გიორგი ნაკაშიძე: ,,ჩვენმა ფილმმა მთავარი პრიზი აიღო და საქართველოში არც კი გაშუქდა”

გიორგი ნაკაშიძე: ,,ჩვენმა ფილმმა მთავარი პრიზი აიღო და საქართველოში არც კი გაშუქდა",,სარკე”, რუსუდან ადვაძე

,,ნიკა” რუსული კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოა. სწორედ ის მიიღო საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში ქართულმა ფილმმა, რომელშიც გიორგი ნაკაშიძე თამაშობს და რომელსაც საქართველოში ,,სრული იგნორით” შეხვდნენ. ,,სარკე” გიორგის ამ თემაზე და სხვს აქტუალურ თემებზე ესაუბრა.

გიორგი ნაკაშიძე: მთავარი პრიზი, გრან პრი ავიღეთ, როგორც უცხოენოვანმა ფილმმა, მაგრამ არ გაშუქდა.

რუსეთის კინოაკადემიის ჯილდოა, ოკუპანტი ქვეყნის…

– ქართველები რუსეთის ნაკრებს რომ ვუგებთ რაგბიში, კარგია და გვიხარია. მათ მოედანზე რომ ქართული კინო ჩადის და იმარჯვებს, როგორც უცხოენოვანი ფილმი, რატომ არ უნდა გვიხაროდეს?! როგორც ამერიკაში “ოსკარი”, ისეა იქ ,,ნიკა”.

– ფილმზე მოგვიყევით…

– ფილმს ჰქვია ,,ჩაისუნთქე-ამოისუნთქე”, სადაც სალომე დემურია თამაშობს, მე ვთამაშობ, დარეჯან ხარშილაძე… დიტო ცინცაძის გადაღებულია, პროდიუსერები კი რუსუდან გლურჯიძე, ზურა მაღალაშვილი და ირაკლი ბაღათურია არიან.

პატიმარი ქალი გამოდის ციხიდან.იმ ქალის ქმრის როლს ვთამაშობ. ქალს ოჯახში არეული სიტუაცია ხვდება, გაუცხოებულები არიან შვილები თუ ქმარი და სამყარო ინგრევა მის გარშემო.

მანამდე ამ ფილმმა შანხაის გრან პრი აიღო… როგორ პოზიციაზეც უნდა იყოს ჩვენთვის რუსეთი, იქ რომ ჩვენი ფილმი იგებს, ეს უკვე ჩვენი პრესტიჟია, თორემ როგორც ქართველი ხალხი, ისევე ვფიქრობ მეც და ამ ამბავს მივუძღვენი კიდეც ორი ფილმი, სადაც მე ვითამაშე – “ოცნებების სასაფლაო” და “მანდარინები”. სხვაგვარად როგორ შეიძლება იყოს განწყობილი ქართველი კაცი?!

– საერთოდ როგორი როლების შესრულება გიყვართ?

– კომედიური როლები მანიჭებს სიამოვნებას.

– თქვენი შვილები რა ასაკში არიან?

– 30 და 16 წლის ბიჭები მყავს.

– ოჯახი ხომ არ შეუქმნია უფროს შვილს?

– არა ჯერ. შვილიშვილი კი მინდა.

– თავად რამდენი წლის იყავით, პირველი შვილი რომ შეგეძინათ?

– 30 წლის შვილი მყავს და მე 50 წლის ვარ.

– 20 წლის ასაკში რომ უკვე ოჯახი გაქვს, ამ გადასახედიდან შეცდომად ხომ არ მიგაჩნიათ?

– სიყვარული შეცდომა არ არის. ვიღაც შეიძლება შეცდა, ვერ გააცნობიერა, მაგრამ…

– თქვენს შემთხვევაში როგორ იყო? ორი ოჯახი დაგენგრათ…

– ჩემს შემთხვევაში არ ყოფილა შეცდომა, შვილები მყავს.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”