებს ძალიან მოეწონათ. მედეამ ტენდერში გაიმარჯვა.

– როგორია ამ ძვირფასი მონეტის იერსახე?

– ეს გახლავთ საკოლექციო მონეტები, გამოიცემა 500 ცალი, წონით 62,2 გრამი, დიამეტრით 50 მმ. მონეტის ერთ მხარეს გამოსახულია ელიზაბეტ მეორე (გაერთიანებული სამეფოს დედოფალი და სახელმწიფოს მეთაური), ხოლო მეორეზე – მედეა და ოქროს საწმისი. შესრულებულია გორელიეფით, ანუ გამოსახულება ზემოდან ადევს ფონს ქანდაკებასავით. მონეტის ფერადი ნაწილები მოოქროვილია, მოპირკეთებულია მწვანე ფერის რამდენიმე სვაროვსკის თვლით.

– რამდენად არის შეფასებული ეს მონეტა და თქვენ, როგორც მხატვარს, შემოქმედს, აქედან რა გერგებათ?

– მონეტის ფასია 229 ევრო. ლიეტუვის ზარაფხანის ოფიციალური საიტის ცნობით, ეს მონეტები აგვისტოში ჩაეშვება წარმოებაში და შესაძლებელია მისი წინასწარი შეკვეთა. როგორც შევიტყვე, ერთ დღეში უკვე ყველა მონეტა დაიჯავშნა. შეთანხმების თანახმად, ერთი მონეტა უნდა მერგოს.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”