ია ნანეიშვილი: ,,ნუ დასჯით ბავშვს კუთხეში დგომით, ცხოვრება ისედაც სასტიკია, ვინ იცის, რამდენჯერ მოიმწყვდევს კუთხეში”

ია ნანეიშვილი: ,,ნუ დასჯით ბავშვს კუთხეში დგომით, ცხოვრება ისედაც სასტიკია, ვინ იცის, რამდენჯერ მოიმწყვდევს კუთხეში",,ნუ აიძულებთ პირით კედლისკენ დგომას! ცხოვრება ისედაც სასტიკია, ვინ იცის, რამდენჯერ მოიმწყვდევს კუთხეში, რამდენჯერ მოსთხოვს პასუხს შეცდომის გამო”, – წერდა პოეტი ია ნანეიშვილი, რომელსაც დღეს თავისი გულშემატკივრები დასტირიან.

,,ნუ დააყენებთ ბავშვს კუთხეში იმის გამო, რომ რაღაც არ გამოუვიდა, რაღაც გააფუჭა, რაღაც ისე თუ ვერ გააკეთა, როგორც თქვენ (მო)სთხოვეთ. ნუ გაუწყრებით იმის გამო, თქვენი იმედები რომ ვერ გაამართლა… ნუ დასჯით კუთხეში დგომით… ნუ აიძულებთ პირით კედლისკენ დგომას! ცხოვრება ისედაც სასტიკია, ვინ იცის, რამდენჯერ მოიმწყვდევს კუთხეში, რამდენჯერ მოსთხოვს პასუხს შეცდომის გამო. თქვენ ნუ გააკეთებთ ამას. დააცადეთ იაზროვნოს, გაიზარდოს. აუხსენით, რაში შეცდა, რომ შეიძლებოდა სხვაგვარად, სწორად მოქცეულიყო. არ გამოუვიდა? არა უშავს. ამით ხომ ქვეყანა არ დაქცეულა!.. უჩვენეთ სწორი გზა საკუთარი გამოცდილებიდან…

ნუ მიაჩვევთ ბავშვებს მრისხანებას. გაუფერადეთ ბავშვობის ხანმოკლე დღეები. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ბავშვობა ბედნიერ, ტკბილ მოგონებად დარჩეთ. ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი, ბედნიერება თბილი ურთიერთობებია.
სიცოცხლეს დავხარჯავ ჩემი შვილების გასახარებლად! სულს არ დავიტოვებ მათ საამებლად!..
აჩუქეთ ბავშვებს ფერადი ბავშვობა, ბევრი სიცილი, მხიარული არდადეგები, ტკბილი შოკოლადები… ხასხასა-ხასხასა მოგონებები, რომლებსაც დრო ვერ გაახუნებს. ასწავლეთ სიცოცხლის სიყვარული. ნუ შეაშინებთ ცხოვრებით.
უშეცდომო არავინაა – ალბათ არც თქვენ! სანამ ბავშვს კუთხეში დააყენებდეთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს, ხართ თუ არა იდეალური. ნუთუ თქვენ არ დაგიშვიათ პატარ-პატარა უბოროტო შეცდომები?!.. ნუ გაზრდით ცხოვრებისგან დაჩაგრულ ადამიანს!.. გაუფრთხილდით თქვენი შვილის თითოეულ წამს! მოეფერეთ, აპატიეთ, ჩაეხუტეთ, აკოცეთ, დაარიგეთ. ასწავლეთ და ისწავლის, სწორად როგორ იცხოვროს! ძალიან მინდა, ქვეყნად ყველა ბავშვი ბედნიერი იყოს! გვიყვარდეს, დავიცვათ და გავაბედნიეროთ!” – წერდა ია ნანეიშვილი.