პოეტ ია ნანეიშვილზე წერენ, ავადმყოფოსთან ბრძოლაში დამარცხდაო, მაგრამ სიტყვა ,,დამარცხება” მის ცხოვრებას არ შეეფერება. მან თითქოს იმისთვის იცოცხლა, რომ გამარჯვებული წასულიყო იმქვეყნად. ია ნანეიშვილს 4 წლის წინ ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. მან ამ სენთან გამკლავება შეძლო, გამოჯანმრთელდა და განსაცდელში მყოფი ადამიანებისთვის დაწერა წიგნი ბრძოლაზე, იმაზე, როგორ არ უნდა დანებდე. ეს სახსოვარი დატოვა და თვითონ წავიდა, წავიდა გამარჯვებული, წავიდა უამრავი ადამიანის სიყვარულით სავსე.
ია ,,სარკის” მკითხველებს უამბობდა:
-აღმოჩნდა, რომ ჩემი განცდები ასობით ადამიანის განცდებთან თანხვედრაშია. ვწერ იმას, რასაც გული მკარნახობს. მეუბნებიან, რომ მახვილიანი კალამი მაქვს, რადგან სათქმელი ყოველთვის მიზანში ხვდება… როდესაც ავად ვიყავი, ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი, მრჩეველი მე ვიყავი. ზოგჯერ საკუთარ დარდებზეც უნდა გაიცინო, თორემ ცხოვრება შეგშლის.მამაცი და შეუპოვარი უნდა იყო. ცხოვრება ვერ იტანს წუწუნა და სუსტ ადამიანებს…
ქიმიოთერაპიის ერთ-ერთი კურსის შემდეგ სახლში გამწერეს. ფეხზე დგომის ძალა აღარ მქონდა. რა უნდა მექნა ასეთ დროს?! საკუთარი თავი უნდა გადამერჩინა! მეც ავდექი და უძლურება ძალად გადავაქციე. ფსკერიდან საკუთარი სიცოცხლე ამოვიყვანე…
– მწვავე ლეიკემია დაამარცხეთ და ამ თემას წიგნი მიუძღვენით. რას ურჩევთ მსგავსი განსაცდელში მყოფებს?
– ერთი წამითაც არ იფიქრონ სიკვდილზე! ბრძოლა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე! თუ გინდა, იცოცხლო, უნდა დაიჯერო, რომ გადარჩები.

